LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კობახიძისგან განსხვავებით, ჰარცელი კეთილსინდისიერი დიპლომატია, “ოცნების” მხრიდან პარტნიორებზე თავდასხმები ყველანაირ ზღვარს გადავიდა: ვინ როგორ აფასებს კობახიძის განცხადებას

102
Untitled design (8)

ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ ევროკავშირის ელჩის მისამართით გაკეთებულ განცხადებებს ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ეხმიანებიან.

კობახიძე: ჰარცელი მხოლოდ უარყოფით როლს ასრულებდა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში

აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებ პარტია “სტრატეგია აღმაშენებელი”

“ჩვენ, “სტრატეგია აღმაშენებელი” ვგმობთ ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის მისამართით “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის დაუმსახურებელ თავდასხმას. მადლობას ვუხდით ბატონ ჰარცელს 4-წლიანი გაწეული სამსახურისთვის და სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ მას. ის არის საქართველოსა და ქართველი ხალხის ნამდვილი მეგობარი და გვინდა კიდევ ერთხელ გადავუხადოთ მადლობა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში გაწეული სამსახურისთვის და ვუსურვოთ წარმატებები. საქართველო არასდროს ივიწყებს ნამდვილ მეგობრებს!”, – აღნიშნულია განცხადებაში.

გახარია: საქართველოს მთავრობის მხრიდან ელჩების ბულინგს ვგმობ

პარტია “ლელოს” ერთ-ერთი ლიდერი, ბადრი ჯაფარიძე აცხადებს, რომ კარლ ჰარცელი კეთილსინდისიერი დიპლომატია, ირაკლი კობახიძის შეფასება კი სამარცხვინოა:

“კობახიძისგან განსხვავებით, კარლ ჰარცელი არის კეთილსინდისიერი დიპლომატი, ჩვენი ქვეყნის დიდი მეგობარი. კარლ ჰარცელმა ძალიან ბევრი გააკეთა ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობის გაღრმავებისთვის. კობახიძის შეფასება კარლ ჰარცელის მიმართ არის სამარცხვინო და „ქართული ოცნების“ სტილში გაკეთებული შეფასება, რომელიც ჩვენი ქვეყნის რეპუტაციას მხოლოდ აზიანებს და კიდევ ერთხელ აჩვენებს „ქართული ოცნებისა“ და მისი ლიდერების სახეს.

ანტიევროპული და ანტიამერიკული განცხადებები, რომელიც ჩვენ ახლა კობახიძისგან და მისი თანაპარტიელებისგან გვესმის, ემსახურება ერთ მიზანს, რომ ქვეყანა დააშორონ ევროპულ ოჯახს, დასავლურ სამყაროს და შეაფერხონ ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაცია. ეს არის მათი მიზანი და ამას ემსახურება სწორედ ეს აღვირახსნილი თავდასხმა აშშ-ის ელჩზე, ევროკავშირის ელჩზე, ევროპარლამენტის წევრებზე. ეს არის „ქართული ოცნების“ რეალური გეგმა”, – აღნიშნა ჯაფარიძემ.

ირაკლი კობახიძის დღევანდელ შეფასებას სახალხო დამცველიც ეხმიანება და აცხადებს, რომ კარლ ჰარცელისნაირ ადამიანზე მსგავსი განცხადებები პოლიტიკურადაც და ადამიანურადაც აბსოლუტურად მიუღებელი და ძალიან დიდი უსამართლობაა. 

“საქართველოს ჰქონდა პრივილეგია, რომ ჩვენთან ევროკავშირის ელჩი ყოფილიყო კარლ ჰარცელი. მას ძალიან უყვარდა ჩვენი ქვეყანა, სჯეროდა და სწამდა ჩვენი ევროატლანტიკური მისწრაფებების. მქონდა მასთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა, სადაც მითხრა, რომ სხვა პოზიციიდანაც გააგრძელებდა საქართველოს მხარდაჭერას და ყველაფერს გამოიყენებდა იმისთვის, რომ მისი პარტნიორი პოლიტიკოსებისთვის ეთხოვა, რომ საქართველო ყოველთვის იყოს ევროკავშირის პოლიტიკურ დღის წესრიგში.

ასეთ ადამიანზე მსგავსი განცხადებები პოლიტიკურადაც და ადამიანურადაც აბსოლუტურად მიუღებელი და ძალიან დიდი უსამართლობაა. კარლ ჰარცელის ელჩობის დროს, მისი პერსონიდან გამომდინარე გვქონდა ძალიან კარგი შანსი, რომ წინ ვყოფილიყავით ევროინტეგრაციის გზაზე, რაც სამწუხაროდ არ გამოვიყენეთ. ძალიან უსამართლოა ის თავდასხმები, რასაც ცუდი, არასწორი ფორმით ვხედავთ”, – განაცხადა ლომჯარიამ.

“პალიტრანიუსის” ეთერში საუბრის დროს, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ნიკა სიმონიშვილმა განაცხადა, რომ “ქართული ოცნების” მხრიდან საერთაშორისო პარტნიორებზე თავდასხმის შემთხვევები ყველანაირ ზღვარს გადავიდა:

“სამწუხაროა, ჩვენ ვხედავთ იმას, რომ „ქართული ოცნების“ მხრიდან ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებზე თავდასხმის შემთხვევები უკვე ყველანაირ ზღვარს გადავიდა. ვამბობთ ხოლმე „ფსკერი“, მაგრამ ის ფსკერიც აღარ არსებობს უკვე აქ, ამ შემთხვევაში, მით უმეტეს, როცა დღეს მოვისმინეთ კარლ ჰარცელთან დაკავშირებით გაკეთებული საშინელი განცხადება ირაკლი კობახიძის და არ ვიცი, რა შეფასება გავაკეთო”, – აღნიშნა ნიკა სიმონიშვილმა.

შეგახსენებთ, დღეს ევროკავშირის ელჩმა გამოსამშვიდობებელი ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც აღნიშნავს, რომ დადგა დრო, როდესაც დაუვიწყარი ოთხი წლის შემდეგ, საქართველო უნდა დავტოვოს.

ვიდეო: გვჯერა, რომ შექმნილ შესაძლებლობებს საქართველო გამოიყენებს – კარლ ჰარცელი საქართველოს ემშვიდობება

დღესვე, ირაკლი კობახიძემ საქართველოში ჰარცელის საქმიანობა შეაფასა და განაცხადა, რომ ჰარცელი ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობებში მხოლოდ უარყოფით როლს ასრულებდა.

ამის შემდეგ კი საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ აღნიშნა, რომ ევროკავშირის ელჩს შეეძლო უკეთ ემუშავა, რათა საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიეღო.

სამხარაძე: ჰარცელს შეეძლო უკეთესად ემუშავა, რათა საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიეღო

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები