LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეს ჰგავს პატარა პარტიების მიპატიჟებას პარლამენტში, რაღაც კონკრეტული ბენეფიტების სანაცვლოდ: მეგრელიშვილი საკონსტიტუციო ცვლილებებზე

79
ვახტანგ მეგრელიშვილი

“ბუნებრივია, 2024 წელს 5%-ს ჯობია 3%, მაგრამ, ეს არ არის ის შემოთავაზება, რომლის გამოც ოპოზიციური პარტიები გადაწყვეტენ ბოიკოტის შეწყვეტას და პარლამენტში შესვლას”, – პარტია “გირჩის” ერთ-ერთი ლიდერი საარჩევნო რეფორმისა და საპარლამენტო ფრაქციების დაკომპლექტების წესის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტს აფასებს და ამბობს, რომ ის კონკრეტული ბენეფიტების სანაცვლოდ პარლამენტში პატარა პარტიების მიპატიჟებას ჰგავს.

ვახტანგ მეგრელიშვილმა რუსთავი 2-ის ეთერში საუბრის დროს აღნიშნა, რომ სრულიად განსხვავებული იქნებოდა”ქართულ ოცნებას” ბუნებრივი ბარიერი რომ შეეთავაზებინა:

“ეს ჰგავს, რაღაცნაირად, პატარა პარტიების მიპატიჟებას პარლამენტში, რაღაც კონკრეტული ბენეფიტების სანაცვლოდ. ეს არ გამოიყურება ლამაზად.

ბუნებრივია, 2024 წელს 5%-ს ჯობია 3%, მაგრამ, ეს არ არის ის შემოთავაზება, რომლის გამოც ოპოზიციური პარტიები გადაწყვეტენ ბოიკოტის შეწყვეტას და პარლამენტში შესვლას. სრულიად განსხვავებული იქნებოდა ქართულ ოცნებას რომ შემოეთავაზებინა ის, რასაც ჩვენ, იდეაში, როგორც კონსენსუსურ და მშვიდობის მისაღწევად მნიშვნელოვან გადაწყვეტილებად ვთავაზობდით, ანუ, ბუნებრივ ბარიერს მუდმივად.” – თქვა მეგრელიშვილმა.

შეგახსენებთ, პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებები დაარეგისტრირეს. ცვლილებების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია ის, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ბარიერი 5 პროცენტიდან 3 პროცენტამდე დაიწევს.

ცვლილებების თანახმად, შემცირდება იმ დეპუტატები რაოდენობა, რომელიც ფრაქციის შექმნისთვის არის საჭირო. ფრაქციის შექმნისთვის საჭირო წევრების რაოდენობა 2020 და 2024 წლის მოწვევის პარლამენტებში 7-დან 4-მდე დაიწევს.

ამით იმ პარტიებს, რომლებმაც მიიღეს 4%-ზე ნაკლები მხარდაჭერა, ეძლევათ შესაძლებლობა, შექმნან ჯამურად 5 საპარლამენტო ფრაქცია და შესაბამისად მიიღონ დამატებითი ბერკეტები საკანონმდებლო საქმიანობის განხორციელებისა და მთავრობის კონტროლისთვის.

პოპულარულები