ერთი წლის დაგვიანებით, ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშები ოფიციალურად გაიხსნა.

სპორტული სამყარო ოლიმპიადის გახსნის ცერემონიას პირდაპირ ეთერში ადევნებს თვალს.

მოკრძალებული, მინიმალისტური სტილი და უპრეცედენტო შეზღუდვები – ასეთია პანდემიური ოლიმპიური თამაშები, რომელიც ფოიერვერკით გაიხსნა და მოედანზე თითოეული მონაწილე ქვეყნის წარმომადგენლების გამოსვლით გაგრძელდა.

მოედანზე უკვე გამოვიდნენ საქართველოს წარმომადგენლები ორი მედროშის – მიზანში მსროლელის, ნინო სალუქვაძისა და ძალოსანი ლაშა ტალახაძის მეთაურობით.

 

 

საზაფხულო თამაშების გახსნის ცერემონიას 1000-მდე პირი ესწრებოდა, ისინი უმეტესად დელეგაციების წარმომადგენლები და ოფიციალური პირები არიან.

გახსნის ცერემონიაზე წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს პანდემიის გამო გარდაცვლილთა ხსოვნას.

აქვე შეგახსენებთ, ოლიმპიადას წელს სპორტის ხუთი ახალი სახეობა ემატება: ბეისბოლი, სკეიტბორდი, კარატე, სპორტული ცოცვა და სერფინგი.

სპორტული ოლიმპიადა 17 დღის განმავლობაში გაგრძელდება და 8 აგვისტოს დასრულდება.

ღონისძიების ორგანიზატორები ამბობენ, რომ სრულად ითვალისწინებენ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციებს  უსაფრთხოების სტანდარტი შემუშავებულია WHO-სთან ერთად, რათა შეამცირონ ვირუსის გავრცელების რისკი და უზრუნველყონ თამაშების უსაფრთხოება.

ოლიმპიურ თამაშებს მხარს უჭერს თავად ჯანმო-ს დირექტორი და აღნიშნავს, რომ ის ახლა პანდემიურ მსოფლიოს ისე სჭირდება, როგორც იმედის დღესასწაული.

 

ნინო გოგილაშვილი
ავტორი

მსგავსი თემები