LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტოკიოს ოლიმპიადა მსოფლიოს ისე სჭირდება, როგორც იმედის დღესასწაული: ჯანმო-ს ხელმძღვანელი

166
1

პანდემიის ფონზე, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ხელმძღვანელი მოახლოებულ ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებს მხარდაჭერას უცხადებს და ამბობს, რომ ის ახლა მსოფლიოს ისე სჭირდება, როგორც იმედის დღესასწაული.

ტედროს ადანომ გებრეისუსმა გუშინ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის წევრების წინაშე სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ მხოლოდ ერთად მუშაობით შეიძლება დასრულდეს პანდემია და აქვე აღნიშნა, რომ ტოკიოს ოლიმპიადის ჩატარება მნიშვნელოვანია, რათა მსოფლიომ დაინახოს, თუ რისი მიღწევაა შესაძლებელი სწორი გეგმითა და ზომების დაცვით.

“ოლიმპიური ჩირაღდანი იყოს იმედის სიმბოლო პლანეტაზე.. და შეიძლება ამ მზის ამოსვლით, ამ იმედის სხივებმა გაანათოს ახალი გარიჟრაჟი მსოფლიოსთვის, რომელიც არის ჯანმრთელი, უსაფრთხო და სამართლიანი.” – განაცხადა ჯანმოს დირექტორმა.

გებრეისუსმა თქვა, რომ სურს, ეს ოლიმპიური თამაშები იყოს მოვლენა, რომელიც აერთიანებს და სოლიდარულს ხდის მსოფლიოს, რათა დასრულდეს პანდემია, მომავალი წლის შუა რიცხვებში მსოფლიოს ყველა ქვეყნის მოსახლეობის 70 პროცენტის ვაქცინაციის შედეგად.

მსოფლიოს მთავარი ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელი ამბობს, რომ ოლიმპიურ თამაშებს აქვს მსოფლიოს გაერთიანების, შთაგონებისა და შესაძლებლობების ჩვენების ძალა.

შეგახსენებთ, ტოკიოს ოლიმპიური თამაშები, რომელიც გასულ წელს უნდა ჩატარებულიყო და პანდემიის გამო შეფერხდა, ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშების სახელით სტარტს 23 ივლისს აიღებს.

მარათონის ორგანიზატორები ამბობენ, რომ სრულად ითვალისწინებენ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციებს და უამრავი ღონისძიების უსაფრთხოების სტანდარტი შემუშავებულია WHO-სთან ერთად, რათა შეამცირონ ვირუსის გავრცელების რისკი და უზრუნველყონ თამაშების უსაფრთხოება.

ამის პარალელურად, სხვადასხვა მედიასაშუალება, მათ შორის Al Jazeera წერს, რომ მთელს მსოფლიოში და იაპონიაში განვითარებულმა მოვლენებმა, ვირუსის უკონტროლო გავრცელებამ და ახალი შტამების წარმოქმნამ, საზოგადოების ნდობა შეამცირა და გაზარდა ნიჰილისტური დამოკიდებულება.

გუშინ, ტოკიოში კორონავირუსის 1 387 ახალი შემთხვევა დააფიქსირა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, იაპონიაში აღრიცხულია 844 014 შემთხვევა.

ქვეყნის ჯანდაცვის უწყებაში ამბობენ, რომ იაპონიაში ვირუსის ათობით შემთხვევა უკვე დაკავშირებულია ოლიმპიურ თამაშებთან, მათ შორისაა უამრავი სპორტსმენი, რამაც კიდევ უფრო შეამცირა საზოგადოების ნდობა ოლიმპიური თამაშებისა და მარათონზე დაცული უსაფრთხოების სტანდარტის მიმართ.