“დემოკრატიის ისტორიაში არჩევნების ყველაზე მასშტაბური გაყალბება” – ასე აფასებს ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ახლად ჩატარებულ არჩევნებს და ახლად ჩამოყალიბებულ სამთავრობო კოალიციას უდიდეს საარჩევნო თაღლითობას უწოდებს.
ისრაელის ოპოზიციის ლიდერმა მმართველი კოალიციის შექმნაზე შეთანხმებას მიაღწია
ნეთანიაჰუს განცხადებით, მოსახლეობა თავს მოტყუებულად გრძნობს და ისინი მიღებულ შედეგებს არ უნდა შეეგუონ.
შეგახსენებთ, 23 მარტს ისრაელში საპარლამენტო არჩევნები გაიმართა, შედეგად კი პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს პარტიამ “ლიკუდმა” პარლამენტში უმრავლესობის მოსაპოვებლად საკმარისი რაოდენობის მანდატების მიღება ვერ შეძლო.
ნეთანიაჰუმ კოალიციური მთავრობის ფორმირება ვერ შეძლო, თუმცა ეს მოახერხა არჩევნებში მეორე ადგილზე გასული პარტიის ლიდერმა იაირ ლაპიდმა.
ისრაელის 8 ოპოზიციურმა პარტიამ ახალი მთავრობის ჩამოყალიბებაზე შეთანხმებას მიაღწია. ოპოზიციის მიერ მიღწეული შეთანხმების მიხედვით კი ისრაელის პრემიერ-მინისტრი მემარჯვენე პარტია “იამინას” ლიდერი ნაფტალი ბენეტი გახდება, ორი წლის შემდეგ კი პოსტს “მომავლის პარტიის” ლიდერს, იაირ ლაპიდს დაუთმობს.
ბენიამინ ნეთანიაჰუს პრემიერ-მინისტრის თანამდებობა 12 წელია უკავია.
დასავლური მედია წერს, რომ მას კორუფციის, მოსყიდვისა და თაღლითობის ბრალდებით მიმდინარე სასამართლო პროცესის ფონზე, როგორც პოლიტიკური გადარჩენისთვის, ასევე საკუთარი თავისუფლებისთვის ბრძოლა მოუწევს.