LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არასათანადო მკურნალობა, გარდაცვლილი პატიმრები, პოლიციელების მხრიდან არასათანადო მოპყრობა და გახმაურებული საქმეების გამოძიება – ომბუდსმენი პარლამენტს ანგარიშს აცნობს

85
ნინო ლომჯარია

ფსიქიატრიულ სტაციონარში მოთავსებული პირების არასათანადო მკურნალობა, გარდაცვლილი პატიმრები, პოლიციელების მხრიდან არასათანადო მოპყრობის მაჩვენებელი, გიორგი შაქარაშვილის, თემირლან მაჩალიკაშვილის, ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნების მკვლელობის საქმე – ეს იმ ფაქტების არასრული ჩამონათვალია, რომელიც სახალხო დამცველის 486 გვერდიან ანგარიშში მოხვდა და რომელსაც ნინო ლომჯარია ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალქო ინტეგრაციის კომიტეტში კანონმდებლებს აცნობს.

შევისწავლეთ გარდაცვლილი პატიმრების 17 საქმე, დადგინდა, რომ მათ ჰქონდათ მნიშვნელოვანი პრობლემები, რაზეც სათანადო მკურნალობა არ გაუწიეს: სახალხო დამცველი

►  ომბუდსმენმა ჯანმრთელობის პრობლემების მქონე გარდაცვლილი პატიმრების საქმეზე ისაუბრა, სადაც პენიტენციური სისტემის ჯანდაცვის არასათანადო ხარისხი გამოიკვეთა;

►  სახალხო დამცველმა ყურადღება გაამახვილა ფსიქიატრიულ სტაციონარში მოთავსებული პირებისთვის ფიზიკური ჯანმრთელობის პრობლემების არასათანადო მკურნალობაზე, რაც პაციენტთა გარდაცვალებას იწვევს;

►  ისაუბრა გიორგი შაქარაშვილის, თემირლან მაჩალიკაშვილის და ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნების მკვლელობის გამოძიების საქმეებზე;

►  ლომჯარიამ აღნიშნა, რომ ადმინისტრაციული წესით დაკავებულ პირთა მიმართ პოლიციელების მხრიდან არასათანადო მოპყრობის მაჩვენებელი გაზრდილია. დაკავებისას ან დაკავების შემდეგ სხეულის დაზიანების შესახებ შესწავლილ 463 საეჭვო შემთხვევაში 34.3%-ში დაფიქსირდა. ეს მაჩვენებელი 2018 წელს – 26.8%, ხოლო 2019 წელს 31.8% იყო;

►  ანგარიშის მიხედვით, არაფორმალური მმართველობის გამო, 2020 და 2021 წლებში სხვადასხვა დროს ქსნის N15, გლდანის N8 და N17 დაწესებულებებში პატიმართა კონკრეტულმა ჯგუფმა სახალხო დამცველის წარმომადგენლებს მონიტორინგის ჩატარების საშუალება არ მისცა.

სახალხო დამცველი არასათანადო მოპყრობად აფასებს პატიმართა, მათ შორის, არასრულწლოვან ბრალდებულთა დეესკალაციისა და სამარტოო საკნებში დიდი პერიოდით, ხშირად, დასჯის მიზნით და დაუსაბუთებლად მოთავსების პრაქტიკას:

“არასათანადო მოპყრობას უტოლდება ზოგიერთ ფსიქიატრიულ დაწესებულებაში არსებული საყოფაცხოვრებო პირობები, ფიზიკური ძალადობისა და სიტყვიერი შეურაცხყოფის შემთხვევები, როგორც თანამშრომელთა მხრიდან პაციენტების მიმართ, ისე თავად პაციენტებს შორის. არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას წარმოადგენს სწრაფი ტრანკვილიზაციის პრაქტიკა და ასევე, მკურნალობის ნაცვლად, ფიზიკური და ქიმიური შეზღუდვის საშუალებების გამოყენება.” – აღნიშნულია დოკუმენტში.

ომბუდსმენი აღნიშნავს, რომ პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების მექანიზმი გამართულად არ მუშაობს.

“ყოველთვიურად არაერთი შემთხვევაა, როდესაც პირის გათავისუფლება არ ხდება, მაშინ როცა უფრო მკაცრი და უარყოფითი შეფასების მქონე პირი თავისუფლდება. პატიმრებს გაურკვევლობის, არასამართლიანობის და ბუნდოვანების შეგრძნება აქვთ, რაც აუცილებლად უნდა დასრულდეს სამართლიანი სასამართლოს უფლების თავში საუბარია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესში გამოვლენილ უკიდურეს დარღვევებზე და გაუმჭვირვალობაზე, დისტანციური სასამართლო პროცესების ხარვეზზე, სწრაფი და ეფექტიანი მართლმსაჯულების უზრუნველყოფის პრობლემებზე.” – თქვა ლომჯარიამ.

ანგარიშში მოხვდა:

➤  ყოფილი გენერალური აუდიტორის ლაშა თორდიას ცემის ფაქტზე დაწყებული გამოძიება;

➤  გიორგი რურუას მიმართ პენიტენციურ დაწესებულებაში, ადვოკატის დაუსწრებლად ჩატარებული იძულებითი საგამოძიებო მოქმედება;

➤  ნიკანორ მელიას სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის ფაქტი;

➤  დავით გარეჯის საქმე.

სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ მელაშვილისა და ილიჩოვას მსჯავრდება ეწინააღმდეგება კანონიერების პრინციპს, რადგან საქმის მასალების მიხედვით, მათ მოქმედებაში არ იკვეთება რაიმე ტიპის აკრძალული ელემენტი, ბოროტი განზრახვა, რაც მათ საექსპერტო საქმიანობას დანაშაულად აქცევდა.