LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“არანაირი წინააღმდეგობა არ გაუწევია, გულის არეში ჰქონდა ნასროლი” – რას ჰყვება წყნეთში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით თვითმხილველი

169
იუო6ტ7

გუშინ ღამით წყნეთში, გუდიაშვილის ქუჩაზე მომხდარ შემთხვევას 30 წლის მამაკაცი ემსხვერპლა.

მოგვიანებით სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც უფროს დეტექტივს იარაღიდან შემთხვევით გაუვარდა, რის შედეგადაც ახალგაზრდა მამაკაცი დაიღუპა. ძველი თბილისის მე-4 სამმართველოს უფროს დეტექტივი დააკავეს. 

მომხდართან დაკავშირებით ცნობილი ხდება ახალი დეტალები, რომელზეც თვითმხილველი “ინტერპრესნიუსთან” საუბრობს.

სააგენტოსთან საუბრის დროს თვითმხილველი აღნიშნავს, რომ მამაკაცი, რომელიც პოლიციელის გასროლის შედეგად გარდაიცვალა, შემთხვევამდე რამდენიმე წუთით ადრე “მიწას თხრიდა, სადაც, სავარაუდოდ, ნარკოტიკულ საშუალებას ეძებდა”.

“გუშინ, დაახლოებით, 7-ის ნახევარზე მოხდა. აქ ტაქსით ამოსულა, ტაქსი ელოდებოდა. ეს ბიჭი ნაძვის ძირში მიწას ხელით თხრიდა. მე მგონი, თვითონ პოლიციელმა იპოვა ნარკოტიკი. ერთი გასროლის ხმა იყო, მერე გაივსო ტერიტორია პოლიციელებით. გარდაცვლილს არანაირი იარაღი არ ჰქონია, მისი ქურთუკი გვერდით ეგდო, გაჩხრიკეს, საბუთებიც არ ჰქონდა, არანაირი წინააღმდეგობა არ გაუწევია. გულის არეში ჰქონდა ნასროლი”, – განაცხადა თვითმხილველმა.

კიდევ ერთი ინფორმაციით, გასროლა მაშინ მოხდა, როცა “პოლიციელი და პირი ერთმანეთს ეჯაჯგურებოდნენ”. არსებული ცნობით, გვესელიანმა პოლიციის გამოჩენისას, სავარაუდოდ, ნარკოტიკების ნაწილი გადაყლაპა, დარჩენილი ნაწილის გადაყლაპვის საშუალება კი მას პოლიციელმა არ მისცა.

“ამ მიზეზის გამო ერთმანეთს ეჯაჯგურებოდნენ, რა დროსაც გასროლა მოხდა” – განუცხადა წყარომ IPN-ს.

როგორც სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული:

“საქმეზე ჩატარებული გადაუდებელი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების შედეგად დგინდება, რომ 2022 წლის 18 აპრილს, წყნეთში, ლ.გუდიაშვილის ქუჩის მიმდებარედ, ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მე-4 სამმართველოს უფროს დეტექტივს ნარკოტიკული საშუალების შესაძლო უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტთან დაკავშირებით შემთხვევის ადგილზე გამოცხადებისას, დაკავების ღონისძიების განხორციელების დროს, შემთხვევით გაუვარდა სამსახურებრივი იარაღიდან, რის შედეგადაც ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა”, – ნათქვამია განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები