„რუსთავი 2“-ის დილის გადაცემა „ფორტუნას“ სტუმრობდა და რადიოჰოლდინგის მიერ ექვსი წლის წინ დაარსებული წლის სიმღერის დაჯილდოების, „ოქროს ტალღა 2019“-ის შესახებ მოუთხრო ტელემაყურებელს.

როგორც რადიოჰოლდინგის პიარსამსახურის უფროსმა, თათა სადრაძემ განაცხადა, წლევანდელი წელი გამორჩეულია იმით, რომ ის „ქუინს“ ეძღვნება და მისი სპეციალური სტუმარი მარკ მარტელია. რაც შეეხება თავად დაჯილდოებას, როგორც თათა სადრაძემ აღნიშნა: „მიხარია, რომ 150 ნამუშევარია შემოსული. „ფორტუნას“ მუსიკალური ხელმძღვანელებმა ჟიურის წევრებს შესთავაზეს ბაზა, თავის მხრივ ჟიურიმ დიდი შრომა გასწია, რომ სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებული გამოევლინათ. სულ პრიზები 15 ნომინაციაში გაიცემა. მსმენელს შეუძლია, მისთვის საყვარელ ნამუშევარს მისცეს ხმა goldenwave.ge-ს საშუალებით, რათა გამოავლინოს ერთი ნომინაციის, „ინტერნეტრჩეულის“ გამარჯვებული“.

ქეთი ფარესაშვილი: „მე და ლაშა ღლონტი ვართ ამ კონკურსის გამარჯვებულები. ძალიან მიყვარს „ოქროს ტალღა“. ყოველთვის დიდ სტიმულს გვაძლევს რადიო „ფორტუნა“ და „ოქროს ტალღა“. მომღერლისთვის ასეთი ხელშეწყობა და დაფასება ძალიან მნიშვნელოვანია. ნამდვილად წამხალისებელია. მთელი წელი ველოდები ხოლმე. წელსაც ვარ წარდგენილი“.

საინტერესო ეთერს „შვიდკაცას“ წევრები შეუერთდნენ. როგორც მისმა წევრმა, გიორგი ლომთათიძემ აღნიშნა: „ჩვენ არაერთხელ მივიღეთ მონაწილეობა და არაერთხელ დავჯილდოვდით, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი კონკურსია, შენივე მსმენელი გაფასებს, რაც დიდი სტიმულია. მინდა, თითოეულ მონაწილეს და „ოქროს ტალღას“ ვუსურვო წარმატება. ჩვენ წარდგენილები ვართ მაცაცო სებისკვერაძის სიმღერით „მხარე ლამაზი“ და გვაქვს კარგი მოლოდინები“.

„შვიდკაცამ“ „ოქროს ტალღაზე“ წარდგენილი სიმღერა „რუსთავი 2“-ის დილის გადაცემის პირდაპირ ეთერში შეასრულა.

შეგახსენებთ, რომ ღონისძიება 11 ივნისს არის დაგეგმილი, მას თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი მასპინძლობს.

კატეგორიები: სიახლეები

მსგავსი თემები