უკვე 4 ათწლეულია, რაც თბილისობა ოქტომბრის პირველ შაბათ-კვირას ბევრისთვის დაუვიწყარს ხდის. თბილისობა ფერებთან, ხალისთან, კონცერტებსა და სასიამოვნო ისტორიებთან ასოცირდება. დღესასწაულის დადგომასთან ერთად ქალაქი თითქოს დროში მოგზაურობას იწყებს. შემოდგომის ეს დღესასწაული თბილისის სტუმრებს საშუალებას აძლევს, არა მარტო მასპინძელი ქალაქის, არამედ ქვეყნის სხვადასხვა კუთხის ტრადიციებს გაეცნონ, დააგემოვნონ ქართული სამზარეულოს კერძები და სამახსოვროდ ხელნაკეთი სუვენირები შეიძინონ. რაღაც პერიოდში თბილისობას თითქოს „სახელი გაუფუჭდა“ და გადამეტებულ ჭამა-სმასთან ასოცირდებოდა, თუმცა ბოლო წლებში კვლავ დაიბრუნა დღესასწაული იერი და ამ მხრივ მდომარეობა გამოსწორდა.
სახალხო ზეიმის მასშტაბი წელს გაიზარდა და ახალი ლოკაციები მოიცვა. დაგეგმილი აქტივობების ჩამონათვალი წელს დიდი იყო და წინა წლების მსგავსად კვლავ გაჯერებული იყო კონცერტებით, ბაზრობებითა და ხალხური რეწვის ნაწარმის გამოფენა-გაყიდვით.

 

თბილისობის ტრადიცია სათავეს 1979 წლიდან იღებს, როდესაც საბჭოთა ხელისუფლების კერძოდ შევარდნაძის გადაწყვეტილებით პირველად აღინიშნა დღესასწაული. პირველივე თბილისობამ მისი ხასიათი განსაზღვრა და გადაწყდა, რომ დღესასწაული ყოველწლიურად უნდა აღნიშნულიყო. თბილისობის მოწყობის იდეა ძველი ცხოვრების სურათების გაცოცხლება იყო, დედაქალაქში წარსულის და აწმყოს შეხვედრა უნდა მომხდარიყო. იდეა მალე რეალობად იქცა და მასში საქართველოს მოსახლეობა სიამოვნებით ჩაერთო. წლიდან წლამდე თბილისობას სიხარულით ელოდებოდნენ.

წელს თბილისობის დღესასწაული გია ყანჩელის ხსოვნას მიეძღვნა. მან თავისი მუსიკით წარუშლელი კვალი დატოვა. ლეგენდარული კომპოზიტორი, რომელმაც არა მარტო სამშობლოში, არამედ საერთაშორისო მასშტაბითაც გაითქვა სახელი, 84 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ნატა კალანდაძე
ავტორი

მსგავსი თემები