LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიოში ერთადერთი რეცეპტების მუზეუმია და ის თბილისშია (ვიდეო)

203

ერთი წლის წინ თბილისში ორიგინალური მუზეუმი გაიხსნა, რომელსაც ანალოგი არ აქვს. ეს არის პირველი და ერთადერთი რეცეპტების მუზეუმი მსოფლიოში. აქ შეხვდებით ქართული რეცეპტების კოლექციას, შეზავებული სუნელების ასორტიმენტს. როგორც მუზეუმის დამფუძნებელი და იდეის ავტორი მაკო ქავთარაძე გვიყვება, ამ საინტერესო წამოწყების მიზანი ქართული რეცეპტების პოპულარიზაცია და მომავალი თაობებისთვის შემონახვაა. მისი თქმით, ამ სივრცეში კულინარიული ექსპერიმენტების ჩატარებაც შესაძლებელია, რაც კულინარიის განვითარებას და თანამედროვე მიმართულებით ახალი ტექნიკების დახვეწას უწყობს ხელს. ამ ექსპერიმენტში ტურისტების ჩართულობა საქართველოში გასტროტურიზმის გამრავალფეროვნებისთვის უმნიშვნელოვანესია.

მუზეუმი ყოველ დღე არც თუ ისე ადვილ ეტაპებს გადის. რეცეპტების შეგროვებასთან ერთად, სხვა დაბრკოლებების გადალახვაც უწევს. როგორც მაკო გვიყვება, ეს იდეა უცხოელ დამთვალიერებლებსაც მოსწონთ.

ქართული სამზარეულო მსოფლიოში ერთ-ერთი გამორჩეულია. აქ მარტო ყველის 250 სახეობაა. გამორჩეული გემოს სანელებლები, ხორცისა და ბოსტნეულის კერძების სიმრავლე, მადისაღმძვრელი ხაჭაპური, ხინკალი, საცივი, ტყემალი გულგრილს არავის ტოვებს. ქართული კულინარიის სტილი საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბდა. დიდი განსხვავებაა ქვეყნის რეგიონულ სამზარეულოებს შორის. აღმოსავლეთ საქართველოში ხორცის, ღვინის, პურეულისა და ცხოველური ცხიმების სიჭარბე შეინიშნება, დასავლეთ საქართველოს სამზარეულო კი ნიგვზითა და წიწაკით შეზავებული საწებლების, მხალეულის და რძის პროდუქტების კერძებით გამოირჩევა.

მუზეუმს ფეისბუქ გვერდიც აქვს, სადაც საზოგადოებას სხვადასხვა კერძის მომზადების ინსტრუქციის ნახვა შეუძლიათ.

დღეს მუზეუმის კარი დამთვალიერებლისთვის ღიაა და მათ ბევრ საინტერესო წიგნებთან, ჩანაწერებსა და ხელნაწერებთან ერთად სხვადახვა მასტერკლასებსა და ღონისძიებებსაც სთავაზობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები