ინტერნეტი ინფორმაციის გადაცემისთვის სრულყოფილი უნივერსალური საშუალებაა. ადამიანის ცხოვრება მის გარეშე დღეს ძნელად წარმოსადგენია. ეს უსასრულო გლობალური ქსელი, ადამიანს შესაძლებლობას აძლევს 24 საათის განმავლობაში, მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, მიიღოს და გაუზიაროს სხვებს ინფორმაცია, უყუროს ფილმებს, წაიკითხოს ელექტრონული წიგნები, შეიძინოს მეგობრები. ინტერნეტმა ურთიერთობები გაამარტივა, ადამიანებს მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან შეუძლიათ ერთმანეთს ეკონტაქტონ.

დღეს ინტერნეტის საერთაშორისო დღეა. მისი შექმნის კონკრეტული თარიღი არ არსებობს, თუმცა გარდამტეხად შეიძლება 1969 წელი ჩაითვალოს, როდესაც ერთმანეთისგან 640 კილომეტრით დაშორებული კომპიუტერების პირველი კავშირი შედგა.

თავდაპირველად ამ რთული მაღალტექნოლოგიური ქსელის საშუალებით მხოლოდ ინფორმაციის გაგზავნა და მიღება იყო შესაძლებელი, იმ დროისთვის ეს დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი გახლდათ, რადგან მანამდე ინფორმაციის გაგზავნა/მიღება მხოლოდ ფაქსით იყო შესაძლებელი.

1990 წელს (ინტერნეტთან) სატელეფონო ხაზის გამოყენებით პირველი შეერთების შემდეგ, ინტერნეტი მარტივი და ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდა. მასში საზოგადოება მასობრივად ჩაერთო. 5 წლის განმავლობაში მომხმარებელთა რიცხვი 50 მილიონამდე გაიზარდა.

2010 წელს ინტერნეტით სარგებლობა კოსმოსშიც გახდა შესაძლებელი. პირველად კოსმოსიდან კოსმონავტმა მეუღლისთვის საჩუქარი შეუკვეთა.

რაც შეეხება ქართულ ინტერნეტს, პირველი ქართული ვებ გვერდი 1996 წელს, პრეზიდენტ გამსახურდიას წარმომადგენელმა ევროპაში, რენო სირაძემ სახლწოდებით “დედაენა“ შექმნა.