ბათუმის კორტების სცენა უკვე მეცამეტედ მთავარ მუსიკალურ ეპიცენტრად გადაიქცა, რაც ნიშნავს იმას, რომ ბათუმის შავი ზღვის ჯაზფესტივალმა სტარტი აიღო. სამი დღის განმავლობაში, 18-20 ივლისის ჩათვლით, მელომანების წინაშე მსოფლიოში ცნობილი მუსიკოსები წარდგებიან.
პირველი, ვინც დამსწრე საზოგადოებას ეწვია, კორი ჰენრი და მისი ბენდი The Funk Apostles იყვნენ. ფესტივალიც ტრადიციულად მასშტაბურად და ემოციურად გაიხსნა. მუსიკის სიყვარულით გაერთიანებული მელომანები მუსიკოსების მიერ შეთავაზებულმა კონცერტმა გულგრილი არ დატოვა.

,,გრემის” მფლობელმა მუსიკოსმა კორი ჰენრიმ მუსიკალური კარიერა 2006 წელს დაიწყო. გოსპელის, ჯაზისა და ფანკის შემსრულებელი ვოკალისტის მუსიკალური კარიერის პირველი ნაბიჯები ცნობილ არტისტებს და მასშტაბურ საკონცერტო ტურს უკავშირდება. მას ისეთ მუსიკოსებთან უთანამშრომლია, როგორებიც არიან Kenny Garrett, Snarky Puppy, Michael McDonald და სხვები. კარიერის განმავლობაში კი ორღანისტსა და პიანისტს სამი ალბომი აქვს გამოშვებული, რამაც მსოფლიო ჩარტების მოწინავე პოზიციები სხვადასხვა დროს სწრაფადვე დაიკავა.

შეგახსენებთ, რომ ბათუმის შავი ზღვის ჯაზფესტივალი 20 ივლისს ლეგენდარული ბრიტანული ჯგუფის ინკოგნიტოს კონცერტით დაიხურება, მანამდე 19 ივლისს მსენელის წინაშე ქართული ჯგუფი მოკუმოკუ და ჰოლანდიური ფანკ-ჯგუფი„Kraak & Smaak“ წარდგებიან. ფესტივალის ოფიციალური რეზიდენტ Dj კი არტისტი დავით მაჩაიძე – DJ. MACHAIDZE გახლავთ. მუსიკალურ ღონისძიებას თიბისი სტატუსი და კომპანია ,,ისთერნ ფრომოუშენსი”წარმოადგენენ. პროექტი „ჩექ ინ ჯორჯიას“ ფარგლებში ხორციელდება.