LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყველაზე დიდი შეცდომა უკან დახევაა, ადამიანებს ეშინიათ ან სურვილი არ უჩნდებათ მოიძიონ სხვა გზები – ელდარ პირმისაშვილი გადაცემაში ,,წარმატების ფორმულა”

10
wamratebis-formula622

გადაცემის ლაივი LIVE

21 ივნისს რადიო ,,ფორტუნას” და გვანცა ლაღიძის გადაცემას ,,წარმატების ფორმულა” სტრატეგიული კომუნიკაციების სააგენტოს ,,პერიტუს გრუპის” და მარკეტინგული კომპანიის influencer.ge-ს დამფუძნებელი, საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი ელდარ პირმისაშვილი სტუმრობდა, რომელმაც პიარის სპეციფიკასა და თავისებურებებზე ისაუბრა.

კომუნიკაციების სფეროში ბაკალავრის და დოქტორის ხარისხის მიღების შემდეგ, სამუშაო გამოცდილება ელდარმა გაეროს, ევროკავშირის, მსოფლიო ბანკის და ამერიკის განვითარების სააგენტოს პროექტებზე მუშაობით შეიძინა. არის ცხრა სატრენინგო კურსის და წიგნის „10 ნაბიჯი პიარ გეგმის შესადგენად“ ავტორი, კითხულობს ლექციებს ჯიპას, კავკასიისა და საქართველოს უნივერსიტეტებში.

– ელდარ, დღეს ძალიან წარმატებული პიარ სპეციალისტი ბრძანდებით, თავიდანვე ამ სფეროში გსურდათ მუშაობა თუ თანამედროვე საზოგადოების მოთხოვნების შესაბამისად აირჩიეთ ეს პროფესია?

– 15 წლის წინ, როცა საზოგადოებასთან ურთიერთობის ფაკულტეტზე ვაბარებდი, საერთოდ არ ვიცოდი რა სფეროში მომიწევდა მუშაობა, რადგან ძალიან მწირი ინფორმაცია მქონდა, თუმცა ქვეცნობიერად მაინც საკუთარი ინტერესების და უნარების გათვალისწინებით ავირჩიე პროფესია. ყოველთვის ძალიან მომწონდა ფართო საზოგადოებასთან, ადამიანებთან ურთიერთობა და სხვადასხვა ღონისძიებაში მონაწილეობა, ამიტომ ენთუზიაზმით შევუდექი სწავლას და სწრაფად ავუღე ალღო ჩემს პროფესიას.

– “თუ გინდა გახდე კარგი მრჩეველი, დაუჯერე სხვის რჩევებს” – სწორედ ასე ჟღერს თქვენი ცნობილი ფრაზა. თავად ვის თვლით საუკეთესო მრჩევლად?

– საუკეთესო მრჩევლად ჩემი სფეროს უცხოელ სპეციალისტებს, ე.წ. სპიკერებს ვთვლი, ვის ნაშრომებსაც ხშირად ვეცნობი. რა თქმა უნდა, არ არსებობს ადამიანი, რომელმაც ყველაფერი იცის. ზოგადად ადამიანების ორი კატეგორია არსებობს – ის, ვინც მინიმალურით კმაყოფილდება და ის, ვინც მუდმივად ალტერნატივას ეძებს. პირადად მე მეორე კატეგორიას მივეკუთვნები, როცა მივხვდი, საერთაშორისო პროფესიას ვეუფლებოდი, საქართველოში სწავლა კი, საკმარის განათლებას არ მაძლევდა, საზღვარგარეთ დავიწყე კურსების და ტრენინგების ძებნა. სწორედ ასე გავაფართოვე საკუთარი სამყარო და თვალსაწიერი, უამრავი საინტერესო ადამიანი გავიცანი და უზარმაზარი გამოცდილება შევიძინე მათთან ურთიერთობით. მართალია, წლების წინ საზღვარგარეთ მოგზაურობა ნამდვილი ფუფუნება იყო, მაგრამ გაწეული ხარჯი და მონდომება ნამდვილად ღირდა შეძენილ გამოცდილებად. ვფიქრობ, მთავარი საკუთარი ცოდნის, გამოცდილების სხვისთვის გაზიარებაა, რადგან ასე თვითონაც ბევრად მეტს სწავლობ, ცნობილი გამოთქმაც კი არსებობს – “თუ გინდა ისწავლო, ასწავლე სხვას”, რაც ზუსტად ერგება ჩემს მოსაზრებას. სხვათა შორის, უნივერსიტეტებთან თანამშრომლობაც ასე დავიწყე, რამდენიმე უფასო რეკომენდაციის შემდეგ, ლექციების წაკითხვა შემომთავაზეს.

– მდიდარი გამოცდილების მიუხედავად, მაინც აქტიურად აგრძელებთ სწავლას და განვითარებას,

– ძალიან მიყვარს მრავალფეროვნება, ამიტომ მიჭირს ერთ ორგანიზაციაში დიდხანს მუშაობა. ბაკალავრიატში სწავლისას მივხვდი, რომ ინდივიდუალურად, საკუთარი თავისთვის მუშაობა უფრო შედეგიანი იყო, ვიდრე რომელიმე კონკრეტული კომპანიისთვის, რადგან ყველა იდეის სწრაფად და ჩემებურად განხორციელება მინდოდა, გაჭიანურების შემთხვევაში კი, ინტერესს ვკარგავდი. მართალია, თავიდან ნაკლებად, მაგრამ დღეს თავისუფლად შემიძლია პროექტების შერჩევა და უინტერესო სამუშაოზე უარის თქმა.

– რას საქმიანობს ,,პერიტუს გრუპი”?

– მართალია, 10 წელია ბაზარზე ვართ, მაგრამ ძალიან ბევრმა არ იცის, რას ნიშნავს სტრატეგიული კომუნიკაცია და პიარი, ჩვენ ერთის მხრივ, განათლებას და ინფორმაციის მიწოდებას, მეორეს მხრივ მომსახურებას ვთავაზობთ მსურველებს და მეტწილად იმ კომპანიებთან ვთანამშრომლობთ, ვისაც კარგად ესმის რას გულისხმობს სტრატეგიული კომუნიკაცია და სჭირდება გრძელვადიანი გეგმა.

– რა ცვლილებების განხორციელება გაიძულათ პანდემიამ?

– პანდემიამდე ჩვენი სტრატეგიების მხოლოდ 30-40% იყო ციფრულ სამყაროზე ორიენტირებული, პანდემიის პერიოდში კი 70%-მდე გაიზარდა. მართალია, ჩვენ თავიდანვე მივხვდით, რომ დიდხანს მოგვიწევდა ამგვარ რეჟიმში მუშაობა, ამიტომ სწრაფად შევძელით რეაგირება, მაგრამ კომპანიებს, რომლებიც ჩვენთან თანამშრომლობენ, რამდენიმე კვირა დასჭირდათ ადაპტირებისთვის.

– გაქვთ თუ არა საამაყო პროექტი?

– ძალიან დავინტერესდი გაეროს განვითარების პროგრამით გენდერულ თანასწორობაზე, რადგან მანამდე მხოლოდ ზედაპირული ცოდნა მქონდა, კამპანიაში ჩაბმის შემდეგ კი აღმოვაჩინე, რამდენად მნიშვნელოვანი იყო ეს თემა საზოგადოებისთვის. პროექტზე 7 წლის წინ ვმუშაობდი და ძალიან მიხარია, რომ დღეს რადიკალურადაა საზოგადოების აზრი შეცვლილი. ვფიქრობ, პოზიტიურ ცვლილებებში მე შევიტანე ჩემი წვლილი.

– რა გეგმები გაქვთ სამომავლოდ?

– ძალიან გვინდა, რომ ,,პერიტუს გრუპმა” გლობალური მასშტაბები შეიძინოს და ბევრად მეტი საერთაშორისო პროექტი მივიღოთ. მართალია, თავისუფლად შემიძლია ევროპის ნებისმიერ ქვეყანაში მუშაობა, მაგრამ მაინც საქართველოში მირჩევნია დარჩენა, რადგან ერთის მხრივ, ძალიან კომფორტულად ვგრძნობ თავს, მეორეს მხრივ, ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვან საქმეს ვაკეთებ ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის.

– ახალი წიგნზე ხომ არ მუშაობთ?

– წიგნის დაწერა ბაზრის მოთხოვნამ მაიძულა. კომპანიებსა და ბრენდებს ნაკლებად ესმოდათ  გრძელვადიანი სტრატეგიის სარგებელი, მე კი, ერთგვარი გზამკვლევით ვცადე მათი დახმარება. მიხარია, რომ ჩემი ნაშრომით 100-მდე კომპანია სარგებლობს. შემდეგი წიგნი უფრო პიარ-კამპანიებს მიეძღვნება, რადგან თანამედროვე მსოფლიოში ძალიან აქტუალურია ყველა იდეისა და მიმართულების ერთიან გზავნილში გაერთიანება.

– როგორ ამხნევებთ საკუთარ თავს კრიზისის დროს?

– პირველ რიგში წინაღობის მიზეზს ვარკვევ, რადგან სწორედ გაურკვევლობით ვუშვებთ შეცდომებს. ჩემი აზრით, ყველაზე დიდი შეცდომა უკან დახევაა, ადამიანებს ეშინიათ ან სურვილი არ უჩნდებათ მოიძიონ სხვა გზები, მე კი, მუდმივად პრობლემის გადაწყვეტის ალტერნატიულ ვარიანტებს ვეძებ.

– როგორ წარმოგიდგენიათ იდეალური საქმიანი პარტნიორი?

– მთავარი ურთიერთგაგება და ნდობაა. ხშირად ადამიანებს წარმოდგენა არ აქვთ რა უნდათ და მოთხოვნებიც უცნაური აქვთ, ჩვენ კი, სწრაფად ვხვდებით რამდენად წარმატებული ან წარუმატებელი იქნება პროექტ და პარტნიორსაც პირდაპირ ვეუბნებით.

– ძალიან მშვიდი და გაწონასწორებული ადამიანი ხართ. ოდესმე თუ გამოხატავთ ბრაზს თანამშრომლებთან?

–  ვცდილობ ყველაფერს იუმორით შევხედო, თუმცა იშვიათად ვბრაზობ, რადგან ძალიან მეგობრული გარემო გვაქვს სამსახურში.

– რამდენად სწრაფად იღებთ გადაწყვეტილებას?

– მართალია, ნაკლებად რისკიანი ვარ, მაგრამ გადაწყვეტილების მიღება მაინც არასდროს მაშინებს.

ბლიცკითხვები:

– საყვარელი კერძი, რომელსაც თვითონაც ამზადებთ?

– პიცა.

– სად ისვენებთ ყველაზე კარგად?

– სახლში, რადგან კარგად მაქვს მოწყობილი და ძალიან კომფორტულად ვგრძნობ თავს.

– ჩაცმის რა სტილს ანიჭებთ უპირატესობას?

– ყოველთვის ის სამოსი მაცვია, რომელიც მომწონს.

– რამდენად მოგწონთ ჟურნალისტებთან ურთიერთობა?

– ძალიან მომწონს, რადგან უამრავი მეგობარი მყავს ჟურნალისტებს შორის.

– სპორტის საყვარელი სახეობა?

– ძალიან მიყვარს ჩოგბურთი.

– რა თვისებას აფასებთ ადამიანში ყველაზე მეტად?
– გულწრფელობას.

– საჩუქარი, რომელიც ყოველთვის გახარებთ?

– ნებისმიერი საჩუქარი სასიამოვნოა.

– რას დახატავდით გადაცემაში “წარმატების ფორმულა”?

– ჰარმონიას.

– თქვენი აზრით, რა თვისებები უნდა ჰქონდეს ადამიანს წარმატების მისაღწევად?

– მთავარი ანალიზის და სწრაფად რეაგირების უნარია. ძალიან მნიშვნელოვანია თვითმოტივაცია, ორგანიზებულობა და თანმიმდევრულად მოქმედება.

გადაცემის პოდკასტი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები