LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„წინანდლის ფესტივალი“ სწორედ იმ მუსიკოსებს უმასპინძლებს, ვინც მუდმივად ხვდება მსოფლიო მუსიკალური პრესის ყურადღების ცენტრში” – დავით საყვარელიძე

9
davit-sayvarelidze-art-fm19

გადაცემის ლაივი LIVE

16 ივლისს რადიო „ფორტუნას“ და თათა სადრაძის გადაცემას „არტ-FM“ ბატონი დავით საყვარელიძე სტუმრობდა, რომელმაც „წინანდლის საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალზე” ისაუბრა.

– ბატონო დავით, რამდენადაც ვიცი, დიდხანს ნატრობდით ამგვარი პროექტის გაკეთებას, ამიტომ თამამად შეიძლება ითქვას, რომ წინანდლის ფესტივალი თქვენი ახდენილი ოცნებაა

– ფესტივალის მოწყობა 2007 წელს ჩავიფიქრეთ, როცა წინანდლის რესტავრირებულმა მუზეუმმა ახალი და სრულიად განსხვავებული სახე შეიძინა. სწორედ მუზეუმის გახსნაზე მოვიწვიეთ ლეგენდარული მევიოლინე გიდონ კრემერი ორკესტრთან ერთად, მერე კი, ტრადიციად ვაქციეთ კლასიკური მუსიკის შემსრულებელთა მასპინძლობა. უამრავი არაჩვეულებრივი საღამო მოვაწყვეთ წლების მანძილზე და საბოლოოდ საერთაშორისო ფესტივალის გაკეთება გადავწყვიტეთ, რომელიც სამ მიმართულებად და ამდენივე ეტაპად დავყავით – პან-კავკასიური ახალგაზრდული ორკესტრი 6 ქვეყნის 28 წლამდე მუსიკოსს გააერთიანებს, რომლებიც 16 აგვისტოდან შეუდგებიან მუსიკალურ მოღვაწეობას, აკადემია 20-ზე მეტ უნიჭიერეს ახალგაზრდას მიიღებს მთელი მსოფლიოდან, მესამე, დასკვნით ეტაპზე კი, სუპერვარსკვლავებს ველით, რომელთა პროგრამა 8 სექტემბერს დაიწყება და 22 სექტემბრამდე გაგრძელდება. სწორედ აკადემიის სტუდენტებთან და ორკესტრის მუსიკოსებთან ჩამოვლენ უმაღლესი დონის პედაგოგები, რომლებიც ძალიან საინტერესო ლექციებს, მასტერკლასებს შესთავაზებენ ახალგაზრდებს. საერთო ჯამში ორ კვირაში 30 წარმოდგენა გაიმართება, დილის 12 საათზე კამერული კონცერტები დაიწყება, საღამოს 7 საათზე კი, ამფითეატრში გადავინაცვლებთ. მოხარული ვარ, რომ ფესტივალი სწორედ იმ მუსიკოსებს უმასპინძლებს, ვინც მუდმივად ხვდება მსოფლიო მუსიკალური პრესის ყურადღების ცენტრში. ალბათ იცით, რომ მუზეუმში ორი დარბაზი გაკეთდა სპეციალურად ფესტივალისთვის, ვარსკვლავები სასტუმრო Radisson Collection-ში დაბინავდებიან, ახალგაზრდები კი, მათთვის აშენებულ სასტუმროში და სრულად ისარგებლებენ არაჩვეულებრივი საგანმანათლებლო ინფრაქსტრუქტურით – სარეპეტიციო დარბაზებით დაწყებული, ბიბლიოთეკით და გამომცემლობით დასრულებული.

– რადმდენად რთული აღმოჩნდა ასეთი მასშტაბური ღონისძიების მოწყობა?

– ჩანაფიქრის განხორციელება 3 წლის წინ დავიწყეთ, როცა ხატია ბუნიათიშვილმა გახსნა დარბაზი, მაესტრო ზუბინ მეტამ კი, არაჩვეულებრივი საღამო შემოგვთავაზა. სამწუხაროდ, წელს ხატია ვერ მიიღებს მონაწილეობას ფესტივალში, თუმცა სექტემბრის ბოლოს აუცილებლად დაუკრავს ჯანსუღ კახიძის ცენტრში. რაც შეეხება მასშტაბურობას, ვფიქრობ, ჩვენი ფესტივალი სახელმწიფოს და კერძო სექტორის თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითია, რადგან მართლაც არაჩვეულებრივ პროდუქტს ვქმნით ერთობლივი ძალებით.

– რამდენადაც ვიცი, ფესტივალს „გოგონა მფრინავი თითებით“ ანუ ჩინელი პიანისტი იუჯა ვანგიც ესტუმრება. საინტერესოა თავად ვის გამოსვლას ელით ყველაზე მეტად?

– ძალიან მნიშვნელოვანი იქნება გახსნის საღამო 8 სექტემბერს. წლების წინ ბატონმა ჯანსუღ კახიძემ გუსტავ მალერის მეორე სიმფონია შეასრულა, რომელიც ერთ-ერთი ურთულესი სიმფონიაა. სწორედ ამ ნაწარმოებს შეასრულებს 130 მუსიკოსით დაკომპლექტებული უზარმაზარი ორკესტრი და გუნდი, რომელიც 80 სოლისტს გააერთიანებს, მეცო-სოპრანო ქეთევან ქემოკლიძე და პიანისტ იუჯა ვანგი, დირიჟორობას კი, ციურიხის ოპერის სამხატვრო ხელმძღვანელი, ვაშინგტონის ეროვნული სიმფონიური ორკესტრის მუსიკალური დირექტორი, მაესტრო ჯანანდრეა ნოზედა აიღებს საკუთარ თავზე, რომლმაც ჩვენი მუსიკალური ფესტივალის ხელმძღვანელობაც შეითავსა. 9 სექტემბერს პიანისტი, იმპროვიზაციის ოსტატი სერ ანდრაშ შიფი წარსდგება პუბლიკის წინაშე, ვერბიეს კამერული ორკესტრი კი, 5 კონცერტს გამართავს გაბორ ტაკას ნაჯის ხელმძღვანელობით. სასიამოვნო სიახლედ შეიძლება ჩაითვალოს დილის კონცერტები, როცა საუზმის და ხანმოკლე გასეირნების შემდეგ დამსვენებლებს არაჩვეულებრივი მუსიკის სამყაროში მოგზაურობის შესაძლებლობა მიეცემათ. აუცილებლად მინდა ავღნიშნო 12 სექტემბერს ახალგაზრდა ანა ჭანიას, ლიზი რამიშვილის და სანდრო ნებიერიძის გამოსვლა, რომლებიც ჯანანდრეა ნოზედასთან ერთად შეასრულებენ ბეთჰოვენის სამმაგ კონცერტს, 22 სექტემბერს კი, ფესტივალს სწორედ „გოგონა მფრინავი თითებით“ დახურავს, რომელიც ცნობილ დირიჟორთან ლაჰავ შანისთან ერთად წარმოადგენს ძალიან საინტერესო პროგრამას.

– რამდენად მარტივი იყო უცხოელ მუსიკოსებთან მოლაპარაკება?

– საკმაოდ რთული აღმოჩნდა ჯანანდრეა ნოზედასთან მოლაპარაკება, რომელიც დირიჟორობასთან ერთად ჩვენი ფესტივალის მუსიკალური ხელმძღვანელიცაა. მართალია, მაესტროს ძალიან გაუჭირდა წინასწარ დაგეგმილი გრაფიკის შეცვლა და ჩვენი ფესტივალისთვის დროის მოძიება, მაგრამ საბოლოოდ მაინც დავითანხმეთ.

– თქვენი დაკვირვებით, მელომანებს შორის ქართველები უფრო მრავლად არიან თუ უცხოელები ჭარბობენ?

– რთულია დაზუსტებით თქმა, რადგან უცხოელები მეტწილად ჯგუფებად ჩამოდიან, თუმცა ჩვენ ყველას მისაღებად მზად ვართ, რადგან მთელი რეგიონია ჩართული ფესტივალის საქმიანობაში, რაც ჩვენც გვეხმარება და რეგიონის განვითარებასაც უწყობს ხელს.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები