LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,წინანდლის ფესტივალი” – 15-დღიანი დღესასწაული მუსიკის მოყვარულებისთვის

8
davit sayvarelidze qetevan qemoklidze art fm

გადაცემის ლაივი LIVE

30 ივლისს რადიო „ფორტუნას“ და თათა სადრაძის გადაცემას „არტ-FM“ მეცო-სოპრანო ქეთევან ქემოკლიძე და ,,წინანდლის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის ორგანიზატორი დავით საყვარელიძე სტუმრობდნენ, რომელთაც 8-22 სექტემბერს დაგეგმილ ფესტივალზე, მის მრავალფეროვან პროგრამასა და სტუმრებზე ისაუბრეს.

,,წინანდლის ფესტივალი”, რომელიც 15-დღიან დღესასწაულს ჰპირდება მუსიკის მოყვარულებს, უამრავ ცნობილ მუსიკოსს, მათ შორის ჯანანდრეა ნოზედას, იუკა-პეკა სარასტეს, ომერ მეირ ველბერის, ლაჰავ შანის, სერ ანდრაშ შიფის, იუჯა ვანგის, ფაზილ საის, ლიზა ბათიაშვილის, თომას ჰემფსონის, გოტიე კაპუსონის, რენო კაპუსონის, მიშა მაისკის, ჯორჯ ლის, პინკას ცუკერმანის, ედგარ მოროს, ვერბიეს უმასპინძლებს და ტრადიციულ საღამოებთან ერთად, დილის კონცერტებსაც შესთავაზებს მელომანებს.

– ბატონო დავით, როგორია სამზადისი ფესტივალისთვის?

– ფესტივალისთვის მზადება მართლაც ძალიან ინტენსიურად მიმდინარეობს. უკვე მივიღეთ სპეციალურად შეძენილი მუსიკალური ინსტრუმენტი და საჭირო აღჭურვილობა, რამდენიმე დღეში წინანდლის აკადემიას და ახალ სასტუმროს გავხსნით, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ აშენდა, 16 აგვისტოს კი, პანკავკასიური ორკესტრის მუსიკოსებს ვუმასპინძლებთ და აქტიურ მუშაობასაც შევუდგებით.

– როდის გადაწყვიტეთ ქალბატონ ქეთევანის ფესტივალზე მიწვევა?

– როცა ფესტივალის მუსიკალურმა დირექტორმა ჯანანდრეა ნოზედამ ფესტივალის გახსნა მალერის მეორე სიმფონიით გადაწყვიტა, პირველ რიგში სწორედ ქეთი გამახსენდა, რომელსაც უკვე ჰქონდა მალერის ციკლი ნამღერი საქართველოში. სხვატაშორის, ქეთი ყოველთვის რთულად შესასრულებელ ნაწარმოებებს ირჩევს, მსგავსი რეპერტუარით წარსდგა პუბლიკის წინაშე რუსთაველის თეატრში და წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა ჩემზე, ამიტომ ჯანანდრეასაც სწორედ მისი კანდიდატურა შევთავაზე. მართალია, მადრიდის თეატრში ძალიან დაკავებული იყო, მაგრამ მაინც მოახერხა ფესტივალის სამი დღით სტუმრობა. აქვე მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ ბადრი მაისურაძეს და ოპერის თეატრის ყველა იმ მუსიკოსს, ვინც ჩვენს ფესტივალში მიიღებს მონაწილეობს.

– ქალბატონო ქეთევან, ამჯერად რას შესთავაზებთ მალერის თაყვანისმცემლებს?

– პირველ რიგში, ბატონ დავითს გადავუხდი დიდ მადლობას, რადგან ჩემთვის დიდი პატივია ფესტივალის გახსნაში მონაწილეობა, მით უფრო, რომ მე და გუსტავ მალერი ერთ დღეს – 7 ივლისს ვართ დაბადებული. უაღრესად საინტერესო ნაწარმოებმა, რომელსაც შევასრულებ, კომპოზიტორის ცხოვრებაში მოიპოვა პოპულარობა, რადგან ძალიან საინტერესოდ აწყობილი, არა მხოლოდ ვოკალურ და სიმფონიური ორკესტრის, არამედ საგუნდო პარტიასაც აერთიანებს, საოცრად ღვთიური სიმფონიაა და მართლაც აღდგომის სიხარულითაა გამსჭვალული. აღსანიშნავია, რომ სიმფონიური ორკესტრი ამ შემადგენლობით, პირველად დაუკრავს საქართველოში, მოლოდინი კი, მართლაც უდიდესია, რადგან თავად ჯანანდრეა ნოზედა იდირიჟორებს.

– ბატონო დავით, ფესტივალმა ერთგვარი სიახლე დანერგა და მელომანები დილის კონცერტებზე მიიწვია. თქვენი აზრით, რამდენად მისაღებია ამგვარი ინოვაცია ქართული პუბლიკისთვის?

– ფესტივალები ხშირად მიმართავენ ამგვარ ფორმატს, რადგან დილის კონცერტი არა მხოლოდ გართობის, არამედ თვითგანვითარების, სულიერი აღზრდის საუკეთესო საშუალებაა. ვფიქრობ, ხანმოკლე გასეირნების და ჭავჭავაძეების არაჩვეულებრივი მუზეუმის სტუმრობის შემდეგ, ყველა სიამოვნებით ისარგებლებს ერთსაათიანი „მუსიკალური პაუზით“ და დატკბება უნიჭიერესი მუსიკოსების შემოქმედებით. 9 სექტემბრის დილას პუბლიკის წინაშე ბრწყინვალე პიანისტი ჯორჯ ლი წარსდგება, საღამოს კი, ვერბიეს კამერული ორკესტრი გააგრძელებს, რომელიც 25 წლის წინ შეიქმნა და მსოფლიოს საუკეთესო ახალგაზრდა მუსიკოსებით დაკომპლექტდა. მართალია, ახალბედები სწაფად გაიზარდნენ, გამოცდილება შეიძინეს და სხვადასხვა ორკესტრში გადანაწილდნენ, მაგრამ წელიწადში ერთხელ მაინც იკრიბებიან შვეიცარიის საკურორტო ქალაქ ვერბიეს ფესტივალზე. სწორედ 40-კაციანი შემადგენლობით ესტუმრება ორკესტრი წინანდალს გაბორ ტაკაშ ნაჯის ხელმძღვანელობით, ანდრაშ შიფი კი, მათთან ერთად შეასრულებს ბეთჰოვენის ნაწარმოებებს.

– რამდენადაც ვიცი, მელომანებს ცნობილ შემსრულებლებთანაც ექნებათ შეხვედრის საშუალება,

– ვფიქრობ, ამგვარი შეხვედრები ახალგაზრდებისთვისაა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი. ძალიან გვინდოდა, რომ ფესტივალს საგანმანათლებლო სახე მიეღო, სადაც ახალგაზრდები საყვარელ მუსიკოსებს შეხვდებოდნენ, პირადად გაესაუბრებოდნენ და სიამოვნებით მოისმენდნენ მათ რჩევებს.

– ქართველი მუსიკოსებიდან ვინ მიიღებს მონაწილეობას ფესტივალში?

– არაჩვეულებრივი ანა ჭანია, ლიზი რამიშვილი და სანდრო ნებიერიძე, რომელთაც თავისუფლად შეიძლება ეწოდოთ ამომავალი ვარსკვლავები, ჯანანდრეა ნოზედასთან და პანკავკასიურ ორკესტრთან ერთად გამართავენ საღამოს, ბთჰოვენის სამმაგ კონცერტს შეასრულებენ და მსოფლიო ჟურნალისტებს, კრიტიკოსებს უმასპინძლებენ. აღსანიშნავია, რომ 17 კონცერტს კლასიკური მუსიკის უმსხვილესი პლატფორმა medici.tv პირდაპირ ეთერში გადასცემს, რაც ვფიქრობ, ახალი ეტაპის დასაწყისი იქნება ჩვენი ახალგაზრდებისთვის. ზოგადად, ჩვენი ფესტივალი რამდენიმე მიზანს ემსახურება, რაც ორკესტრის შექმნას და აკადემიის ჩამოყალიბებას, ახლადშექმნილი ინფრასტრუქტურის უცხოელი ჟურნალისტებისთვის, კრიტიკოსებისთვის გაცნობას და ჩვენი ახალგაზრდების იმ რთულ, თუმცა უაღრესად საინტერესო ინდუსტრიაში ინტეგრირებას გულისხმობს, რომელსაც კლასიკური მუსიკის სამყარო ჰქვია. მართალია, ფინანსების სიმწირის გამო ჯერ შორს ვართ მსოფლიო მუსიკალური ინდუსტრიისგან, მაგრამ იმედი მაქვს, საკუთარი ნიჭის და კულტურის წაყალობით, საქართველოც მალე შეძლებს ამ სამყაროში თვითდამკვიდრებას.

– ქეთევან, როგორ აფასებენ ქართველ მუსიკოსებს საზღვარგარეთ?

– მართლაც ბრწყინვალე მუსიკოსები გვყავს, წინანდლის ფესტივალი კი, საუკეთესო საშუალებაა გავაცნოთ მსოფლიოს საქართველო როგორც არაჩვეულებრივი მუსიკალური ტრადიციების ქვეყანა და ვაჩვენოთ ყველას, რომ ჩვენც კარგად გვესმის მუსიკალური მენეჯმენტი და თავისუფლად შეგვიძლია ავუწყოთ ფეხი, საერთო მოთხოვნებს.

– სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?

– ფესტივალის დასრულების შემდეგ ისევ მადრიდში ბრუნდები, მოგვიანებით იტალიაში გავემგზავრები, ბარსელონსა და მარსელში კი, სოლო კონცერტებს გავმართავ. მართლაც ძალიან დატვირთული გრაფიკი მაქვს, რომელიც 2021 წლამდე გაწერილია, როცა პირველად შევასრულებ ამნერისის პარტიას ვერდის „აიდაში“.

– ამბობენ, რომ ქართველი პუბლიკის წინაშე გამოსვლა ყოველთვის განსაკუთრებით საპასუხისმგებლოა. თქვენ რამდენად იზიარებთ ამგვარ მოსაზრებას?

– შეიძლება ზედმეტად თამამად ჟღერს, მაგრამ მე არასდროს ვნერვიულობ. მჯერა, რომ ძალიან ვუყვარვარ ქართულ პუბლიკას, ჩემი დიდი გულშემატკივარია და მეც ყოველთვის მახარებს მასთან შეხვედრა. ჩემთვის დიდი ბედნიერებაა ამგვარი ფესტივალის სტუმრობა, რადგან ბავშვობის მერე არ ვყოფილვარ წინანდალში, არადა ძალიან ბევრი მსმენია უცხოელი მეგობრებისგან.

– ბატონო დავით, რა სიახლეები აქვს სოხუმის თეატრს?

– კლასიკური მუსიკის დიდი სიყვარულის მიუხედავად, თეატრი მაინც ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, რადგან რეჟისორი ვარ პროფესიით. მართალია,  სოხუმის თეატრს  წლების მანძილზე არც ქონდა საკუთარი შენობა, მაგრამ ახლა თამამად შეგვიძლია ვუმასპინძლოთ მაყურებელს საკუთარ სახლში. სეზონი კონსკანტინე გამსახურდიას „მთვარის მოტაცებით“ დავასრულეთ და სავარაუდოდ, ამავე დადგმით გავხსნით მომავალ სეზონს, თუმცა გვექნება რამდენიმე ახალი სპექტაკლიც. სამწუხაროდ, თეატრს არ აქვს განათება, რომელიც ძალიან ძვირი სიამოვნება აღმოჩნდა, ამიტომ ახლა, სწორედ ტექნიკური აღჭურვით ვართ დაკავებული, რაშიც ძალიან გვეხმარება აფხაზეთის მთავრობა ბატონ რუსლან აბაშიძის ხელმძღვანელობით. სიამოვნებით მინდა ავღნიშნო, რომ დასი მუდმივად იზრდება, გვყავს მოწვეული მსახიობები და ძალიან საინტერესო რეპერტუარი, რომელსაც მუდმივად ვანახლებთ.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები