LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„წარმატების მთავარი საიდუმლო საკუთარი საქმის სიყვარულია” – გიორგი ჯირკვალიძე

19
giorgi-jirkvalidze

17 დეკემბერს რადიო „ფორტუნას“ და გვანცა ლაღიძის გადაცემას „წარმატების ფორმულა“ კომპანიის „აქვა გეო“ გენერალური დირექტორი გიორგი ჯირკვალიძე სტუმრობდა.

მაღალი სტანდარტებით გამორჩეული, თანამედროვე ევროპული გამოცდილებით 2009 წელს დაარსებული კომპანიის „აქვა გეო“ მთავარი მიზანი უნიკალური ქართული წყლის საქართველოსა და საზღვარგარეთ პოპულარიზაციაა.

– ბატონო გიორგი, რამდენადაც ვიცი, კომპანიის თანამშრომლების გადამზადებაში ფრანგი და იტალიელი სპეციალისტები დაგეხმარნენ. რამდენად რთული იყო შესაბამისი კადრების მოძიება?

– ჩვენი მთავარი მიზანი მართლაც განათლებული კადრებით პროფესიონალი გუნდის შექმნა იყო, რადგან როგორი სრულყოფილი დანადგარებითაც არ უნდა აღჭურვო კომპანია და როგორი ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებიც არ უნდა დანერგო, საბოლოო პროდუქტს მაინც პერსონალი ქმნის. სწორედ ამიტომ, „კობისა“ და „სნოს“ ქარხნების გახსნამდე შევთავაზეთ პერსონალს სამუშაო პროცესში ჩაბმა, რათა უცხოელი სპეციალისტების ხელმძღვანელობით გაცნობოდნენ ტექნოლოგიებს, დანადგარებთან მუშაობის თანამედროვე მეთოდიკას და მხოლოდ რამდენიმე ეტაპად დაყოფილი საკვალიფიკაციო გამოცდის შემდეგ დაიშვნენ სამუშაოდ.

– საკმაოდ რთულია თანამედროვე ტექნოლოგიების სრულად ათვისება და ხანგრძლივ ტრენინგსაც მოითხოვს, მით უფრო, როცა კომპანია მუდმივად სიახლეების დანერგვაზეა ორიენტირებული,

– მართალია, ბევრს მარტივი ჰგონია წარმოება, მაგრამ სინამდვილეში, სპეციფიკური ცოდნის, გამოცდილების შეძენა საჭირო, რადგან სხვაგვარად უბრალოდ შეუძლებელია სამუსაოშოს სრულფასოვნად შესრულება. სწორედ ამიტომ, ჩვენი თანამშრომლები არა მხოლოდ კომპანიაში დანერგილ ტექნოლოგიებს გაეცნენ, არამედ ულტრათანამედროვე მეთოდიკაც შეისწავლეს.

– რას თვლით კომპანიის მთავარ წარმატებად?

– „სნოს“ მთავარი მიზანი ქართული წყლის პოპულარიზაცია იყო, ამიტომ ბედნიერი ვარ, რომ ჩვენმა წყალმა სწრაფად დაიმკვიდრა ადგილი ქართველი მომხმარებლის ყოველდღიურობაში, ბრენდი „სნო“ კი, მაღალ ხარისხის სიმბოლოდ იქცა. მეორე ეტაპზე მინერალური წყლის წარმოება დავისახეთ მიზნად, თუმცა მძიმე გეოგრაფიულ და კლიმატურ პირობებში მოგვიწია მუშაობა, რადგან სოფელი კობი ყაზბეგის რაიონშია, სადაც პრაქტიუკულად რვა თვე ზამთარია, ჩვენ კი, ისეთი წყლის მოპოვებას ვცდილობდით, რომელიც ღირსეულ პარტნიორობას გაუწევდა „სნოს“. 730 უნიკალური მინერალური წყალი შევისწავლეთ, შევაფასეთ და საბოლოოდ ის პროდუქტი შევთავაზეთ მომხმარებელს, რომელიც გემრიელიც იქნებოდა და მსოფლიო სტანდარტებისაც სრულად დააკმაყოფილებდა.

– საინტერესოა, რა დრო დასჭირდა 730 განსხვავებული ტიპის წყლის დეტალურად შესწავლას?

– პროექტი მთელი ხუთი წელი გაგრძელდა, პირველ ეტაპზე წყაროები შევისწავლეთ, მერე მათი სტაბილურობა შევამოწმეთ და საუკეთესო, როგორც ჩვენ ვუწოდებთ, ნამდვილი „ოქროს საბადო“ შევარჩიეთ, რომელიც დარწმუნებული ვარ სწრაფად მოიპოვებს მსოფლიო პოპულარობას.

– სოლიდური სამუშაო გამოცდილების ფონზე, რამდენად კომფორტულად გრძნობთ თავს დღევანდელ პოზიციაზე?

– თამამად შემოიძლია ვთქვა, რომ ბედნიერი ვარ, რადგან ძალიან მომწონს საქმე, რომელსაც ვაკეთებ. პროფესიით ქიმიური ექსპერტი ვარ და მთელი ჩემი ცხოვრება წარმოებას უკავშირდება, საკუთარი შესაძლებლობები არა მხოლოდ საქართველოში, საზღვარგარეთაც უამრავ სფეროში მოვსინჯე, თუმცა ყველაზე საინტერესო მაინც წყალთან მუშაობა აღმოჩნდა.

– სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?

– რა თქმა უნდა, „სნოსა“ და „კობის“ გარეშე ცხოვრება ვერ წარმომიდგენია, ამიტომ სწორედ მათ პოპულარიზაციას ვგეგმავთ საზღვარგარეთ.

– საახალწლოდ რა სიურპრიზს უმზადებთ მომხმარებელს?

– სხვა კომპანიების მსგავსად ჩვენც ვგეგმავთ კომერციული აქციების მოწყობას. ტრადიციას არც წელს ვუღალატებთ და ბავშვთა სახლებს საახალწლო ღონისძიებაზე მივიწვევთ, სადაც სამახსოვრო საჩუქრებს გადავცემთ, გარდა ამისა, საქველმოქმედო აქციას ვგეგმავთ უსახლკაროთათვის, თუმცა დეტალების გასაჯაროებისგან ჯერ თავს შევიკავებ.

– თავად როგორ ხვდებით ახალ წელს?

– ვფიქრობ, ახალი წელი ის დღესასწაულია, რომელიც ყველას ბავშვობაში გვაბრუნებს და საოცრებასაც გვაჯერებს, ამიტომ განწყობაც შესაბამისი მაქვს. განსაკუთრებული ტრადიცია ნამდვილად არ მაქვს, თუ არ ჩავთვლით გოზინაყის მომზადებას, რომელსაც მთელი ოჯახთან ერთად ვაკეთებ.

– რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის აქსესუარები და გაქვთ თუ არა საყვარელი ნივთი?

– მთავარი აქსესუარი საათია, რომელიც პრაქტიკულად ჩემი განუყოფელი ნაწილია.

– კადრების შერჩევისას რას აქცევთ ყურადღებას პირველ რიგში?

– ჩვენს კომპანიაში ძალიან თბილი და მეგობრული გარემოა, ამიტომ ჩვენი დიდი ოჯახის ახალ წევრს პირველ რიგში კოლეგიალობა და გუნდური მუშაობა უნდა შეეძლოს.

– როგორ ცდილობთ თანამშრომლების წახალისებას?

– წახალისების უამრავი ფორმა გვაქვს. მაგალითად, თანამშრომლებისგან ფარულად მათი ოჯახის წევრებს მადლობის წერილებს ვუგზავნით, გარდა ამისა, საკმაოდ ხშირად გადავცემთ პრემიებსა და ფასიან საჩუქრებს.

– რამდენად სწრაფად იღებთ გადაწყვეტილებას?

– ისე სწრაფად ვითარდება ბიზნესი, რომ გადაწყვეტილების მიღებაც ყოველთვის გადადების გარეშეა საჭირო.

ბლიცკითხვები:

– რა სლოგანი აქვს „კობს“?

– „როცა წყალო გწყურია!“

– სადღესასწაულო კერძი, რომელსაც თვითონ ამზადებთ?

– გოზინაყი.

– რამდენად გხიბლავთ ნაძვის ხის მორთვა?

– ძალიან მიყვარს ბავშვებთან ერთად გართობა და ნაძვის ხის მორთვაზეც ყოველთვის მათთან ერთად ვზრუნავ.

– გაქვთ თუ არა სამაგიდო წიგნი?

– ძალიან მომწონს ლევ ტოლსტოის „აღდგომა“.

– ვის თვლით საუკეთესო მრჩევლად?

– მეუღლეს.

– ფრაზა, რომელსაც ყველაზე ხშირად მიმართავთ დღის განმავლობაში?

– „შევთანხმდეთ!“

– რა პროფესიის არჩევაზე ოცნებობდით ბავშვობაში?

– უცნაურია, მაგრამ მსახიობობა მინდოდა.

– სპორტის რომელი სახეობა გიტაცებთ?

– რაგბი.

– როგორ იწყება თქვენი დილა?

– დილას ფინჯანი ყავით ვიწყებ.

– თავად რამდენად ხშირად მიირთმევთ „სნოს“ და „კობს“?

– ორივე ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია.

– საახალწლო საჩუქარი, რომელიც განსაკუთრებით გაგახარებთ?

– რა თქმა უნდა, საათი.

– რას დახატავდით გადაცემაში „წარმატების ფორმულა“?

– ალბათ, ისევ საათს.

– როგორია თქვენი წარმატების ფორმულა?

– ვფიქრობ, წარმატების მთავარი საიდუმლო საკუთარი საქმის სიყვარულია, რადგან მხოლოდ ასე შეიძლება მისი სრულფასოვნად შესწავლა და ნამდვილ პროფესიონალად ქცევა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები