LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წარმატება მხოლოდ საკუთარი თავის რწმენით მიიღწევა, თვითრწმენას კი, სწორედ ღიმილი მატებს ადამიანს – კახაბერ ხარებავა

30
kaxaber xarebava

პირველ აპრილს რადიო „ფორტუნას“ და გვანცა ლაღიძის გადაცემას „წარმატების ფორმულა“ იმპლანტოლოგიისა და ორთოპედიული სტომატოლოგიის ცენტრის კლინიკის დამფუძნებელი კახაბერ ხარებავა სტუმრობდა, რომელმაც საკუთარ საქმიანობასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

– ბატონო კახაბერ, როდის დაარსდა კლინიკა და რა არის მისი მთავარი მიზანი?

-კლინიკა 2018 წლის ნოემბერში გაიხსნა და ცენტრის მესამე ფილიალად იქცა. აღსანიშნავია, რომ გასულ წელს ჩვენი კლინიკა გერმანული სტომატოლოგიური კომპანიის Dentsply Sirona-ს სტრატეგიული პარტნიორი გახდა ამიერკავკასიაში, რითაც ძალიან ვამაყობთ, რადგან Dentsply Sirona ერთ-ერთი წამყვანი კომპანიაა სტომატოლოგიაში, რომელიც არა მხოლოდ სტომატოლოგიურ მასალასა და აპარატურას აწარმოებს, არამედ საკუთარი სასწავლო ცენტრი აქვს და გაიდლაინებსაც წარმატებით ამუშავებს, ამიტომ, გასაკვირია არაა, რომ ჩვენი კლინიკა სწორედ გერმანული კომპანიის აპარატურითაა აღჭურვილი.

– როგორ მოახერხეთ კლინიკაში საუკეთესო ექიმების თავმოყრა?

– საკმაოდ დიდხანს ვმუშაობდი გუნდის შეკვრაზე. კოლეგათა ნაწილი საზღვარგარეთ მოვიძიე, სადაც მართალია, წარმატებული კარიერა ჰქონდათ, მაგრამ მაინც დავიყოლიე საქართველოში დაბრუნებაზე და მიხარია, რომ დღეს ჩვენს კლინიკას მართლაც არაჩვეულებრივ პროფესიონალთა გუნდი ჰყავს.

– რამდენად რთულია საქართველოში პროფესიონალი კადრების მოძიება?

– სამწუხაროდ, პროფესიონალების მოძიება ძალიან რთულია, ამიტომ თავად ვცდილობთ სასწავლო ცენტრების შექმნას და მსურველთათვის ცოდნის, საკუთარი გამოცდილების გაზიარებას, კლინიკაში კი, მუდმივად ვატარებთ ტრენინეგებს, რადგან სხვანაირად უბრალოდ შეუძლებელია კვალიფიციური სპეციალისტების აღზრდა.

– თქვენი აზრით, რის დეფიციტს განიცდის თანამედროვე ქართული სტომატოლოგია?

– სხვა დარგების მსგავსად, სტომატოლოგიაც საერთო ეკონომიკურ მდგომარეობაზეა დამოკიდებული და მასაც ეკონომიკური ზრდა და განვითარება აკლია. თუმცა, ბოლო დროს განსაკუთრებით გააქტიურდნენ ტურისტული კომპანიები და გახშირდა დენტალ-ტურები, რაც ნათლად მიანიშნებს ქართული სტომატოლოგიის მაღალ დონეზე. უამრავი ტურისტი-პაციენტი გვსტუმრობს ბოლო წლებში, რადგან სრულად ვაკმაყოფილებთ საერთაშორისო სტანდარტებს, ჩვენი მომსახურება კი, ბევრად ხელმისაწვდომია.

– როდის გადაწყვიტეთ სტომატოლოგის პროფესიის არჩევა?

– სტომატოლოგობა სკოლის დასრულების შემდეგ გადავწყვიტე, მანამდე კი, ვხატავდი და არქიტექტორობა მინდოდა.

– როგორ ამშვიდებთ უკმაყოფილო პაციენტებს?

– 27-წლიანი სამუშაო გამოცდილების ფონზე ფრაზებიც საკმარისად დამიგროვდა. ჩვენი პაციენტები განსაკუთრებულები არიან, რადგან მეტად არასასიამოვნო პროცედურების ჩატარება უწევთ, ექიმი კი, ვალდებულია, მაქსიმალურად კომფორტული გარემო შეუქმნას და ყველა მისი ჩივილი მოისმინოს. რა თქმა უნდა, უკმაყოფილო პაციენტებიც მრავლად არიან, რადგან ყველა არ ასრულებს ექიმის რჩევას და დანიშნულებას, თუმცა მათი რიცხვი ბოლო დროს საგრძნობლად შემცირდა.

– როგორი ხელმძღვანელი ხართ და რამდენად კრიტიკულად აფასებთ საკუთარ თავს?

– ზოგადად, საკმაოდ რთულია ხელმძღვანელობა, რადგან ზოგი ლიდერად იბადება, ზოგი კი, სხვათა გამოცდილებას იზიარებს და ეტაპობრივად იზრდება. ვფიქრობ, მე მეორე კატეგორიას მივეკუთნები, რადგან გაზრდა შევძელი და ახლა ბევრად უკეთ ვხელმძღვანელობ, ვიდრე წლების წინ.

– თეთრ ხალათში უფრო კომფორტულად გრძნობთ თავს თუ თავისუფალი სტილის სამოსში?

– განსაკუთრებული დისციპლინის მომხრე არასდროს ვყოფილვარ. ვფიქრობ, მთავარია, სამოსი იყოს კომფორტული.

– გაქვთ თუ არა სამსახურში სპეციალური ადგილი განტვირთვისთვის?

– სპეციალური ადგილი ნამდვილად არ გვაქვს, რადგან ჩვენს შემთხვევაში განტვირთვის საუკეთესო საშუალება იუმორია.

– რამდენად აუცილებელია ექიმისთვის გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი?

– რა თქმა უნდა, აუცილებელია, რადგან ოპერაციის დროს ხშირია გაუთვალისწინებელი შემთხვევები, რაც სწრაფად გადაწყვეტას მოითხოვს.

ბლიცკითხვები:

– რა სლოგანი აქვს თქვენს კლინიკას?

– „გაიღიმე თავდაჯერებულად!’

– როგორ იწყება თქვენი დილა?

– დილა საკმაოდ ქაოტურია, რადგან რვა შვილი მყავს და ყველასთან სათითაოდ მიწევს „ბრძოლა“.

– ფარზა, რომელსაც ყველაზე ხშირად ამბობთ დღის განმავლობაში?

– „გააღე პირი!“

– თქვენი აზრით, რამდენად მნიშვნელოვანია ღიმილი წარმატების მისაღწევად?

– წარმატება მხოლოდ საკუთარი თავის რწმენით მიიღწევა, თვითრწმენას კი, სწორედ ღიმილი მატებს ადამიანს.

– გაქვთ თუ არა საყვარელი კერძი, რომელსაც სიამოვნებით ამზადებთ?

– სიმართლე ვთქვა, კერძების მომზადება ნაკლებად მეხერხება. თუმცა ძალიან მიყვარს კულინარია და წლების შემდეგ ამ სფეროთიც სერიოზულად ვგეგმავ დაინტერესებას.

– თქვენი აზრით, რა მთავარი თვისებები უნდა ჰქონდეს ადამიანს წარმატების მისაღწევად?

– ალბათ, ახალს და განსხვავებულს ვერაფერს ვიტყვი, რადგან მთავარი მაინც შრომისმოყვარეობაა. მართალია, წარმატებას ზოგი ადრე, ზოგთან გვიან აღწევს, მაგრამ თუ ადამიანი თავდაუზოგავად მუშაობს, მისი მონდომება აუცილებლად ანაზღაურდება. ამასთანავე, აუცილებელია საკუთარი პროფესიის სიყვარული, რადგან სხვაგვარად უბრალოდ შეუძლებელია მისთვის თავის შეწირვას. ვფიქრობ, ბედნიერი ადამიანი ვარ, რადგან პროფესიის არჩევაშიც გამიმართლა და საკუთარი თავის სრულად რეალიზებაც შევძელი.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები