LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ვინერვიულოთ მშვიდად” – ჯანა ჯავახიშვილი

6
66456269-2508883582477002-6694872408278433792-o

კორონავირუსის გამო საზოგადოებაში მაღალი შფოთვა შეიმჩნევა. როგორ შეიძლება შევინარჩუნოთ სიმშვიდე და გავუმკავდეთ სტრესს – ამ თემებზე გადაცემა “7 რჩევა ფსიქოლოგისგან” გთავაზოვთ ფსიქოლოგ ჯანა ჯავახიშვილის რეკომენდაციებს.

როგორ შეიძლება შევინარჩუნოთ სიმშვიდე ისეთ ვითარებაში, როგორიც დღეს არის საქართველოში, მსოფლიოში?

დღეს როგორც საქართველოში, ასევე დანარჩენ მსოფლიოში კორონავირუსის სახით გაჩნდა ახალი, სწრაფად გავრცელებადი საფრთხე, რომელიც ემუქრება ადამიანის სიცოცხლეს. სიცოცხლის მუქარა ადამიანისთვის ტრავმული გამოცდილებაა. შიში და შფოთვა ამგვარ ვითარებაში სავსებით ნორმალური განცდებია. უფრო მეტიც, შეიძლება ითქვას: ამგვარ სიტუაციაში ადამიანს არ გამოადგება სრული სიმშვიდე შეინარჩუნოს. პირიქით, მას სჭირდება შფოთვის ენერგია, რომ მობილიზდეს – თავის გასაფრთხილებლად, გარშემომყოფების გასაფრთხილებლად.
კორონავირუსის პრევენციის ერთ-ერთ ყველაზე შედეგიან ღონისძიებებად დღეისთვის არის მიჩნეული სოციალური დისტანცირება. ეს გულისხმობს, რომ ჩვენ, რაც შეიძლება სწრაფად უნდა შევიცვალოთ ქცევა: გადავისწავლოთ ძველი ჩვევები, დავისწავლოთ ახალი. მაგალითად, თუ ხელის ჩამორთმევა, გნებავთ ქართულ, გნებავთ ბევრ სხვა კულტურაში – ნორმალური, გავრცელებული ქცევაა, ამჟამად მიდის მუშაობა იმაზე, რომ ეს ქცევა ამოვიღოთ რეპერტუარიდან. ემოციური ფონის თანხლებით, ადამიანი უფრო სწრაფად სწავლობს. ამიტომ, როგორც აიკიდო იყენებს მოწინააღმდეგის ენერგიას, ხოლო სერფერი ოკეანის დიდი ტალღის ენერგიას თავის სასარგებლოდ, ზუსტად ასევე უნდა გავაკეთოთ ჩვენ:

ვშფოთავთ? ძალიან კარგი, გამოვიყენოთ ეს ენერგია, რომელიც გვამობილიზებს, და უფრო მობილიზებულად ვიზრუნოთ საკუთარ და გარშემომყოფთა უსაფრთხოებაზე, დავიცავთ ჰიგიენის წესები და სოციალური დისტანცია. ასე რომ, მთლადაც ნუ დავმშვიდდებით, ეს მოცემულ ვითარებაში არ გამოგვადგება. ვინერვიულოთ, მაგრამ – მშვიდად. ხომ არსებობს გამოთქმა – ვიჩქაროთ ნელა, ზუსტად ასევე მივუდეგთ დღევანდელ ემოციურ ვითარებას და ვინერვიულოთ მშვიდად!

თუ ნერვიულობა გადაჭარბებულია და შფოთვა ძალიან მაღალია, რას იწვევს ეს?
თუ შიში და შფოთვა ძალიან მაღალია, ამან შესაძლოა, მობილიზების ნაცვლად, სრულიად ამოგვაგდოს კალაპოტიდან ისე, რომ ყოველდღურ რუტინულ ქცევებს ვეღარ შევასრულებთ. თუ თავს ამგვარად ვგრძნობთ, ეს ის მდგომარეობაა, რომლის ცვლილებაზეც უნდა ვიმუშავოთ/ვიზრუნოთ. ამისთვის, შესაძლოა ახლობლებთან ვეძიოთ ემოციური მხარდაჭერა და დამშვიდება (ე.წ. „ემოციების ვენტილაციასაც“ ვუწოდებთ ფსიქოლოგიაში); თუ ეს ვერ გვეხმარება, მაშინ მივმართოთ სპეციალისტს.
როგორც ადამიანს, ასევე საზოგადოებას, მომადლებული აქვს სტრესთან გამკლავების რესურსები. ჩვენ გვახასიათებს სტრესის თავის გართმევის როგორც თანდაყოლილი, ასევე შეძენილი უნარები. ყველა თავისებურად ვუმკლავდებით სტრესს. ამის ილუსტრაციაა ის ვიდეოები, რომელიც დღევანდელ დღეს იტალიიდან ვრცელდება – ადამიანები აივნებიდან არიან გადმომდგარი, მღერიან, ცეკვავენ, ერთმანეთს შეუძახებენ და ამხნევებენ. ეს სტრესის თავის გართმევის კონსტრუქციული და შედეგიანი გზაა. სხვათაშორის, ამან მომაგონა ჩვენი გამოცდილება: 90-იანებში, საქართველოში, შიმშილობისა და უშუქობის დროს, ჩემს ოჯახში მეგობრები იკრიბებოდნენ, საღამოობით, სანთლის შუქზე ვმღეროდით. მეზობლებს კარგად ესმოდათ ჩვენი სიმღერა, რადგან არც შუქი იყო და შესაბამისად, არც რადიო და ტელევიზორი. შემოგვძახებდნენ ხოლმე – კარგია, კარგია, ახლა ესა და ეს დაუკარით, ესა და ეს იმღერეთო.
დღეს რომ ადამიანები ჭარბად ყიდულობენ პროდუქტს, ჰიგიენის საშუალებებსა და ა.შ. – ესეც სტრესთან გამკლავების ხერხია. ამან მომაგონა ის სიტუაცია, როცა ათიოდე წლის წინ, იმედის იმიტირებული ქრონიკა გავიდა ეთერში, ხალხმა დაიჯერა, რომ რუსეთი კვლავ დაგვესხა თავს და მიაწყდა სუპერმარკეტებს, პროდუქტის მარაგების კეთება დაიწყო, ასევე საწვავის მარაგის. ესეც სტრესთან ერთგვარი გამკლავება იყო. ამჟამადაც, სხვადასხვა პროდუქტისა თუ ჰიგიენური საშუალებების მომარაგების ქცევა სტრესთან გამკლავებაა. მაგრამ, როდესაც ეს ქცევა ზომას აჭარბებს, მაშინ ცუდად აისახება ვითარებაზე: მაგალითად, ახლა შეუძლებელია სადმე ნიღბის, ხელთათმანების, სადეზინფექციო საშუალებების შეძენა. ეს კი მნიშვნელოვან რისკებს ქმნის ყველასთვის, მათ შორის მათთვის, ვისაც ეს ყველაფერი ჭარბად აქვს მომარაგაებული.
ეპიდემია ისეთი რამაა, რომ რამდენი სადეზინფექციო საშუალებაც არ უნდა გქონდეს, თუ სხვასაც არა აქვს და სხვა არ არის დაცული და შესაბამისად უსაფრთხო, ეს შენთვისვეა სახიფათოა. ამიტომ, აქ სიტუაცია უნდა იყოს არა „მე მოვიგებ (მოვიმარაგებ)-შენ წააგებ (ვერ იშოვი)“, არამედ „მეც მოვიგო (მოვიმარაგო ზომიერად)-შენც დაგიტოვო (რომ შენც დაცული იყო)“.
არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ უსაფრთხოდ ყოფნა ეპიდემიაში შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როდესაც შეძლებისდაგვარად ყველა უსაფრთხოდაა, რომ ერთმანეთსთვის საფრთხეს არ წარმოვადგენდეთ იმის გამო, რომ ნიღბები ან სადეზინფექციო საშუალებები ვერ ვიშოვნეთ.
ახლა ისეთი სიტუაციაა, რომ სხვისი დაცულობა ჩვენს დაცულობაზე ასხამს წყალს და არა პირიქით. ამიტომ უნდა შევეცადოთ, სტრესის დაძლევის ეს დესტრუქციული სტრატეგიები ამოვიღოთ ჩვენი ქცევითი რეპერტუარიდან (ხელის ჩამორთმევასთან ერთად) .

რა როლი აქვს ნეგატიურ და პოზიტიურ ინფორმაციას?
სოციალურ ფსიქოლოგიაში არსებობს ექსპერიმენტები, როდესაც ადამიანებს სთხოვდნენ ჩამოეწერათ თავისი ცხოვრების სხვადასხვა მოვლენები. აღმოჩნდა, რომ ადამიანების უმრავლესობა უფრო მეტ ნეგატიურ მოვლენას იხსენებს, ვიდრე პოზიტიურს. ეს იმით შეიძლება აიხსნას, რომ ნეგატიურის დამახსოვრება თვითგადარჩენისთვის უფრო მნიშვნელოვანია: ეს ადამიანს მომავალში ანალოგიური საფრთხის თავიდან აცილებაში ეხმარება.
ასეა დღევანდელ სიტუაციაშიც, მნიშვნელოვანია მივიღოთ ნეგატიური ინფორმაცია, რათა სათანადოდ ვიყოთ ინფორმირებული რისკებზე და შესაბამისად, თავი ეფექტურად დავიცვათ.
მაგრამ, პანდემიის სიტუაციაში არის რისკი იმისა, რომ თუ ინფორმაცია იქნება მხოლოდ ნეგატიური და ფაქტობრივად, ცალმხრივი, ადამიანს გაუჩნდება უსუსურობის განცდა. ხოლო უსუსურობის განცდა არაფერში გვეხმარება, რამდენადაც უმოქმედობისკენ გვიბიძგებს. ამ დროს, კრიტიკულად მნიშვნელოვანია გავარჩიოთ ერთმანეთისგან, თუ რა არის ჩვენზე დამოკიდებული და რა არა, რათა უსუსურობის განცდა გადავლახოთ და მოქმედების სწორი სტრატეგია დავგეგმოთ. ეს სწორედ დაბალანსებული – როგორც ნეგატიური, ასევე პოზიტიური ინფორმაციის მიღებით ხდება შესაძლებელი.
თუ ადამიანს არ ვაწვდით პოზიტიურ ინფორმაციას (მაგ., რა არის შედეგიანი ვირუსთან ბრძოლაში, როგორ კარგად მუშაობენ ისინი, ვინც მართლაც კარგად მუშაობს, როგორ ეხმარებიან და ზრუნავენ ადამიანები ერთმანეთზე, გამოჯანმრთელების შემთხვევები და ა.შ.), მაშინ ინფორმაციას ცალმხრივად ვაწვდით, საზოგადოებაში უსუსურობის განცდას ვაღრმავებთ და ფაქტობრივად, არ ვეხმარებით მას ამ რთულ ვითარებასთან გამკლავებაში.

რა მეთოდით შეიძება სტრესთან გამკლავება?
ვიყოთ მაქსიმალურად ინფორმირებული. ვიმოქმედოთ კარგად ცნობილი ფორმულით: შევეგუოთ იმას, რისი ცვლილებაც არ ძალგვიძს; არ დავიშუროთ ძალისხმევა იმის გასაკეთებლად, რაც ჩვენს ძალებშია და მოვუხმოთ სიბრძნეს, რომ ერთი მეორისგან გავარჩიოთ.
არ გადავიქცეთ ინფორმაციის პასიურ მიმღებებად, პირიქით, ვიყოთ ინფორმაციის აქტიური მომხმარებლები: განვსაზღვროთ, თუ როდის და დღეში რამდენჯერ (რეკომენდაციაა – ერთხელ-ორჯერ) გვინდა განვაახლოთ ინფორმაცია ეპიდემიის დინამიკაზე, დავუკვირდეთ და აღვიქვათ ინფორმაცია იმ მიზნით, რომ ის დაგვეხმაროს ჩვენი მოქმედებების დაგეგმვაში. ინფორმაციის მოძიებისას აუცილებლად გადავამოწმოთ წყაროების სანდოობა და დავეყრდნოთ მხოლოდ სანდო წყაროებს.
გვახსოვდეს, რომ ვირუსის ეპიდემიისას გარშემომყოფთა და სხვების კარგად ყოფნას შეაქვს წვლილის ჩვენს კარგად ყოფნაში, ამიტომ ვიზრუნოთ არა მარტო საკუთარ თავსა და უახლოეს გარემოცვაზე, არამედ გავითვალისწინოთ სხვების ინტერესებიც, ნუ შევქმნით ხელოვნურ დეფიციტს.
არ დავიზაროთ ჩვევებისა და ქცევების ცვლილება: დავიცვათ ინტენსიფიცირებული ჰიგიენური ნორმები, დავიჭიროთ სოციალური დისტანცია, შევეცადოთ რომ შევცვალოთ მუშაობის, დასვენების, გართობის ქცევები იმგვარად, რომ შევამციროთ ინფექციის გავრცელების რისკი.
ვიზრუნოთ ჩვენზე უფრო მოწყვლად ადამიანებზე: მარტოხელა მოხუცებზე, რისკის ჯგუფების ადამიანებზე (გულსისხძარღვთა დაავადებები და სხვა ქრონიკული დაავადებები). ვიზრუნოთ ჩვენი ოჯახის წევრ მოხუცებზე, ბავშვებზე. დავეხმაროთ განათლების სისტემას დისტანციური სწავლების რეჟიმზე გადაწყობაში. დავეხმაროთ ბავშვებს დისტანციური სწავლის მეთოდების ათვისებაში.
გვახსოვდეს, რომ ბავშვების რეაქცია შექმნილ რთულ ვითარებაზე დიდწილად არის დამოკიდებული ჩვენს რეაქციებზე, ამიტომ შევეცადოთ რომ ბავშვებსაც მივაწოდოთ დაბალანსებული ინფორმაცია, რაციონალურად, დაშინების გარეშე: როგორც რისკებზე, ასევე თავდაცვის საშუალებებსა და გზებზე. ასევე, ესაუბრეთ სოციალური დისტანცირების ღონისძიებებთან დაკავშირებული ცხოვრების წესის ცვლილების თაობაზე, რომ იგი არ იყოს დაბნეული. დაანახეთ ამ ცვლილებებთან დაკავშირებული შესაძლო პოზიტივი: მაგ., ის, რომ ახლა მეტ დროს გაატარებთ ერთად.
თუ ბავშვს შევატყვეთ, რომ ჭარბად ემოციურად უდგება სიტუაციას, უპირველეს ყოვლისა, ჩვენს თავს დავუსვათ შეკითხვა – ხომ არ ვსაუბრობთ ან ვიქცევით ოჯახში იმგვარად, რომ მასში პანიკურ რეაქციებს ვიწვევთ. შევეცადოთ გავუწიოთ ბავშვებს ემოციური მხარდაჭერა, ასაკის შესაბამისად ვითამაშოთ ან ვისაუბროთ მათთან.
შევქმნათ სათემო, სამეზობლო, სამეგობროების მასშტაბის ინფორმაციის გაცვლა-გამოცვლა-ცირკულირების მექანიზმები, რათა ვიცოდეთ, თუ ვის ესაჭიროება დახმარება და როგორ შეგვიძლია დავეხმაროთ.
შევეცადოთ ერთმანეთის გამხნევებას, ემოციურ მხარდაჭერას: გაზიარებული წუხილი განახევრებული წუხილია, გაზიარებული სიხარული გაორმაგებული სიხარულია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები