LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვაშლი – სასარგებლო ნივთიერებათა საწყობი

22
ვაშლი

ზაფხულის ვაშლი, და ზოგადად ვაშლი, სუპერხილად მიიჩნევა. იგი ჩვენი ჯანმრთელობისთვის აუცილებელი და სასარგებლოა, რადგან მას განსაკუთრებული თვისებები აქვს. არის პექტინების ბუნებრივი წყარო, რომელიც კუჭ-ნაწლავის ტრაქტში არ გადამუშავდება, სამაგიეროდ ორგანიზმში გაწმენდის, დასუფთავების ფუნქციას ასრულებს.

ზაფხულის ვაშლი სასარგებლო ნივთიერებათა საწყობია. ის შეიცავს C, B1, B2 და PP ვიტამინებს, შაქარს (ფრუქტოზას, გლუკოზას, საქაროზას), პექტინებს, მინერალურ ელემენტებს (კალიუმს, რკინას, მაგნიუმს, ქლორს, გოგირდს, ფტორს, სპილენძს, სილიციუმს და სხვა), ფიტონციდებს, ორგანულ მჟავებს (ლიმონის, ვაშლის, სალიცილის და სხვა), კატეხინებს, ცილებს, სახამებელს და ფოლიუმის მჟავას. რაც მთავარია, ეს კომპონენტები ვაშლში, ადვილად ასათვისებელი ფორმით და ჩვენი ორგანიზმისთვის მეტად ოპტიმალური კომბინაციით არის წარმოდგენილი. პექტინები, C ვიტამინი, ფრუქტოზა და მაგნიუმი, ამცირებს სისხლში ქოლესტერინის დონეს, ხელს შლის ორგანიზმში ცხიმის დაგროვებას.

ვაშლი მიჩნეულია ერთ-ერთ მძლავრ ანტიოქსიდანტად, რომელიც ფილტვებს თამბაქოს კვამლისა და ჰაერში არსებული მავნე ნაერთების ზემოქმედებისგან იცავს. ეს კარგად უნდა ახსოვდეთ მწეველებს და რეგულარულად უნდა მიირთვან ვაშლი. ზაფხულის ვაშლში შემავალი ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები, ამცირებს ათეროსკლეროზის განვითარების რისკს. ფიტონუტრიცევტული ნივთიერებები, რომლებიც უხვადაა ამ სახეობის ხილში (ასევე მის წვენში), წითელი ღვინის მსგავსი თვისებებით გამოირჩევა – ამცირებს სისხლში ქოლესტერინის დონეს. ვაშლის წვენი აჯანსაღებს გულ-სისხლძარღვთა სისტემას, სასარგებლოა გონებრივი შრომით დაკავებულთათვის. თუ საუზმემდე ორ ვაშლს მიირთმევთ, გულის დაავადებათა განვითარების რისკს 20%-ით შეამცირებთ. გამოკვლევებით დადასტურებულია, რომ ვაშლში შემავალი ფლავონოიდები და პოლიფენოლები, სიმსივნის საწინააღმდეგო ეფექტით გამოირჩევა.

გარდა იმისა, რომ ვაშლი გემრიელი პროდუქტია, მისგან ვამზადებთ ჟელეს, მურაბას, კომპოტს, ჩირს და ძმარს, ის უებარი წამალიც არიას. სწორედ მასში შემავალი კალიუმი უწყობს ხელს გულის ნორმალურ მუშაობას, ანეიტრალებს სისხლში მჟავებს, ეწინააღმდეგება სიმჟავეების ჭარბ შემცველობას სისხლსა და ორგანიზმის სხვა ქსოვილებში, ორგანიზმიდან გამოდევნის მჟაუნმჟავას, ზედმეტ ქოლესტერინს, შხამიან პროდუქტებს. ე.წ. ვაშლის დღეები ხელს უწყობს წონაში დაკლებას, მშვიდ ძილს. რაც მთავარია, ეს ხილი, სტიმულს აძლევს ტვინის ნორმალურად მუშაობას. ვაშლის დღე-ღამის ნორმაა 1-3 ცალი. ეს სასარგებლო ხილი რეკომენდებულია ავიტამინოზის, ანემიის, მწვავე კოლიტისა და ენტეროკოლიტის, ჰიპოაციდური გასტრიტის, ათეროსკლეროზის, ჰიპერტონიული დაავადების, ქოლეცისტიტის, რევმატიზმის, ნიკრისის ქარის, შარდკენჭოვანი დაავადების, დამწვრობის სამკურნალოდ. ვაშლი რეკომენდებული არ არის კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლულის დროს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები