უნდა უთხრას თუ არა მშობელმა შვილს რომ ნაშვილებია - 7 რჩევა ფსიქოლოგისგან

გადაცემის ლაივი LIVE

უნდა უთხრას თუ არა აღმზრდელმა მშობელმა შვილს რომ ნაშვილებია – მარტა ქარუმიძის გადაცემის “7 რჩევა ფსიქოლოგისგან” სტუმარია ფსიქოკონსულტანტი სოფო ბაკურაძე.

უნდა უთხრას თუ არა მშობელმა შვილს რომ ნაშვილებია?

არც თუ ისე დიდი ხნის წინ შვილად აყვანა და ნაშვილები ბავშვები ისეთივე ტაბუირებული იყო, როგორც მაგალითად სექსზე, ან თუნდაც რელიგიაზე საუბარი. საზოგადოება გაურბოდა ასეთ საკითხებს. როგორც წესი მსგავს ფაქტებს ასაიდუმლოებდნენ და ცდილობდნენ დაემალათ შვილად აყვანის ფაქტი. ადრე მიაჩნდათ, რომ ამ გზით დაიცავდნენ ბავშვს სტრესისგან, არასრულფასოვნების კომპლექსისგან.

ეს მიდგომები ნელ-ნელა იცვლება, რასაც თავისი მიზეზები აქვს. უპირველესად რაც ყველაზე ობიექტური, ცალსახაა, დამალვა არის არასწორი საქციელი თავად ნაშვილებ ადამიანთან მიმართებაში, დაუმალო მას ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინფორმაცია საკუთარი თავის შესახებ. მეორე – ყოველთვის არსებობს ძალიან დიდი რისკი იმისა, რომ ეს ამბავი მივა ბავშვის ყურამდე და არავინ იცის რა ფორმით მოხდება ეს. მესამე – თავად ბავშვი მივა ამ ლოგიკურ დასკვნამდე. საკმარისია ერთხელ მაინც, რაიმე მიზეზის გამო, გაჩნდა ადამიანში ეს ეჭვი, ის დაიწყებს ძიებას, ეცდება სიმართლის გაგებას.  როგორც წესი, ასეთი ბავშვები ისეთ რამეებზე ამახვილებენ ყურადღებას ისეთ დეტალებს გაუკეთებს ანალიზს, რომელთა წარმოდგენაც კი რთულია. ასევე მშობლებისთვისაც მუდმივი სტრესია მალო ეს ფაქტი, გეშინოდეს საიდუმლოს გამჟღავნების. როგორც წესი, ასეთი მშობლები ტყუილების ბადეში ეხვევიან და ეს მათაც ურთულებთ ცხოვრებას. შესაძლოა აღმზრდელი მშობლები აბსოლუტურად უნებლიედ გახდნენ ამ ინფორმაციის მიმწოდებლები ნაშვილები ბავშვებისთვის არავერბალური, სხეულის ენის საშუალებით, რასაც ვერც კი ათვითცნობიერებენ.

როდის დავიწყოთ ამ თემაზე საუბარი ბავშვთან და როდის?

როგორ დავიწყოთ? როგორ ვუთხრათ ბავშვს რომ ის ნაშვილებია? ამ კითხვაზე ცალსახა პასუხი არ არსებობს. არავინ იცის ერთი კონკრეტული გზა და რეცეპტი და თუ ვინმე ასე ზოგად რეცეპტს გასცემს, მგონია რომ არასწორი იქნება. ყველა ადამიანი ხომ ინდივიდუალურია. აქ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს არა მარტო ბავშვის ფსიქო-ემოციურ ტიპაჟსა და ტემპერამენტს, არამედ აღმზრდელი მშობლისასაც. რამდენი დედა-შვილიც არსებობს მიდგომაც და მეთოდიც ამის თქმის ზუსტად იმდენნაირია. ეს აუცილებლად უნდა იყოს გავლილი და მომზადებული ფსიქოლოგებთან ერთად.

რაც შეეხება დროს, თუ როდის უნდა ვუთხრათ ამის შესახებ? უმჯობესია თუ საბავშვო ბაღის ასაკში, 3-4 წლიდან დაიწყებთ საუბარს და ძალიან მოზომილად, ეტაპობრივად 6-7 წლის ასაკისთვის ნელ ნელა მიაწვდით უფრო მეტ ინფორმაციას იმ ფორმით და დოზით, რომელიც კონკრეტულად ამ ბავშვისთვის იქნება შერჩეულია აქაც რა თქმა უნდა სასურველი რომ სპეციალისტთან კონსულტირების შესაბამისად მოიქცეს მშობელი. შემდეგ უკვე ყველაზე რთული იქნება სავარაუდოდ გარდატეხის პერიოდში ამ თემაზე საუბრები. ეს ხომ ისედაც რთული ხანაა აქ შესაძლოა ბავშვ გაუჩნდეს ბიოლოგიური მშობლების პოვნის სურვილი. რაც მინდა ვთქვა, რომ აბსოლუტურად ბუნებრივი სურვილია. რაც უფრო პატარაა ბავშვი კითხვებზე პასუხის გაცემაც უფრო ადვილია. კითხვები ბავშვის ზრდასთან ერთად გართულდება. აღმზრდელ მშობელს კარგად უნდა ჰქონდეს გაანალიზებული, რომ ეს ერთჯერადი საუბარი არ იქნება, რომ ამ თემას ხშირად მიუბრუნდებიან და ეს ბუნებრივია. მზაობა მშობელსაც ჭირდება.

როგორ მოვიქცეთ თუ ბავშვს ამაზე აქვს

ძალიან მწვავე რეაქცია?

ძალიან მნიშვნელოვანია მშობელს გააზრებული ქონდეს, რომ შეუძლებელია შვილის დაცვა ყველა ნეგატიური ემოციის, დარდისა და სატკივარისგან, რაც მას ცხოვრებაში ელოდება. ისე როგორც შეუძლებელია დავიცვათ ბავშვი ხელის გაჭრისგან, მუხლის გადატყავებისგან, ზუსტად ასეა შეუძლებელი დავიცვათ ბავშვი სულიერი ტკივილისგან. ყველა მშობელს უნდა ქონდეს გააზრებული, რომ ასეთ დროს ტკივილის განცდა, დაბნეულობა, უსამართლობის შეგრძნება, მას მერე რაც მისთვის ცნობილი ხდება შვილად აყვანის ფაქტი, ბუნებრივი რეაქციაა. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ინფორმაცია მივაწოდოთ ძალიან კორექტულად, ნელ-ნელა, პოზიტიურად და ეტაპობრივად.

რას შეიძლება გრძნობდნენ ამ დროს აღმზრდელი მშობლები?

აუცილებლად უნდა ითქვას, ამ ფაქტს მშობლებიც ძალიან განიცდიან. მათ მუდმივად აქვთ მიტოვების შიში, ეშინიათ, რომ შვილს აღარ ეყვარება უწინდებურად, რომ შვილი იპოვის ბიოლოგიურ მშობლებს და წავა. ეს შიშები ხდება ძალიან ბევრი არასწორი ნაბიჯების გადაგმის საწყისი, რამაც შესაძლოა ძალიან ცუდი როლი ითამაშოს მშვილებელი მშობლისა და ბავშვის ურთიერობაზე. აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, ასეთ მშობლებს შვილად აყვანამდე ქონდეთ გაანალიზებული, გავლილი და დამუშავებული ფსიქოლოგთან ეს საკითხები. უბრალოდ მეტად ენდოთ საკუთარ შვილებს, მეტი ნდობა, თანადგომა და მხარდაჭერა გამოცხადეთ მათ.

რა არ უნდა გააკეთოს მშობელმა?

არ უნდა უძაგოს შვილს ბიოლოგიური მშობელი. არ უნდა ეცადოს დაუკარგოს შვილს მათი მოძებნის სურვილი. მშობელს უნდა ესმოდეს, რომ ეს ძალიან ბუნებრივი სურვილია. არ უნდა ეშინოდეს შვილის დაკარგვის. არავითარ შემთხვევაში არ ეცადოს მის შერცხვენას. ის ხომ თქვენი გაზრდილია და ლომის წილი მის პიროვნებად ჩამოყალიბებაში თქვენ მიგიძღვით. შესაბამისად, ნუ მისცემთ შიშს უფლებას არასწორი მიმართულებით გამოძრაოთ.

რა თქმა უნდა ისეთი ფრაზები როგორიცაა: ,,გადაგდებული იყავი და მე გაგზარდე“, ,,მადლობის მაგიერია”, ,,წყალში გადამეყარა ამდენი შრომა და ამაგი” მხოლოდ დაგაშორებთ თქვენ შვილებს. ძალიან ხშირად, მას მერე რაც გამჟღავნდება ნაშვილები შვილების ფაქტი, შვილებზე მეტად აღმზრდელ მშობლებს აქვთ სტრესი.