LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“უნარების განვითარება დამოკიდებულია მოტივაციაზე, მოტივაცია კი მიბმულია მიზანთან და ღირებულებებთან” – Fm ქოუჩი

11
irina-chochua-show-coach

გადაცემის ლაივი LIVE

რა მოქმედებს უარყოფითად უნარებისა და ნიჭის განვითარებაზე – ამ თემაზე მარტა ქარუმიძის გადაცემაში “Fm ქოუჩი”ირინა ჭოჭუამ ისაუბრა.

რაზე დამოკიდებული ადამიანის პიროვნული და პროფესიული წარმატება?

ადამიანის პიროვნული და პროფესიული წარმატება დამოკიდებულია იმაზე თუ რა ტალანტები აქვს მას და რა უნარებს ანვითარებს. ხშირად ვაწყდებით მოცემულობას, როდესაც ორი ადამიანი ერთსა და იმავე მომზადებით და გარემო პირობებით სხვადასხვა შედეგებს აღწევს. ყველა ადამიანს აქვს თავისი უნიკალური სააზროვნო სისტემა, რომელიც მოიცავს მის აღქმებს, ღირებულებებს, რწმენა-წარმოდგენებს, კომპეტენციებს, უნარებს და ქცევებს.
უნარები – ეს არის პიროვნების ინდივიდუალური ფსიქოლოგიური მახასიათებლები, რომელიც ხელს უწყობს სხვადასხვა მიმართულებით მაღალ შესრულებას. უნარები არის გამომუშავებადი, დასწავლადი და მისი განვითარება დამოკიდებულია პრაქტიკაზე. შვედი ფსიქოლოგის, ანდერს ერიქსონის კველევები გვეუბნება, რომ იმისათვის, რომ გავხდეთ ექსპერტები რაიმე კონკრეტულ საქმიანობაში, საჭიროა უნარებეზე 10 წლიანი მუშაობა და პრაქტიკა, სადაც დიდ როლს თამაშობს პიროვნების მოტივაცია, ჩართულობა, დასწავლის მეთოდები და ა.შ.

რას უწყობს ხელს რბილი უნარების განვითარება?

თანამედროვე გარემოში რბილ უნარებს, ე.წ. „სოფთ სქილებს“ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და უფრო მეტად მახვილდება ყურადღება ამაზე, ვიდრე კონკრეტულ ცოდნაზე. ადამიანი შესაძლოა ძალიან დიდ ტექნიკურ ცოდნას ფლობდეს, მაგრამ არ ჰქონდეს კომუნიკაციის უნარი, ანალიზის უნარი და ა.შ. უნარები ვლინდება შესაბამისი წვრთნის დროს და მასზე დამოკიდებულია ქცევის მოდელები. დღეს ფინური თანამედროვე განათლების სისტემა, რომელიც ასე წარმატებულია, დაფუძნებულია კონკრეტული უნარების გამომუშავებაზე.
უნარების კვლევისა და შეფასების უამრავი ინსტრუმენტი და ტექნოლოგია არსებობს. ეს ადამიანებს ეხმარებათ სწორად განსაზღვრონ, თუ რა მიმართულებით განავითარონ საკუთარი თავი, რა პროფესიაში იქნებიან მეტად წარმატებულები. მაგალითად, თუ ადამიანს აქვს კარგი მოსმენის, კომუნიკაციის, მართვის და გადაწყვეტილების მიღების უნარები, მისგან წარმატებული მენეჯერი გამოვა.
რაც შეეხება, თანდაყოლილი თუ შეძენილი უნარების თემას, ამაზე ჯერ კიდევ პლატონის დროიდან არის მსჯელობა და ბუნებრივია, აზრები იყოფა. არსებობს ერთ მოსაზრება, რომ უნარები არის თანდაყოლილი. მაგალითად, შეგვიძლია მოვიყვანოთ ბავშვი, რომელსაც ადრეულ ასაკში აქვს მიდრეკილება მუსიკისადმი. მეორე მოსაზრება გვეუბნება, რომ ეს არ არის თანდაყოლილი, არამედ არის ის, რაც ფორმირდება კონკრეტულ სოციალურ გარემოში, აღზრდისა და აღქმის შედეგად. არსებობს ნაკლებად კატეგორიული მოსაზრება, რომ უნარების საფუძველი არის გენეტიკური, თუმცა მათი გამომუშავება და შექმნა უკვე ჩვენზეა დამოკიდებული. ამისათვის კი საჭიროა პრაქტიკა, დასწავლა, თამაში და სხვ. ტომას ედისონის მოსაზრების თანახმად, გენიოსი ეს არის 1 % შთაგონება და 99 % შრომა. დიდი მოტივაციის და მონდომების ხარჯზე შეგვიძლია განვავითაროთ სასურველი. ამისი კარგი მაგალითია დემოსთენე, ერთ-ერთი უდიდესი ბერძენი ორატორი, რომელსაც მეტყველებაში ჰქონდა დაბრკოლებები, სუსტი ხმა და მოკლე სუნთქვა. თუმცა, მან შესაბამისი ვარჯიშით, მოტივაციითა და ნებისყოფით უდიდეს შედეგს მიაღწია.

მოტივაციის როლი…

უნარების განვითარება დამოკიდებულია მოტივაციაზე, მოტივაცია კი ყოველთვის მიბმულია მიზანთან და ღირებულებებთან. თუკი ადამიანი აირჩევს განავითაროს საკუთარ თავში რაიმე, ან დასახავს მიზანს, რისთვის უნდა მას ეს ყველაფერი? რას მისცემს? ეს არის ღირებულებები და სწორედ ეს არის ის სამოქმედო ენერგია, რომელსაც შედეგამდე მივყავართ.
ნიჭი განიმარტება, როგორც უნარების ხელსაყრელი კომბინაცია და შესაძლებლობების ურთიერთქმედება ამა თუ იმ საქმიანობაში, რაც უზრუნველყოფს შემოქმედებით და წარმატებულ შედეგს. თუ გადავხედავთ ხვადასხვა ისტორიულ ფიგურებს და მათ ავტობიოგრაფიებს, აქაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს შრომას, პრაქტიკას.

გოეთე ამბობდა, რომ მის ცხოვრებაში იყო უდიდესი შრომა, მიუხედავად იმისა, რომ მას ბედით განებივრებულად მიიჩნევდნენ თავისი ნიჭის გამო. „ჩემი 75 წლის ასაკში 4 კვირაც კი არ გამიტარებია ჩემი სიამოვნებისთვის“.

უნარების განვითარებისთვის ხელისშემშლელ ფატორებად სახელდება არასახარბიელო გარემო, სადაც ბავშვი იზრდება, ფსიქოლოგიური ტრავმები, მოტივაციის შენელება, ნეგატიური ემოციები. ეს ყველაფერი იწვევს ინტერესის დაქვეითებას. ინტერესი კი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია უნარების განვითარებაში.

ყველა ადამიანს აქვს თავისი უნიკალური სააზროვნო სისტემა. როდესაც ადამიანი სამეცნიერო, სახელოვნობო ან ტექნიკური მიმართულებით გამოხატავს თავის სუბიექტურ ემოციებს და მოსაზრებებს, სწორედ ეს გვაძლევს განსაკუთრებულ შედეგს.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები