LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,უკომპლექსო და ლაღი ადამიანის შთაბეჭდილებას ვტოვებ, მაგრამ სინამდვილეში საოცრად ემოციური ვარ” – ლიზა ბაგრატიონი „არტ-FM”-ში

21
FORTUNA. GE

გადაცემის ლაივი LIVE

30 ივნისს რადიო „ფორტუნასა“ და თათა სადრაძის გადაცემას „არტ-FM” მომღერალი ლიზა ბაგრატიონი სტუმრობდა, რომელმაც საკუთარ ცხოვრებასა და შემოქმედებაზე ისაუბრა.

– ლიზა, მუსიკალური კარიერის პარალელურად, უამრავ ფილმში მიიღეთ მონაწილეობა, მათ შორის ქეთი დოლიძის არაჩვეულებრივ ნამუშევარში „მარტოხელა მონადირე“. სად უფრო კომფორტულად გრძნობთ თავს – სცენაზე თუ გადასაღებ მოედანზე?

– ბუნებითაც და გარეგნობითაც ძალიან „მაზალო“ ბავშვი ვიყავი, ამიტომ ქეთი ყველა თავის ფილმში მიძებნიდა თუნდაც ეპიზოდურ როლს. ძალიან მომწონდა გადაღებები და პროფესიონალ  მსახიობებთან ურთიერთობა, ზურა ყიფშიძეზე კი, მთელი თაობა შეყვარებული იყო. ყველაზე მეტად სწორედ მას უნდოდა, რომ თეატრალურ ინსტიტუტში მესწავლა. მართალია, ვერ ჩავაბარე, მაგრამ მსახიობობა მაინც ყოველთვის ძალიან მინდოდა. ყველა დარწმუნებული იყო, რომ კარგი მსახიობი ვიქნებოდი, მაგრამ როცა ბატონმა მიხეილ კობახიძემ საკუთარ ფილმში შემომთავაზა მონაწილეობა, ძალიან შემეშინდა და კატეგორიული უარი განვაცხადე. მას შემდეგ ბევრჯერ ვთქვი უარი, რადგან ვთვლი, რომ საქმე ან პროფესიონალურად უნდა აკეთო ან საერთოდ არ უნდა მოკიდო ხელი. რა თქმა უნდა, ბევრად კომფორტულად ვარ სცენაზე, თუმცა თავის დროზე სცენის შიშიც მქონდა და დღემდე ძალიან ვნერვიულობ. სწორედ ამიტომაა, რომ ჯერ მაყურებელთან ვურთიერთობ, საკუთარ თავს დამშვიდების დროს ვაძლევ და მხოლოდ მერე ვიწყებ სიმღერას.

– რა ახალი თვისებები აღმოაჩინეთ კარანტინის პერიოდში?

– ნამდვილად არ მეგონა თუ სახლში ყოფნა ასე საინტერესო იქნებოდა, მით უფრო, რომ საოცრად მშვიდად და კომფორტულად ვიგრძენი თავი. რა თქმა უნდა, თავიდან სხვების მსგავსად მეც პანიკამ შემიპყრო, რადგან გაურკვევლობა ყოველთვის შიშს იწვევს, მაგრამ სწრაფად მოვეგე შეზღუდვებს და სახლში ყოფნითაც ვისიამოვნე.

– გაქვთ თუ არა გამოუსწორებელი შეცდომა ან ნანობთ თუ არა რაიმეს ცხოვრებაში?

– ძალიან ბევრს ვნანობ. მართალია, უკომპლექსო და ლაღი ადამიანის შთაბეჭდილებას ვტოვებ, მაგრამ სინამდვილეში საოცრად ემოციური ვარ და ვერასდროს ვივიწყებ საკუთარ შეცდომებს. უკან რომ შემეძლოს დაბუნება, ბევრ რამეს შევცვლიდი და სრულიად სხვა ცხოვრებით ვიცხოვრებდი.

– საკუთარ შეცდომებზე უფრო სწავლობთ თუ სხვისი შეცდომაც საკმარისია?

– სხვის შეცდომებზე ალბათ გენიოსები სწავლობენ, მე კი, გამოცდილების მიუხედავად მაინც არ ვარ დაზღვეული ახალი შეცდომებისგან. ასე რომ, სხვების მსგავსად ჩემი ცხოვრებაც უამრავი შეცდომის, მარცხის და წარმატების ერთიანობაა, თუმცა ბედნიერი ვარ, რომ არც სიხარული მაკლდა არასდროს, არც სიყვარული და მეგობრობა. ძალიან არ მიყვარს პრობლემებზე საუბარი, ამიტომ მხოლოდ პოზიტიურ ენერგიას გავცემ, ნეგატიურ ემოციებს კი, ჩემთვის ვიტოვებ.

– წარჩინებული გვარის შთამომავალს, გაქვთ თუ არა ოჯახური ტრადიცია, რომელსაც არასდროს ღალატობთ?

– განსაკუთრებული ტრადიციები არ გვაქვს, ჩვენც იმ ტრადიციებს მივსდევთ, რასაც ნებისმიერი ქართული, ფუნდამენტალური ოჯახი, თუმცა ნაჭრის ხელსახოცი სუფრაზე ჩვენს სახლში აუცილებელია. ბავშვობაში ყველაზე დიდი ბედნიერება არაჩვეულებრივი ადამიანების სტუმრობა იყო, რადგან სწორედ მათ მაგალითზე ვსწავლობდით ურთიერთობას, სიყვარულს და პატივისცემას.

– ყველაზე ემოციურ კონცერტს ხომ ვერ გაიხსენებთ?

– რა თქმა უნდა, ყველაზე დასამახსოვრებელი პირველი სოლო კონცერტია, რომელიც მუსიკისა და დრამის თეატრის ბაღში გაიმართა. სხვათა შორის, სწორედ ჩემი გამოსვლის დღეს დასრულდა მისი მოწყობა. თუმცა ნახევარი კონცერტი წვიმამ ჩამიშალა, ამიტომ გადადება და თავიდან ჩატარება მომიწია.

– ყოველთვის განსაკუთრებული ურთიერთობა გაქვთ თქვენს ბიძასთან, ბატონ ბუბა კიკაბიძესთან..

– გეთანხმებით, მართლაც განსაკუთრებული ურთიერთობა გვაქვს, რადგან თვითონაა განსხვავებული ადამიანი. ძალიან მომწონს მის კონცერტებში და იმ დღესასწაულში მონაწილეობა, რომელსაც თვითონ უწყობს პუბლიკას და ისეთივე დადებით ენერგიას ღებულობს მისგან. რა თქმა უნდა, ყოველთვის ვიცოდი, რომ საოცრად პოპულარული იყო, მაგრამ არ მეგონა ასე ძალიან თუ უყვარდა არა მხოლოდ ქართველ, არამედ უცხოელ მსმენელს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები