„თუ ბავშვი ტირილით ან ჩხუბით იღებს სასურველს, ის დაისწავლის, რომ მშობელს ასეთი ფორმით გააკეთებინებს ყველაფერს“ – 7 რჩევა ფსიქოლოგისგან

გადაცემის ლაივი LIVE

რატომ არის აუცილებელი ბავშვებს გამოუმუშავდეთ მოთმინების უნარი, რაში ეხმარება ეს მათ და რა როლი აქვს ამ ყველაფერში მშობელს – ამ თემაზე მარტა ქარუმიძის გადაცემაში „7 რჩევა ფსიქოლოგისგან“ ფსიქოლოგმა ლელი ყიფიანმა ისაუბრა.

რა არის მოთმინების უნარი?

მოთმინება – ეს არის ადამიანის უნარი, გადაავადო საკუთარი მოთხოვნილებები თუ სურვილები, ვიდრე სასურველს მიაღწევ. მშობლები ხშირად აღნიშნავენ, რომ მათ შვილებს არ შეუძლიათ დალოდება, მოთმენა, მაგალითად: ბავშვი სასურველი ნივთის მიღებას ითხოვს მაშინვე და თუ ვერ იღებს იწყებს ჭირვეულობას, ტირის, ზოგიერთ შემთხვევაში აწყობს ტანტრუმს. მოთმინების უნარის ფორმირება იწყება ადრეული ასაკიდან. მშობელმა უნდა გაითვალისწინოს ბავშვის ასაკობრივი თავისებურებები.

რა ასაკიდან სწავლობს ბავშვი ემოციების კონტროლს?

დაახლოებით 3 წლამდე ასაკში მიმდინარეობს თავის ტვინის იმ უბნების განვითარება, რომელიც პასუხისმგებელია ემოციებსა და კოგნიტურ პროცესებზე. თუ ბავშვი აწყობსისტერიკას“, რადგან ვერ იღებს მისთვის სასურველს,შესაძლოა არ შეუძლია საკუთარი ემოციების რეგულაცია.

გარდა ამისა, ბავშვებს სკოლამდელ ასაკში ჯერ კიდევ არ აქვთ დროის აღქმა ჩამოყალიბებული, ამიტომ იმის წარმოდგენა, რომ რაღაც შესაძლებელია მიიღოს მოგვიანებით შეუძლიათ 5 წლის ასაკიდან. სასკოლო ასაკში ბავშვებს უკვე შეუძლიათ საკუთარი სურვილების კონტროლი. თუ ბავშვს ადრეული ასაკიდან არ აქვს მოთმინების უნარი გამომუშავებული, მომავალში სირთულეები შეექმნება სწავლაში, პროფესიულ საქმიანობებში, სხვებთან ურთიერთობასა და მიზნების მიღწევაში.

ბავშვის აღზრდა იწყება დაბადებიდან, ის სწავლობს მოდელირებით. პირველი მაგალითი არის ოჯახი, შემდგომ სოციალური გარემო. ამიტომ მშობელმა ბავშვის აღზრდა უნდა დაიწყოს საკუთარი თავიდან, საკუთარ თავზე დაკვირვებითა და შესწავლით. როდესაც მშობელს სურს მისი შვილი იყოს მომთმენი, შეძლოს სურვილების გადავადება, პირველ რიგში უნდა დააკვირდეს საკუთარ თავს ყოველდღიურ ცხოვრებაში, რამდენად აქვს ეს უნარი თავად მას გამომუშავებული. მარტივი მაგალითი: როდესაც მშობელი დიდი ხანი ელოდება ტრანსპორტს, ან მოხვდა საცობში, რამდენად შეუძლია მოთმენა. რას ამბობს ამ დროს, როგორ იქცევა. ამიტომ თუ გსურთ რომ ბავშვს განუვითაროთ მოთმინების უნარი, პირველ რიგში იმუშავეთ საკუთარ თავზე. როგორ იქცევიან მშობლები სახლში, რამდენად შეუძლიათ გარკვეული საკითხების გადაწყვეტისას გამოიჩინონ მოთმინება, სწავლობს ბავშვი და სწორედ ასე იქცევა თვითონაც.

მშობელი უნდა იყოს გაწონასწორებული და არ აყვეს ბავშვისკაპრიზებს“. თუ მშობელი ბავშვი უსრულებს სურვილს, რომ ბავშვი არ ატირდეს და არ გაუნაწყენდეს, ბავშვისთვის ეს ქცევა არის დასწავლადი და ეცოდინება, რომ მისი ტირილი ან ჩხუბი ყოველთვის გაჭრის მშობელზე.

გახსოვდეთ რომ მოთმინების უნარის გამომუშავება არ ხდება ერთ დღეში ამიტომ მშობელი უნდა იყოს მომთმენი. ეს არის დროში გახანგრძლივებული პროცესი.

რას უნდა მიექცეს ყურადღება ადრეული ასაკიდან?

ადრეული ბავშვობიდანვე, რომელსაც ხელს უწყობს ძალიან ელემენტარული ქმედებები. ერთ-ერთი საშუალება არის ყურადღების გადატანა. როდესაც მშობელი დაკავებულია სახლის საქმეებით ან რაიმე სხვა სამუშაოთი, ან საუბრობს ტელეფონზე – არ უნდა მიატოვოს საქმე მხოლოდ იმიტომ, რომ ბავშვი ითხოვს ყურადღებას და მისი სურვილის შესრულებას, მნიშვნელოვანია ბავშვს ესმოდეს მშობლის. ამით ბავშვი სწავლობს ლოდინს. ბავშვის ზრდასთან ერთად მისი ნერვული სისტემისა და თავის ტვინის მუშაობა უფრო და უფრო რთულდება და კოორდინირებული ხდება, იწყება საკუთარი ემოციებისა და მოთმინების უუნარობის გამოვლენა, ამიტომ მშობელი უნდა დაეხმაროს მას ამ პერიოდის გადალახვაში, ხელი შეუწყოს განუვითაროს შრომისმოყვარეობა, თავდადება, ემოციების კონტროლი და მოთმინების უნარი. ეს ბავშვს აძლევს შესაძლებლობების ფართო სპექტრს და ხელს უწყობს მომავალში დამოუკიდებელი და გამგები პიროვნება გახდეს.

გადაცემის აუდიოჩანაწერი