LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის ბალნეოლოგიური კურორტის ბაზაზე სამედიცინო უნივერსიტეტი და 4 ვარსკვლავიანი სასტუმრო გაიხსნება

34
balneology-memorandum

“ალბათ, ყველამ უნდა ვიამაყოთ, რომ თბილისის ცენტრში გვაქვს ასეთი მარგალიტი – ადგილი, სადაც დაიბადა თბილისი” – ამის შესახებ გადაცემაში „ბიზნესნიუსი“ თბილისის ბალნეოლოგიური კურორტის კომერციულმა მენეჯერმა, სალომე ყვავილაშვილმა განაცხადა. მან ვრცლად ისაუბრა იმ სიახლეებზე, რომლებიც კურორტზე დაინერგა და ასევე, სამომავლო გეგმებზე…

-რა სიახლეებით ხვდება თბილისის ბალნეოლოგიური კურორტი ახალ ტურისტულ სეზონს?

ვიდრე სიახლეებზე ვისაუბრებდე, ჩვენი კურორტის შესახებ მინდა მოგაწოდოთ მცირე ინფორმაცია – ის, რაც თქვენმა მსმენელმა ისედაც კარგად იცის. თბილისის დაარსების ისტორია იმ მინერალურ-გოგირდოვან წყლებს უკავშირდება, რომელიც თბილისის ბალნეოლოგიური სპა-კურორტის მიწის ზედაპირიდან ამოედინება. კურორტოლოგ მიხეილ ზანდუკელის ხელმძღვანელობით, შეიქმნა უნიკალური პროექტი 1938 წელს, თუმცა ბოლო წლებში, თბილისის ბალნეოლოგიურ კურორტს დაკარგული ჰქონდა თავისი იერ-სახე. 3 წელია, რაც დავიწყეთ მისი რეაბილიტაცია, აღვადგინეთ შენობის საკმაოდ დიდი ნაწილი, რეაბილიტაციის ჩატარება მოხდა ძეგლის ღირებულებების ფარგლებში ისე, რომ არ დაუკარგავს თავდაპირველი იერ-სახე და სტილისტიკური მახასიათებლები.

რაც შეეხება მომსახურებას: ამ ეტაპზე თბილისის ბალნეოლოგიური კურორტი გთავაზობთ როგორც სამკურნალო-სამედიცინო, ასევე ბალნეო და ველნეს პროცედურებს: მინერალური წლის აბაზანები, ვულკანური წარმოშობის სამკურნალო ტალახის აპლიკაციები, პარაფინის აპლიკაციები, წყალქვეშა და მშრალი გაჭიმვები, სხვადასხვა სახის გამაჯანსაღებელი პროცედურები. ჯამში გვაქვს 2000 სახის მომსახურება.

აღსანიშნავია ისიც, რომ მუდმივად ვიზრდებით და ვვითარდებით. პანდემიის პერიოდშიც კი ჩამოგვივიდა რამდენიმე მნიშვნელოვანი სამკურნალო და სარეაბილიტაციო აპარატურა – ეს არის: უახლესი თაობის შარკოს აპარატი, ცირკულარული, აღმავალი, წყლაქვეშა მასაჟი.. ასევე „შუხმან ჯგუფთან“ ერთად გავხსენით ე.წ ვაინ სპა. ეს არის უნიკალური პროცედურები. აქ შემოსულ სტუმრებს შეუძლიათ ჩაიტარონ : საფერავის ღვინის აბაზანები, ყურძნის წიპწის ზეთით მასაჟი და სხვა…

-რა ხდებოდა თბილისის ბალნეოლოგიურ კურორტზე იმ 3 თვის განმავლობაში, როდესაც ქვეყანაში თითქმის ყველა და ყველაფერი გაჩერებული იყო. როგორ აგრძელებდით მუშაობას?

იმ ურთულეს პერიოდში ჩვენ სრული დატვირთვით ვმუშაობდით სამედიცინო და სარეაბილიტაციო მიმართულებით. რა თქმა უნდა, ველნეს-სპა და გამაჯანსაღებელი პროცედურები შეჩერებული გვქონდა. ხვალიდან უკვე ჩვეულ რეჟიმში ვაგრძელებთ მუშაობას. უდავოდ, ძალიან მძიმე პერიოდი იყო ჩვენთვისაც, რადგან არ გვყავდა მომხმარებელი. ახლა შედარებით გამოცოცხლდა სიტუაცია, თუმცა არა ისეთი აქტივობით, როგორიც იყო გასულის წლის ამავე პერიოდში.

-თქვენი მომხმარებლების დიდი ნაწილი, პანდემიამდე პერიოდში, ადგილობრივები იყვნენ, თუ საერთაშორისო ვიზიტორები?

50/50-ზე. სამწუხაროდ ბევრმა ქართველმა არ იცის, რომ დედაქალაქის შუაგულში გვაქვს უნიკალური შენობა, სადაც შეგიძლიათ მიიღოთ ყველა სახის მომსახურება ერთ სივრცეში. მსოფლიოს მასშტაბით ეს არის გამორჩეული კურორტი, რომელიც არათუ არ ჩამოუვარდება ანალოგებს, არამედ აღემატება მათ თავისი ბუნებრივი ფაქტორებით – რადგან, როგორც იცით, ჩვენს მიწის ზედაპირზე მოედინება ბუნებრივად მინერალური გოგირდოვანი წყლები, გვაქვს 6 ჭაბურღილი, რომლიდანაც ამოდის სხვადასხვა ტიპის და შემცველობის მინერალური წყლები და სხვადასხვა ტემპერატურის. ეს ყველაფერი არაჩვეულებრივია როგორც სამედიცინო მიმართულებით, ასევე ესთეტიკური მიმართულებით. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს სერვისები არის ანიდეპრესიული საშუალებები.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ უცხოელი ვიზიტორები/პაციენტები ჩვენთან, ძირითადად, ინტერესდებიან მინერალური გოგირდის წყლით, სხვადასხვა სახის მასაჟებით, ვულკანური წარმოშობის პარაფინის აპლიკაციებით…

– საინტერესოა სამომავლო გეგმებიც… რა მიმართულებით გეგმავთ კურორტის განვითარებას და უახლოეს წლებში, რისი დამატება განიხილება?

საკმაოდ ამბიციური გეგმები გვაქვს. უახლოეს მომავალში გაიხსნება სამედიცინო უნივერსიტეტი ჩვენს ბაზაზე, მშენებლობა დაწყებულია და გახსნა იგეგმება 1 წელში. გვექნება სამკურნალო ფაკულტეტი და რეაბილიტაციის მიმართულება. რაც შეეხება სასტუმროს – ამ ეტაპზე გვაქვს 30 ნომრიანი სასტუმრო, რომლიც წარმატებით ფუნქციონირებს, თუმცა დამატებით ვაშენებთ კიდევ ერთ სასტუმროს. ეს იქნება 4 ვარსკვლავიანი საერთაშორისო ბრენდის სასტუმრო, 130 ნომრიანი. მის გახსნასაც ერთ წელში განვიხილავთ.

გარდა ამისა, მუდმივად ვამატებთ ახალ სერვისებს. დაგეგმილი გვაქვს არა ერთი ინივაციური პროექტი. ერთი კვირის წინ გავხსენით არომათერაპიის კაბინეტი, სავარაუდოდ, 2 კვირაში გავხსნით ტალახის აბაზანებს. ჩვენი მიზანია მუდმივი გავითარება, მაღალი ხარისხის შენარჩუნება და ჩვენი მომხმარებლების ნდობის გამართლება.  ალბათ, ყველამ უნდა ვიამაყოთ, რომ თბილისის ცენტრში გვაქვს ასეთი მარგალიტი – ადგილი, სადაც დაიბადა თბილისი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები