LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სულ ვცდილობთ სიახლეების დანერგვას, ჩვენი მომხმარებლების განებივრებას ახალი პროდუქციით“ –  „მეტრომარტის“ ხელმძღვანელის წარმატების ფორმულა

10
warmatebis-formula

20 მაისს რადიო „ფორტუნამ“ და გვანცა ლაღიძის გადაცემამ „წარმატების ფორმულა“ ყველაზე დიდი ჰიპერმარკეტების ქსელის „მეტრომარტის“ ხელმძღვანელს ნინო ფირცხალავას უმასპინძლა, რომელმაც სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და მსმენელს წარმატების საკუთარი ფორმულა შესთავაზა.

– რა არის თქვენი პირველადი პროფესია და როდიდან გახდა ტექნიკა აქტუალური თქვენს ცხოვრებაში?

– განათლებით ვარ ქიმიკოსი, ტექნიკური უნივერსიტეტი დავამთავრე, ექიმობას ვაპირებდი, მაგრამ ქიმიურზე ჩაბარება მომიწია. ექიმობა ჩემი ბავშვობის ოცნება იყო, რომელიც ვერ ავიხდინე, თუმცა უკმაყოფილო არ ვარ. ჩემი პირველი სამსახური სწორედ ტექნიკასთან იყო დაკავშირებული და დროთა განმვალობაში მომიწია პირველადი პროფესიიდან გადახვევა და მიმართულების შეცვლა.

 – ტექნიკის ჰიპერმარკეტი შემოსავლიანი ბიზნესია დღეს, შეგვიძლია თუ არა მოვახდინოთ შედარებები წინა წლებთან?

– ტექნიკის ბიზნესი საკმაოდ რთული თემაა, კონკურენცია მძაფრია, დღითიდღე უფრო რთული ხდება ამ ბიზნესის წარმოება მომგებიანობის თვალსაზრისითაც. მძაფრი კონკურენციის გამო ახალ ბიზნესებს არ უმართლდებათ ის იმედები, რომელიც თავიდან აქვთ მომგებიანობის კუთხით. მუდმივად გვიწევს მომხმარებლის მოთხოვნების ცვლილებასთან გამკლავება, მოთხოვნების შესაბამისი პირობები და გარემო უნდა შეუქმნა მათ. მუდმივად პულსზე უნდა გეჭიროს ხელი, რომ რაღაც არ გამოგეპაროს.

-კონკურენცია ჯანსაღია?

-კონკურენცია უდაოდ ჯანსაღია, მაგრამ ძალიან მძაფრი, ამას თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს, მუდმივად ყველაფრის საქმის კურსში უნდა იყო, ვის რა უნდა, რა ხდება სამყაროში, მსოფლიოში, საქართველოში, უახლოეს სამეზობლოში…

-როგორ ხდება კადრების შერჩევა  „მეტრომარტში” და რა არის თქვენი მთავარი პრინციპი მომხმარებლებთან ურთიერთობისას?

– ჩემი მთავარი მოთხოვნაა პროფესიონალიზმი და ამასთან ერთან მონდომება და თავდადება. საქმისადმი თავდადება თუ არ გაქვს, არაფერი არ გამოგივა. ცოდნა და პროფესიონალიზმი დროთა განმავლობაში მოდის და ამის სწავლა შესაძლებელია. უნდა გიყვარდეს რასაც აკეთებ, წინააღმდეგ შემთხვევაში არაფერი გამოვა.

– თქვენ როგორ ფიქრობთ, როგორი ხელმძღვანელი ხართ?

– ვფიქრობ რომ ვარ მკაცრი, მომთხოვნი, მაგრამ სამართლიანი. ეს არის ერთი დიდი ოჯახი, სადაც ცხოვრების დიდ ნაწილს ატარებ და ადამიანური დამოკიდებულების და ურთიერთობის გარეშე, ეს საქმე არ გამოვა. როდესაც ერთ საქმეს ემსახურები უნდა გიყვარდეს კოლექტივი, საქმე და ჯამში იღებ შედეგს.


 – რა სიახლეებია დაგეგმილი „მეტრო მარტში”?

– სულ ვცდილობთ სიახლეების დანერგვას, ჩვენი მომხმარებლების განებივრებას ახალი პროდუქციით, დიდი არჩევანით, საინტერესო ფასებით. ჰიპერმარკეტის ფორმატი ითვალისწინებს იმას, რომ მომხმარებელს დახვდეს დიდი არჩევანი, უფრო მეტი ფასდაკლება, უფრო მეტი საჩუქარი, ჩვენი სლოგანიც ეს არის „უფრო მეტი“. ვცდილობთ, უფრო მეტად კომფორტული გარემო დავახვედროთ მომხმარებლებს და ჩვენგან მოლოდინიც მეტი აქვს მომხმარებელს. უამრავი აქტივობა გვაქვს დაგეგმილი, ვითვალისწინებთ სეზონებს.

– როგორია ეტიკეტი თქვენს გუნდში, დრესს კოდი და მოქცევის მთავარი წესი?

– ჩემი დრესს-კოდი როგორც წესი კლასიკურია, რადგან კომფორტულდ კლასიკურ სამოსში ვგრძნობ თავს. ოფისში ჩაცმის სტილი თავისუფალია, მაგრამ მე მაინც კლასიკურისკენ ვიხრები. ჩვენი მთავარი პრინციპი და  მთავარი მოთხოვნა თანამშრომლების მიმართ არის პუნქტუალობა.

 – საქმიანი მოლაპარაკების დროს, როგორია თქვენთვის მისაღები გარემო, როგორ უნდა დაგაინტერესოთ პოტენციურმა პარტნიორმა?

– მთავარია მივიღო საინტერესო შემოთავაზება, როგორც წესი, ვცდილობ მომზადებული წავიდე მოლაპარაკებაზე. წინასწარ ვითხოვ შეხვედრის თემას, რათა შეხვედრა არ მოხდეს მხოლოდ შეხვედრისთვის და იყოს შედეგიანი.

-აქსესუარი, რომლის გარეშეც სახლიდან არ გამოდიხართ?

– საათი, რომელიც მუდმივად მიკეთია და მობილური ტელეფონი.

– რამდენად სწრაფად იღებთ გადაწყვეტილებებს?

– ვფიქრობ და შემიძლია თამამად ვთქვა, რომ საკმაოდ სწრაფად ვიღებ გადაწყვეტილებებს.

ბლიცკითხვები:

– „მეტრომარტის“ სლოგანი?

უფრო მეტი”

– აზრი რომელიც ახლა გებადებათ?

– საინტერესო გადაცემაში ვარ.

– როგორია საქმიანი დღის საწყისი ნინო ფირცხალავასთვის?

-ყოველი დღე იწყება მოკლე შეხვედრით თანამშრომლებთან, ყავის ჭიქით ხელში.

-განტვირთვის საუკეთესო საშუალება?

– მიყვარს მუსიკის მოსმენა, სეირნობა.

რჩეული სპორტი?

– ცურვა

ჯანსაღი კვების მთავარი ინგრეიდენტი?

-ცოტა შორს ვარ ჯანსაღი კვებისგან.

ტექნიკა, რომელსაც ყველა ხშირად მოიხმართ?

– მობილური ტელეფონი.

-კერძი რომელსაც სიამოვნებით ამზადებთ?

-საერთოდ არ ვამზადებ.

საქმიანი ქალის სილამაზეზე ზრუნვის მეთოდი?

ეს გაწერილი მაქვს, კვირა დღის გარკვეული მონაკვეთი ამ საქმეს ეთმობა.

ხატავთ?

– ვერ.

– რომ ხატავდეთ, რას დახატავდით გადაცემაში „წარმატების ფორმულა”?

– დავხატავდი საქმიან ქალს.

როგორია თქვენი წარმატების ფორმულა, რა მთავარი თვისებები და უნარებია საჭირო წარმატებისთვის ნებისმიერ სფეროში?

– პირველ რიგში შრომისმოყვარეობა, ამის გარეშე არაფერი გამოვა, საქმის სიყვარული უმნიშვნელოვანესია, ადამიანი უნდა აკეთებდეს  იმას, რაც უყვარს.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები