LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სტეფანე: ცნობილი ადამიანების შვილები სხვებზე მეტ სტრესს განიცდიან, რაც სერიოზულ ზიანს აყენებს მათ ფსიქიკას

8
stefane-art-fm-fortuna

გადაცემის ლაივი LIVE

29 ოქტომბერს რადიო „ფორტუნას“ და თათა სადრაძის გადაცემას „არტ-FM“ სტეფანე სტუმრობდა, რომელმაც ახალ ნამუშევარზე, საკუთარ შემოქმედებასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

– სტეფანე, დიდი რეზონანსი გამოიწვია თქვენმა ახალმა ნამუშევარმა – პოპულარული სიმღერის „ტანგო“ ახალმა ვერსიამ, რომლის კლიპი წყალტუბოში გადაიღეთ

– პირველ რიგში ავღნიშნავ, რომ მუშაობის დაწყებამდე, ყველა პირობა სიმღერის ავტორებთან შევათანხმე, მერე კი, კლიპის გადაღებას შევუდექით, რომელმაც მართლაც უზარმაზარი ინტერესი გამოიწვია. მართალია, ზოგმა ჩათვალა, რომ ულამაზესი სიმღერა გავაფუჭე, მაგრამ უმრავლესობას კომპოზიციაც ძალიან მოეწონა და კლიპიც, რაც რა თქმა უნდა, უნიჭიერესი რეჟისორის დათო ბორჩხაძის, პროდიუსერის სანდრო გაბელაიას და ფანტასტიკური შემოქმედებითი ჯგუფის დამსახურებაა, რადგან უზარმაზარი შრომა გასწიეს და მართლაც უნიკალური სანახაობა შექმნეს. სხვათაშორის, წყალტუბოს მანმდეც ვსტუმრობდი კონცერტით, თუმცა მხოლოდ ახლა შევძელი მისი არაჩვეულებრივი არქიტექტურის დათვალიერება. მიხარია, რომ ქალაქი სწრაფად ვითარდება და მსოფლიოს საუკეთესო ტურისტულ ცენტრებს ემსგავსება.

– ვრცელდება ხმები, თითქოს უარს ამბობთ თბილისში კონცერტის გამართვაზე

– რა თქმა უნდა, მსგავსი ჭორები მცდარია, რადგან კონცერტის მოწყობისგან მხოლოდ წლის ბოლომდე ვიკავებ თავს. მართალია, უამრავი შეთავაზება მაქვს საკმაოდ სოლიდური ანაზღაურებით, მაგრამ მაინც უარის თქმა ვარჩიე, რადგან ძალიან არ მინდა მსმენელისთვის თავის მობეზრება. ვფიქრობ, ბევრად საინტერესო იქნება, თუ მცირე პაუზის შემდეგ თაყვანისმცემელს ახალი ნამუშევრებით და მასშტაბური კონცერტით შევხვდები გაზაფხულზე.

– ახალი წლის შეხვედრას სად გეგმავთ?

– ახალ წელს წინანდალში შევხვდები, სადაც მცირე პუბლიკისთვის მოვაწყობ საღამოს, მანამდე კი, ნიუ-იორკს ვესტუმრებით და ვფიქრობ, წინანდლის საახალწლო კონცერტიც  განსხვავებული, ერთგვარი ნიუ-იორკული განწყობით ჩაივლის. გეგმები და პროექტები მართლაც უამრავი მაქვს, რამდენიმე კოლაბორაციას, ახალი კომპოზიციების ჩაწერას ვგეგმავ და შეჩერებას ნამდვილად არ ვაპირებ.

– როგორ პასუხობთ კომენტარებს თქვენს პირად და შემოქმედებებით ცხოვრებაზე?

– რა თქმა უნდა, ყოველთვის საწყენია არაოობიექტური შეფასება, თუმცა თავს ვიკავებ და არასდროს ვპასუხობ. როგორც ჩანს, წლების მანძილზე იმუნიტეტი გამოვიმუშავე, ნაკლებად ვბრაზობ და ჩემს შვილსაც ხშირად ვუმეორებ, რომ ყურადღება არ მიაქციოს ჩემი მისამართით გაკეთებულ ნეგატიურ კომენტარებს. სამწუხაროდ, ცნობილი ადამიანების შვილები სხვებზე მეტ სტრესს განიცდიან, რაც სერიოზულ ზიანს აყენებს მათ ფსიქიკას.

– როგორ ახერხებთ თქვენი გოგონასთვის თავისუფალი დროის გამონახვას?

– მიხარია, რომ გადატვირთული გრაფიკის მიუხედავად, მაინც საკმაოდ დიდ დროს ვატარებ მასთან ერთად, რადგან ჩემთვის სწორედ შვილია ყველაზე პრიორიტეტული.

– უამრავი ჭორი ვრცელდება თქვენს პირად ურთიერთობებზე. რას ეტყვით მათ, ვისაც განსაკუთრებით აინტერესებს თქვენი ცხოვრება?

– სიმართლე ვთქვა, ნაკლებად ვაქცევ ყურადღებას ჭორებს. ძალიან არ მიყვარს პირად ცხოვრებაზე საუბარი, მით უფრო, რომ ახლა თავით ვარ ჩაფლული მუშაობაში.

– როგორ ატარებთ თავისუფალ დაროს, გაქვთ თუ არა ჰობი?

– დასვენება სახლში, შინაურულ გარემოში მირჩევნია, როცა გვიან ღამით მარტო ვუყურებ ფილმებს. ძალიან მომწონს ანტიკვარული ნივთების შეგროვებაც, რაც ერთგავრი ანტიდეპრესანტია ჩემთვის.

– რომელ სიმღერას გამოარჩევდით საკუთარი რეპერტუარიდან?

– ყველა სიმღერა ძალიან მიყვარს, ბოლო პერიოდის ნამუშევრებიდან კი, მაინც „ტანგოს“ გამოვარჩევდი.

– საზღვარგარეთ ხომ არ გეგმავთ გასტროლებით გამგზავრებას?

– სიამოვნებით მივიღე შეთავაზება ბერლინიდან, რომელსაც გაზაფხულზე ვეწვევით.

ქართველი მუსიკოსების ნაწილი  პოპულარობით საბერძნეთსა და ისრაელში სარგებლობს, ჩემი თაყვანისმცემელი კი, მეტწილად შეერთებულ შტატებში, ინგლისსა და გერმანიაში ცხოვრობს. ამიტომ, დეკემბრის თვეში ფილადელფისა და ნიუ-იორკშიც გავმართავთ კონცერტებს.

– რას ნანობთ ყველაზე მეტად?

– ძალიან ბევრს. ალბათ, ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე ყველას უგროვდება შეცდომები, ზოგჯერ უხეში ნათქვამით ტკენ სხვებს გულს, ზოგჯერ საკუთარ თავს აყენებ ზიანს. თუმცა, ვცდილობ წარსულზე ნაკლები ვიფიქრო და მხოლოდ აწმყოთი ვიცხოვრო, რადგან ცხოვრება ძალიან მოკლეა და ნამდვილად არ ღირს წარსულში „ქექვაზე“ დროის დაკარგვა.

– ვისთან ნატრობთ დუეტის ჩაწერას?

– სულ მალე პოპულარულ ჯგუფთან KayaKata-სთან ვგეგმავ ახალი სიმღერის ჩაწერას და კლიპის გადაღებას.

– ხშირად მონაწილეობთ მსხვილ ტელეპროექტებში, სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?

– საინტერესო შეთავაზებების მიუხედავად, მაინც თავის შეკავება გადავწყვიტე, თუმცა, ერთ-ერთმა არხმა მაინც დამითანხმა მის პროექტში ჟიურის წევრად მონაწილეობაზე.

– რას ურჩევთ თქვენს თაყვანისმცემელს და ზოგადად საზოგადოებას?

– ყველას დღევანდელი დღით ცხოვრებას და ყოველი წუთით სიამოვნების მიღებას ვურჩევ.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები