LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სიზარმაცე და კრეატიულობა ბავშვებში – 7 რჩევა ფსიქოლოგისგან

13
142486143-3671601976254073-6816929491583676535-n

გადაცემის ლაივი LIVE

სიზარმაცე და კრეატიულობა ბავშვებში – ამ თემაზე გადაცემაში „7 რჩევა ფსიქოლოგისგან“ საქართველში პოზიტიური ფსიქოთერაპიის ასოციაციის დამფუძნებელმა ლალი ბადრიძემ ისაუბრა.

რამდენად მნიშვნელოვანია ბავშვისთვის კრეატიულობის უნარის განვითარება?

ბავშვის ბედნიერ მომავალზე ზრუნვა ნებისმიერი მშობლის უმთავრესი საზრუნავია. ბავშვის ბედნიერი მომავალისთვის აუცილებელია მათ ვასწავლიდოთ გადაწყვეტილების მიღება, შემოქმედებითობა და გამბედაობა. რა არის ამისათვის საჭირო? მეტი თავისუფალი დრო, სიზარმაცის დრო ბავშვებს.

დღეს კრეატიულობა ბევრად  მოთხოვნადი გახდა, ვიდრე ოდესმე: სამყარო იცვლება, ის ცოდნა და უნარ-ჩვევები, რომლებიც გუშინ იყო საჭირო, ხვალ შეიძლება აღარ გამოგვადგეს, მაგრამ მოქნილობა, სწრაფად გადაწყობის უნარი, ინოვაციებისათვის მზაობა, ახლისა და არაჩვეულებრივის მიღების უნარი ყოველთვის ფასეულია.

რა არის კრეატიულობა ბიზნესში?

ეს არის შესაძლებლობა მუდმივად მოიფიქროთ ახალი პროდუქტები და  თქვენი კომპანიის განვითარების ახალი მიმართულებები, მოძებნოთ თავისუფალი ნიშები – განახორციელოთ განსხვავებული იდეები, რაც არ აქვთ კონკურენტებს.

კრეატიულობა საჭიროა მაშინაც, როდესაც პრობლემები წარმოიქმნება. იმისათვის, რომ მეწარმე წარმატებული იყოს, მან მუდმივად უნდა შექმნას ახალი იდეები, გადადგას მოულოდნელი ნაბიჯები, გადაუხვიოს ტრადიციულ, ზოგადად მიღებულ სქემებს.

მე გამოვყოფდი კრეატიულობის სამ კომპონენტს:

აზროვნების ორიგინალობა – ძველი იდეის განხილვა უჩვეულო ჭრილში, მისი დანახვა სხვა კუთხიდან და  არატრადიციული გზით გადაჭრის უნარი;

გონების მოქნილობა – სიტუაციიდან გამომდინარე სწრაფი გადართვის უნარი, მიმართულების შეცვლა პირდაპირ მსვლელობისას, მაგალითად, მოლაპარაკებების დროს;
აზროვნების პროდუქტიულობა – უსასრულო რაოდენობის  იდეების დაბადება,  ჰიპოთეზების შემუშავების უნარი, შეუზღუდავად, თავისუფლად აზროვნების უნარი, სხარტი აზროვნება.

ჩვენი აზროვნება უხეშად შეიძლება დაიყოს ორ ტიპად – რეპროდუქციული და პროდუქტიული. რეპროდუქციული აზროვნება ემყარება ცოდნასა და ალგორითმებს. სინამდვილეში, ყველა სწავლება მიდის ერთი მიზნისკენ, ისწავლოთ სხვადასხვა გზები, ხერხები, ინსტრუმენტები იმისათვის, რომ იპოვოთ ერთადერთი სწორი პასუხი. პროდუქტიული აზროვნება არის შესაძლებლობა იპოვოთ ახალი გამოსავალი. აქ საჭიროა ორგინალური აზროვნება და გონების მოქნილობა, და – რაც ძალიან მნიშვნელოვანია – სურვილი იარო გაუკვალავი გზით, შეიხედო საიდუმლო გამოქვაბულებში, შემოქმედ ადამიანებს არ აშინებთ “გადაუჭრელი” ამოცანები.

ბავშვები ბუნებით შემოქმედებითები არიან, ისინი ყოველთვის იგონებენ რაღაცეებს, ფანტაზიორებენ. ჩვენ მხოლოდ ამ შესანიშნავი უნარის  განვითარება გვევალება. მაგრამ სინამდვილეში რას ვაკეთებთ? ჩვენ მათ თავში ვუტენით ათასგვარ ცოდნას და ვავიწროებთ, ვახშობთ მათ კრეატიულობას. რა თქმა უნდა, ცოდნა აუცილებელია. გამოკვლევებმა აჩვენა, რომ თუ ინტელექტის კოეფიციენტი 120 – ზე ნაკლებია, კრეატივზე ლაპარაკი შეუძლებელია. კრეატიულობის კუნთივით გავარჯიშება შესაძლებელია  და მის განვითარებაზე ზრუნვა ადრეული ასაკიდანვე იწყება.

რატომ უნდა მივცეთ ბავშვებს სიზარმაცის უფლება?

მიეცით ბავშვებს დრო სიზარმაცისთვის. ჩვენი ტვინი ისეა შექმნილი, რომ კრეატიული  გადაწყვეტილებები შეიძლება დასვენების, რელაქსაციის, გაფანტული ყურადღების მომენტებში მოდის. რა თქმა უნდა, იდეები არსაიდან არ ჩნდება, მათ დაბადებას წინ უძღვის გამოსავლის მოძიებისთვის დაძაბული შრომა. იდეა არის ცოდნის, აზრების, განცდების ერთობლივი კომბინაცია, რაც სწავლისა და გამოცდილების წყალობით ჩვენს თავშია დალაგებული, დასაწყობებული. ხშირად, ქვეცნობიერი  პასუხს იღებს ამ “საწყობიდან” ყველაზე მოულოდნელ მომენტში. ჩვენ ვამბობთ: ,,გამინათდაა!” მაგრამ ეს  მხოლოდ დასვენების პირობებშია შესაძლებელი. როდესაც  ადამიანები მეკითხებიან: ,,როგორ შემიძლია გავაუმჯობესო ჩემი ეფექტურობა?”, ხშირად ვურჩევ  მოდუნებას. ეს პარადოქსალურად ჟღერს, მაგრამ კარგი დასვენების შემდეგ, თავი მართლაც  იწყებს ორიგინალურ აზროვნებას. ჩვენ საკუთარი თავისგან მუდმივად ვითხოვთ დაძაბულ რეჟიმში მუშაობას და ვცდილობთ იგივეს ჩვენი შვილებისგან. ადამიანი ყოველთვის ვერ იქნება ტონუსში. დღის განმავლობაში ბავშვს აუცილებლად  უნდა ჰქონდეს არაფრით დაკავებული, თავისუფალი, “მოსაწყენი” დრო. რომელსაც ჩვენ მოზარდები დაკარგულ, გაფლანგულ დროსაც ვეძახით,  სინამდვილეში ეს წარმოუდგენლად  ღირებული დროა. თუ ბავშვი არავის უშლის ხელს,  მისთვის შესაძლებელი ხდება მშვიდად იოცნება, იფიქროს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები