LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ მივაღწიოთ ჰოლივუდის ღიმილს – სილამაზის აკადემია

გადაცემის ლაივი LIVE

როგორ მივაღწიოთ ჰოლივუდის ღიმილს – ამ თემაზე ექიმ-სტომატოლოგმა ეკატერინე ზარქუამ გადაცემაში “სილამაზის აკადემია“ისაუბრა.

რა მეთოდები არსებობს კბილების ფორმის შესაცვლელად?

ლამაზი ღიმილი დიდ როლს ასრულებს პირველი შთაბეჭდილების მოხდენაში. ღიმილი ხშირად ვერბალური კომუნიკაციის გარეშეც კი იწვევს ნდობას, აყალიბებს დადებით განწყობას  და გავლენას ახდენს ჩვენს ინდივიდუალიზმზე. ესთეტიური სტომატოლოგია და მის ხელთ არსებული მეთოდები და საშუალებები იძლევა შესაძლებლობას, მოვახდინოთ ღიმილის ტრანფორმაცია. ადამიანისთვის იდეალურია ის ღიმილი, რომელიც ჰარმონიულად ეხამება მის სახესა და ხასიათს. იდეალურ ღიმილს შეგვიძლია მივაღწიოთ სხვადასხვა მეთოდების გამოყენებით:

იმ შემთხვევაში თუ პაციენტი უჩივის კბილთა არასწორ დგომასა და ფორმას, ორთოდონტიული (კბილების სწორ პოზიციაში მოყვანა კბილთა რკალში) გზით ამ პრობლების მოგვარება ყველაზე ოპტიმალური გზა იქნება. გათეთრებით ვიღებთ ძალიან კარგ შედეგს, თუმცა ამ მეთოდსაც აქვს ჩვენება და უკუჩვენება. შეგვიძლია პაციენტს შევთავაზოთ კომპოზიტის ვინირები. დღესდღეობით ბაზარზე არსებული საბჟენი მასალების ფერთა ფართო სპექტრი საშუალებას გვაძლევს ავარჩიოთ პაციენტისთვის სასურველი ფერი.

ხშირად მოგვმართავენ ხოლმე ღრძილოვანი ღიმილის კორექციისთვის.ეს პრობლებაც ექვემდებარება გამოსწორებას ღრძილების ლაზერული კორექციის ან ტუჩ-ღრძილოვანი მიმაგრების (გარდამავალი ნაოჭის) ქირურგიულად დაკორექტირების გზით.

ძალიან კარგ ეფექტს იძლევა ასევე ორთოპედიული ვინირების ან გვირგვინების ფიქსაციით ღიმილის კორექცია. ხდება ფერის და ფორმის  წინასწარ განსაზღვრა პაციენტთან ერთად  ღიმილის დიზაინის შემქმნელ კომპიუტერულ პროგრამაში ან მოდელზე და ექიმი და პაციენტი სატექნიკო ლაბორატორიასთან ერთად ქმნის სასურველ ღიმილს.

ხშირად ითხოვენ ძალიან თეთრი კბილის ეფექტს პაციენტები?

რაც შეეხება ძალიან თეთრ კბილებს, ეს არის ვიზუალი და პაციენტის აზრს ნამდვილად ვითვალისწინებთ, ყოველთვის წინასწარ ვადგენთ მის სურვილებსა და მოლოდინებს, რადგან ზოგ ადამიანს უნდა ძალიან ბუნებრივი კბილები ყოველგვარი რადიკალური ცვლილებების გარეშე,ზოგს-პირიქით. თუმცა არის ფაქტორები და კრიტერიუმები, რისი დაცვაც ხშირად საჭიროა, იმისთვის რომ შედეგი იყოს არა მხოლოდ ესთეტიურად, არამედ ფუნქციურადაც გამართული, რადგან ეს უკანასკნელი ძალიან ახდენს გავლენას შედეგის ხანგრძლივობაზე.

ყურადღება ექცევა სახის ნაკვთებს  და მათ გარშემო არსებული კუნთების მდგომარეობას, კბილების მიკრო და მაკროესთეტიკას, თეთრისა და ვარდისფერის(კბილების და ღრძილების )პროპორციებს, სიმეტრიული და საორიენტაციო ხაზების განსაზღვრას, პაციენტის ასაკსა და სქესს.

საკვები მოქმედებს კბილებზე?

თუ პირის ღრუს ჰიგიენა დაცულია, რაიმე განსაკუთრებული შეზღუდვა არ არსებობს, თუმცა კომპოზიტით ვინირებისა და გათეთრების შემდეგ, გარკვეული დროით ვნიშნავთ ე.წ. თეთრ დიეტას. ნადებისა და კარიესის გაჩენა ხდება იმ შემთხვევაში, როდესაც საკვების ნარჩენები დიდხანს ყოვნდება პირის ღრუში. თუმცა ჯანსაღ პირის ღრუს წელიწადში 2-ჯერ სჭირდება პროფესიონალური ჰიგიენური წმენდა. თუ პირის ღრუში არის მრავლობითი ბჟენები და ხელოვნური კონსტრუქციები, შესაძლოა პროცედურის ჩატარება 3 თვეში ერთხელაც იყოს სავალდებულო.

პირის ღრუს მოვლის ინდივიდუალურ საშუალებებს რაც შეეხება, მათი სწორად გამოყენება ძალიან ეხმარება პაციენტს დიდხანს შეინარჩუნოს როგორც საკუთარი კბილების, ასევე ხელოვნური გვირგვინებისა და ღრძილების სიჯანსაღე.