LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შაკიკი და მისი მკურნალობის ეფექტური მეთოდები – ნევროლოგი ანა ძაგნიძე

42
IMG-0041

გადაცემის ლაივი LIVE

26 ივლისს რადიო „ფორტუნას“ და თიკო დაბრუნდაშვილის გადაცემას „პულსი“ ნევროლოგი ანა ძაგნიძე სტუმრობდა, რომელმაც თანამედროვე საზოგადოებისთვის მეტად აქტუალურ პრობლემაზე – შაკიკზე ისაუბრა.

– ქალბატონო ანა, რას წარმოადგენს თავად შაკიკი?

– თამამდ შეიძლება ითქვას, რომ შაკიკი ისეთივე „ხანდაზმულია“, როგორც კაცობრიობა, ამიტომ გასაკვირი არაა, რომ უძველეს დოკუმენტებში ზუსტად ის მახასიათებლებია აღწერილი, რომელიც დღესაა აქტუალური. სამწუხაროდ, უზარმაზარი გამოცდილების მიუხედავად, მედიცინამ დღემდე ვერ შეძლო დაავადების სრულად შესწავლა, დაუდგენელია, რა იწვევს თავის ტკივილს და საიდუმლოებითაა მოცული იმ მედიკამენტების ეფექტურობა, რომლებიც ადამიანს ამ ტკივილის დაძლევაში ეხმარება.

– საინტერესოა, ითვალისწინებს თუ არა დაავადება ასაკს და სქესს?

– შაკიკი 20-40 წლის ახალგაზრდა ქალბატონების დაავადებაა, რადგან ქალებში ორჯერ უფრო ხშირად ვლინდება, ვიდრე მამაკაცებში, თუმცა გამონაკლისს ბავშვებიც წარმოადგენენ.  შაკიკი A-ტიპიურ დაავადებებს მიეკუთვნება, ამიტომ 50 წლის შემდეგ მისი გამოვლინება როგორც წესი, სხვა დაავადებითაა განპირობებული და უფრო დეტალურ დიაგნოსტიკას მოითხოვს. რა თქმა უნდა, შაკიკს მკვეთრად გამოხატული კლინიკური სურათი აქვს, რომელსაც დიაგნოზის დასმისას ვითვალისწინებთ. დაავადების ზუსტი ფორმის დასადგენად, პირველ რიგში, დეტალურ ანამნეზს ვაგროვებთ და მრავალრიცხოვანი შეკითხვებით გულდასმთ ვიკვლევთ პაციენტის მდგომარეობას. მართალია, ბევრს ძალიან უკვირს, როგორ შევძელით მისი დაავადების გამოცნობა, მაგრამ სინამდვილეში, ჩვენ გარკვეულ კლასიფიკაციას ვითვალისწინებთ, რომელიც საუკეთესო გზამკვლევია დაავადების დადგენისას. ძალიან მნიშვნელოვანია შაკიკის დიფერენციაცია მისი პირველადი წარმოქმნისას, ამიტომ უკვე ნაცად კვლევის მეთოდს ვიყენებთ, რომლიც შაკიკის კონკრეტული ფორმის დადგენასა და სხვა დაავადებისგან გამიჯვნაში გვეხმარება.

– როგორია შაკიკის ეპიდემიოლოგიური მონაცემები მსოფლიოსა და საქართველოში?

– მსოფლიოში მოსახლეობის მხოლოდ 1%-მა არ იცის, რა არის თავის ტკივილი, დანარჩენი 99% კი, გარკვეული მიზეზით ყოველთვის განიცდის მეტ-ნაკლებად მწვავე ტკივილს. აღსანიშნავია, რომ შაკიკი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფორმაა იმ პირველადი თავის ტკივილებისა, რომლებიც აბსოლუტურად უმიზეზოდ ჩნდება, ქრონიკულ ფორმას ღებულობს და ე.წ. დამოუკიდებელ დაავადებად იქცევა. სხვათაშორის, მსოფლიო სტატისტიკის თანახმად, უნარშემზღუდავ დაავადებებს შორის შაკიკი მეექვსე პოზიციაზეა, რადგან სრულად აკარგვინებს ადამიანს შრომისუნარიანობას და აბსოლუტურად უსუსურად აქცევს. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის კვალდაკვალ, რომელმაც კლველვა „თავის ტკივილის გლობალური ტვირთი“ ჩაატარა, პროფესორ ზაზა ქაცარავას ხელმძღვანელობით, ჩვენც განვახორციელეთ საპილოტო სტატისტიკური კვლევა თბილისის რამდენიმე უბანსა და კახეთის რეგიონებში, 1000-კაციანი ჯგუფი შევკრიბეთ, მათი ჩივილები გამოვიკვლიეთ და აღმოვაჩინეთ, რომ საქართველო პრაქტიკულად სრულად იზიარებს მსოფლიო სტატისტიკას.

– რამდენად ხშირად გაკითხავენ პაციენტები, რომელთაც მედიკამენტების ჭარბი და უკონტროლო მოხმარების წყალობით გაუმწვავდათ დაავადება?

– მსგავსი შემთხვევები საკმაოდ ხშირია. მეტიც, სტატისტიკის თანახმად, სწორედ ე.წ. „თავნება“ პაციენტებით ვლიდერობთ ევროპის ქვეყნებს შორის, რაც პირველ რიგში, ინფორმაციის დეფიციტით და ექიმთან ვიზიტზე პაციენტის უარით აიხსნება. სხვათაშორის, სწორედ ბატონ ზაზას ეკუთვნის აღმოჩენა, რომ შაკიკის შემთხვევაში მედიკამენტის ჭარბად მიღება უფრო ამწვავებს ტკივილს, რომლის დაამებას პაციენტი ისევ წამლებით ცდილობს და სწორედ ასე იკვრება მანკიერი წრე, საიდანაც თავის დარწევა ძალიან რთულია.

– არსებობს თუ არა გამოსავალი ამ შემთხვევაში?

– მართალია, შაკიკი ქრონიკული დაავადებაა, რომელიც მხოლოდ პოსტკლიმაქტურ პერიოდში, დაახლოებით 60 წლის ასაკში განილევა, მაგრამ არსებობს მედიკამენტები, რომელთა წყალობით თავისუფლად შეიძლება მისი მართვა. თუმცა, ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატების ექიმის რეკომენდაციის გარეშე მიღება არ შეიძლება, რადგან ყველას განსხვავებული დანიშნულება და ეფექტი აქვს. ამასთანავე, აუცილებელია გაკვეული რეჟიმის და ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვა.

– მართალია, ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვა ნებისმიერი დაავადების დროს ან მისი პრევენციის მიზნით აუცილებელია, მაგრამ პაციენტების უმრავლესობას მაინც მისი უგულველყოფა ახასიათებს. საინტერესოა, კონკრეტულად შაკიკის შემთხვევაში რას გულისხმობს ჯანსაღი ცხოვრების წესი?

– ვფიქრობ, შაკიკის თერაპიისთვის ჯანსაღი ცხოვრება ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც მედიკამენტების მიღება. აუცილებელია ფიზიკური აქტივობა, ძილის და კვების რეჟიმის დაცვა, რადგან სწორედ შიმშილია თავის ტკივილის ერთ-ერთი მთავარი მაპროვოცირებელი.

– რას გულისხმობს ეფექტური თერაპია, როცა შაკიკი ქრონიკული დაავადებაა?

– რა თქმა უნდა, სამედიცინო საზოგადოება მუდმივად ახალი სამკურნალო საშუალებების ძიებაშია. შაკიკის შეტევის დაძლევა ტკივილგამაყუჩებლებით შეიძლება, მთავარია, დროულად მიიღოს პაციენტმა სწორად შერჩეული მედიკამენტის საჭირო დოზა, რადგან თავის ტკივილის მექანიზმის ჩართვის შემთხვევაში მისი დამუხრუჭება, მით უფრო გამორთვა, პრაქტიკულად შეუძლებელია. შეტევა 4-დან 72 საათამდე გრძელდება, საიმედო ტკივილგამაყუჩებელი კი, 30-40 წუთში იწყებს მოქმედებას, მაქსიმუმ ერთ საათში ანთავისუფლებს პაციენტს ტკივილისგან და პრეპარატის მოქმედების გავლის შემდეგაც არ აძლევს ტკივილს დაბრუნების საშუალებას, ქრონიკული თავის ტკივილი, რაც თვეში 10 დღეს ან მეტი სიხშირით თავის ტკივილს გულისხმობს, პროფილაქტიკური ღონისძიებების ჩატარებას და გარკვეული მედიკამენტების რეგულარულ მიღებას მოითხოვს. სხვათაშორის, შაკიკის პროფილაქტიკის ერთ-ერთი ეფექტურ საშუალებად ბოლო წლებში ბოტულინო თერაპია ითვლება, რომელიც მართალია კოსმეტოლოგიიდან დამკვიდრდა ნევროლოგიაში, მაგრამ საოცრად შედეგიანი აღმოჩნდა, რადგან  მინიმალური უკუჩვენება აქვს და არ მოითხოვს ქიმიური ნივთიერებების რეგულარულ მიღებას.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები