LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს აქვს უნიკალური შანსი გახდეს რეგიონის ფინანსური ცენტრი – აიეტ კუკავა

10
დდ

რა არის ვენჩურული კაპიტალი, რა სიკეთეების მოტანა შეუძლია მას საქართველოსა და მისი მოქალაქეებისთვის, ასევე რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ქვეყანაში ვენჩურული კაპიტალი მოვიზიდოთ – ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე „ბიზნესნიუსის“ ეთერში საქართველოს ვენჩურული კაპიტალის ასოციაციის თავმჯდომარემ აიეტ კუკავამ ისაუბრა.

– ყველასათვის გასაგები რომ იყოს, რა არის ვენჩურული კაპიტალი ?

– ვენჩურული კაპიტალი იწყება სიტყვა „ვენჩურულიდან“, რაც ნიშნავს რისკიან ქმედებას და შესაბამისად, ეს არის რისკიან ქმედებებში ინვესტიციის განთავსება, სადაც როგორც წესი ინვესტორი ელოდება ათჯერ მეტ უკუგებას.

– რა მიზნით შეიქმნა საქართველოში ვენჩურული კაპიტალის ასოციაცია და რას მოიცავს თქვენი ასოციაციის საქმიანობა?

– ჩვენი მიზანია, ავყვეთ მსოფლიო ტრენდს. ვენჩურული კაპიტალი არის პირველ რიგში ისეთი დარგი, რომელსაც მთავრობამ და ქვეყანამ ყურადღება უნდა დაუთმოს, ვინაიდან მას შეუძლია გაცილებით მეტი შედეგის მიღება ნაკლები კაპიტალით, მეტი შედეგის მიცემა ქვეყნისთვის. ჩვენი მიზანია, საკანონმდებლო კუთხით ჩვენი დარგის და დაკავშირებული დარგების სრულყოფაც. ასევე, საერთაშორისო ინვესტორებთან, ასოციაციებთან, სხვადასხვა ორგანიზაციებთან და მთავრობასთან თანამშრომლობა.

– როგორი ვითარებაა საქართველოს კაპიტალის ბაზარზე, რა გამოწვევების წინაშე დგას ის და როგორ შეგვიძლია მოვიზიდოთ ქვეყანაში ვენჩურული კაპიტალი?

– კაპიტალის ბაზრის განვითარების გარეშე რთული იქნება ვენჩურული კაპიტალის და კერძო კაპიტალის ფონდების განვითარება. ჩვენ ვენჩურული კაპიტალის გარდა, კერძო ფონდებთანაც ვმუშაობთ, რომლებსაც დიდი როლი აქვთ ქვეყანაში და ამ ინვესტორებს, რა თქმა უნდა სჭირდებათ ლიკვიდურობა. ქართულ კომპანიაში ინვესტიციას რომ განათავსებენ, მათ უნდა შეეძლოთ, მარტივადვე გასვლა და ეს წარმოუდგენელია კაპიტალური ბაზრის გარეშე – ამ კუთხით ნამდვილად გვაქვს გამოწვევები. ვინაიდან, კაპიტალური ბაზრის ზედამხედველობა დაკისრებული აქვს ეროვნულ ბანკს, რომელსაც ამას გარდა აქვს საბანკო სფეროს, საკრედიტო კავშირების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს ზედამხედველობა. ესენი მაინც სხვა სფეროა და კაპიტალური ბაზარი არის სულ სხვა სფერო. ამიტომ, აუცილებლად უნდა მოხდეს კაპიტალური ბაზრის ზედამხედველის ინსტიტუტის დაფუძნება, კარგი მენეჯმენტი უნდა მოვიდეს, რომელსაც უნდა მიეცეს გეგმა, რომ საქართველოს აქვს უნიკალური შანსი გახდეს რეგიონის ფინანსური ცენტრი და ეს პირველ რიგში კაპიტალური ბაზრით კეთდება. კაპიტალური ბაზარი საქართველოში თუ კარგად ამუშავდა, ქვეყანა მიიღებს უზარმაზარ სარგებელს და ეს სარგებელია: ვალუტის რყევების შემცირება, საექსპორტო დარგების ზრდა, ხელფასების ზრდა, ფინანსური ხარჯები მნიშვნელოვნად შემცირდება… ამის შემდეგ, რეგიონის ყველა ქვეყანა რიგში დადგება, რომ საქართველოში განათავსოს თავისი ფინანსური ინსტრუმენტები, რითაც ჩვენი ქვეყანა უზარმაზარ შედეგს მიიღებს… ამიტომ, კაპიტალური ბაზრის განვითარება არის ძალიან საშური საქმე.

– რა ვითარებაა ვენჩურული კაპიტალის მოზიდვის კუთხით ჩვენს მეზობელ ქვეყნებში და რა უპირატესობები გვაქვს მათთან შედარებით?

-ჩვენ ძალიან ჩამოვრჩებით ამ ეტაპზე რეგიონის ქვეყნებს, თურქეთი ჩვენზე გაცილებით წინ არის, 10 თურქული კომპანია გავიდა უკვე საერთაშორისო ბირჟაზე. რუსეთი, უკრაინა, ბელორუსი ასევე წინაა ჩვენზე და რაღაც საკითხებში სომხეთიც კი გვისწრებს. ჩვენ ძალიან დავაგვიანეთ როგორც ქვეყანამ, თავის დროზე ვერ დავინახეთ საჭიროება რომ ეს დარგი განვითარებულიყო. ამიტომაც, დასაწევი ვართ რეგიონის ქვეყნებს.. ვინაიდან, ჩვენ რეგიონში გეოგრაფიულად კარგად ვართ პოზიციონირებული, საქართველოში ყველა ინვესტორი და სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქე თავს კარგად გრძნობს, სავიზო რეჟიმიც არ არის, ბიზნესის კეთების სიმარტივითაც მსოფლიოს წამყვან პოზიციებზე ვართ, დაბალი გადასახადების კუთხით ასევე წამყვან პოზიციებზე ვიმყოფებით- ეს ქვეყანამ უნდა გამოიყენოს მაქსიმალურად. სულ რაღაც 2-3 წელია საჭირო, რომ შედეგი დავინახოთ და მეზობელ ქვეყნებს დავეწიოთ.

– საინტერესოა თქვენი ასოციაციის მიზნებიც 2020 წელს – რა აქტივობები გაქვთ დაგეგმილი?

–  წელს ვგეგმავთ მთელი საქართველოსთვის უპრეცენდენტო ღონისძიებას. მთელი ქართული მედია: რადიოები, ტელევიზიები, გაზეთები, ჟურნალები – ყველა გვინდა მოვიწვიოთ და ჩვენი დაფინანსებით ჩავუტაროთ ტრენინგი, სერთიფიკატსაც გავცემთ. ტრენინგზე ქართული მედიასაშუალებები მიიღებენ  ამომწურავ ინფგორმაციას, რამდენად მნიშვნელოვანია ვენჩურული კაპიტალი. პარალელურად, ვგეგმავთ ბიზნესებთან შეხვედრას, რომლებიც მომავალში თავიანთ ვენჩურული კაპიტალის კომპანიებს დაარსებენ, ასევე შეხვედრებს სტარტაპებთან, დიასპორებთან – ყველას ცალ-ცალკე ტრენინგს ჩავუტარებთ და მივაწვდით ინფორმაციას ვენჩურული კაპიტალის სიკეთეების შესახებ. მოკლედ, 2020 წელს უამრავი გეგმა გვაქვს…

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები