LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სანამ სახმელეთო საზღვრები ჩაკეტილი გვაქვს, ტურისტების აბსოლუტურ უმრავლესობას უარს ვეუბნებით შემოვიდნენ საქართველოში – ერეკლე კოკაია

5
603cd4c56d3a4

საქართველოს მთავრობამ ოთხივე სამთო-სათხილამურო კურორტზე – ბაკურიანში, გუდაურში, მესტიასა და გოდერძიზე სასტუმროებს 25 თებერვლიდან გახსნის უფლება მისცა. მიუხედავად იმისა, რომ კერძო სექტორი დაწესებული შეზღუდვების გაუქმებას საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ითხოვდა, მთავრობამ ბიზნესს გახსნის გადაწყვეტილება მხოლოდ ერთი დღით ადრე, ანუ 24 თებერვალს შეატყობინა.

რა ხდება ამჟამად მთის კურორტებზე, რამდენად მაღალია სასტუმროების დატვირთულობა და რა გამოწვევები რჩება დღემდე ტურიზმის სექტორის წინაშე – ამ საკითხებზე „ბიზნესნიუსის“ ეთერში Inn ჯგუფის აღმასრულებელმა დირექტორმა ერეკლე კოკაიამ ისაუბრა.

რა რიცხვიდან გაიხსნა უშუალოდ Inn ჯგუფში შემავალი სასტუმროები კურორტებზე და რამდენად მაღალია საზოგადოების აქტიურობა?

ჩვენ იმდენად გახარებულები ვიყავით ამ ახალი ამბით და შეზღუდვების მოხსნით, რომ იმ დღესვე დავიწყეთ გაყიდვები… თუმცა, სასტუმროს გახსნა შევძელით 2 მარტს – ეს იყო ოფიციალური თარიღი, როდესაც სტუმრები მივიღეთ. რა თქმა უნდა, დრო სჭირდება რომ შეივსოს სასტუმრო, მითუმეტეს, დიდ სასტუმროებზე როდესაც არის საუბარი. რაც შეეხება დატვირთულობას, 30-დან 50%-ამდე ადის. განსხვავდება ეს დატვირთულობა თვითონ კურორტების მიხედვითაც, თავიანთი სპეციფიკიდან გამომდინარე. მაშინ, როდესაც ბაკურიანი ყოველთვის იყო პოპულარული ქართველ დამსვენებლებს შორის, გუდაურში დამსვენებლების აბსოლუტური უმრავლესობა იყვნენ უცხოელი ტურისტები ხოლმე. ახლა ეს მთავარი ბაზარი გამოგვაკლდა და შესაბამისად, ორივე კურორტს უწევს, რომ შიდა ბაზარზე იმუშაოს, რაც კონკურენციას ზრდის. გასათვალისწინებელია, ჩვენი თანამოქალაქეების მსყიდველუნარიანობაც, ფასები წელს შეცვლილია და დაკორექტირებულია.

-ამ ეტაპზე, თანაბარი მოთხოვნაა ორივე კურორტზე?

თანაბარი მოთხოვნა ნამდვილად არ არის. ბაკურიანი, რა თქმა უნდა, კვლავ უფრო პოპულარულია ქართველ დამსვენებლებს შორის.

-თუ წამოვიდა უკვე ჯავშნები უცხოელი დამსვენებლების მხრიდანაც?

ძირითადი ჯავშნები უცხოელების მხრიდან გვაქვს მაისის თვიდან, უფრო ზაფხულისკენ. ამ ეტაპზე, ჯერ დიდი რაოდენობით უცხოელები არ არიან საქართველოში, გარკვეული პრობლემებია, რაც ხელს უშლის მათ რომ ჩამოვიდნენ.

-ზამთრის კურორტების გახსნამდე თქვენ ბევრს საუბრობდით იმაზე, რომ ზამთრის კურორტებზე ყველა სასტუმრო ვერ გაიხსნებოდა. გამართლდა თქვენი პროგნოზები?

სამწუხაროდ, ნაწილობრივ გამართლდა იმიტომ, რომ არის სასტუმროები, რომლებსაც არ უღირდათ ოპერირების განახლება, კვლავ კადრების აყვანა და ხელფასების გადახდა. შესაბამისად, არ გაიხსნა რამდენიმე სასტუმრო, რაც მე ვიცი.

-რა ხდება ზამთრის კურორტებზე PCR ლაბორატორიებთან დაკავშირებით?

ამ ეტაპზე, PCR ლაბორატორიების პრობლემა მოგვარებულია. რამდენადაც ვიცი, ყველა კურორტზე უკვე შესაძლებელია PCR ტესტის გაკეთება.

-რა არის ის გამოწვევები, რომლის წინაშეც დღეს ტურიზმის სექტორი მაინც დგას, მიუხედავად გარკვეული რეგულაციების შემსუბუქებისა?

ბევრი გამოწვევაა დღემდე დარჩენილი. დავიწყოთ მთავარიდან: საქართველოში საზღვრები ბოლომდე არ არის გახსნილი და გარკვეული ბარიერები ხვდება უცხოელ ტურისტებს. შესაბამისად, საერთაშორისო ტურიზმის აღდგენაზე საუბარი ნაადრევია საქართველოს შემთხვევაში. კერძო სექტორის წარმომადგენლებმა არაერთხელ გავაჟღერეთ ეს და კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ აუცილებელია გაიხსნას სახმელეთო საზღვრები იგივე კანონდებლობით, იგივე შეზღუდვებითა და რეგულაციებით, რითაც გაიხსნა საჰაერო საზღვარი. ეს ხელს შეუწყობდა საერთაშორისო ტურიზმის აღდგენას ქვეყანაში. არის სხვა გამოწვევებიც, რაც ძირითადად ევროპელ ტურისტებს შეეხება. მაგალითად, თუ მათ აქვთ მიზნად, რომ იმოგზაურონ კავკასიის ქვეყნებში და ერთი ქვეყნიდან მეორეში გადავიდნენ, თითოეულ ქვეყანას თავისი რეგულაციები აქვს. მაგალითად, თუ შეხვალ სომხეთში უნდა გქონდეს PCR ტესტი გაკეთებული, მერე საქართველოში თუ შემოხვალ – იგივე PCR, მერე განმეორებით მესამე დღეს ისევ- PCR… მინიმალური რაოდენობა არის 4, რამდენჯერაც შეიძლება მოუწიოს PCR ტესტის გაკეთება მოგზაურს – ამიტომ ეს საკმაოდ დიდი გამოწვევაა, რაც ბევრს აბრკოლებს და ელოდებიან ზაფხულს, როდესაც შეიძლება შეიცვალოს მდგომარეობა.  აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოში ჩამოსული ტურისტების უმრავლესობა შემოდიოდა სახმელეთო გზით, ეს მთავარი გზა რომ ჩაკეტილია, ტურისტების აბსოლუტურ უმრავლესობას უარს ვეუბნებით შემოვიდნენ ქვეყანაში კომფორტულად. გამოწვევები, რა თქმა უნდა ბევრია.

-ტურიზმის სექტორმა მთავრობის მიმართ, რამდენიმე დღის წინ, მორიგი მიმართვა გაავრცელა, რომელშიც წარდგენილ მოთხოვებს შორის, ერთ-ერთი ქვეყანაში ვაქცინების კომერციული გზით შემოტანა იყო და სექტორი იმ განცხადებაში, ე.წ ვაქცინა ტურებზე საუბრობდა. თქვენი აზრით, რამდენად წარმატებული იქნება ვაქცინა ტურები?

თანხმობა რომ ყოფილიყო და შემოსულიყო კომერციული ვაქცინა – ამ ამბავს ძალიან ბევრი პლუსი ექნებოდა. პირველი, ნაკლები ხარჯი ექნება თვითონ სახელმწიფოს, გარდა ამისა, დაჩქარდებოდა ვაქცინაციის პროცესი, რაც ხელს შეუწყობდა ტურიზმის აღდგენას და ეკონომიკის გაჯანსაღებას. ამიტომ, ვაქცინა ტურების გაკეთება ნამდვილად შეიძლებოდა. დარწმუნებულები ვართ, რომ სხვა ქვეყნებში ნამდვილად არსებობს ხალხი, რომელსაც ვაქცინის გაკეთების რიგი არ უწევთ ჯერ თავიანთ ქვეყანაში და თანახმა იქნებიან, რომ ფული გადაიხადონ და მიიღონ ვაქცინა სხვაგან. მაგალითად, პირადად მე, რომ ვიცოდე ახლომახლო ქვეყანაში შეიძლება ვაქცინის გაკეთება, აღარ დაველოდებოდი საქართველოში შემოტანას. შესაბამისად, არის ამაზე მოთხოვნა, გვაქვს უკვე მსოფლიოში რამდენიმე მაგალითი ვაქცინა ტურების. მაგალითად, ისრაელიც გეგმავს ამის გაკეთებას, დუბაიში უკვე კაი ხანია დაწყებულია, ასევე მალდივებზე. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არაერთხელ მივაწოდეთ ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობას და მივაწვდინეთ ხმა, მათი მხრიდან ჯერ პასუხი არ ყოფილა.

-და ბოლოს, როგორია მოლოდინი, ეს ერთი თვე – ფაქტობრივად, ზამთრის სეზონის ბოლო დღეებში გახსნა, იქნება გარკვეული შეღავათი მთის კურორტებზე არსებული სასტუმროებისთვის?

ჩვენთვის, Inn ჯგუფისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ეს გახსნა, რადგან კვლავ დავაბრუნეთ ჩვენი თანამშრომლები და 100-ზე მეტ ადამიანს ხელფასი ექნება. თუმცა, რაც უფრო ადრე გაიხსნებოდა ზამთრის კურორტები, მით უფრო მეტ ადამიანს დავასაქმებდით და მით უფრო დიდი ხნის განმავლობაში… რაც შეეხება პროგნოზებს, ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ აღარ წავალთ უკან, აღარ იქნება შეზღუდვები და ჩაკეტვები. უკვე აღარ გვაქვს დარჩენილი რესურსები, რომ გავუმკლავდეთ ახალ გამოწვევებს. შესაბამისად, ვიმედოვნებთ, რომ ზაფხულში მაინც შევძლებთ დავუბრუნდეთ ჩვეულ რეჟიმს. რა თქმა უნდა, წელს ნამდვილად არ იქნება ტურიზმი იმ მრიცხველზე, რაც 2019 წელს იყო, მაგრამ არც ისეთი საშინელი იქნება, რაც 2020 წელს იყო. იმედია, ნელ-ნელა დავიწყებთ ამ სექტორის აღდგენას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ჩვენთვის – ამ სექტორში დასაქმებული ადამიანებისთვის, არამედ მთლიანად ქვეყნის ეკონომიკისთვის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები