LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,სამი თვეა იძულებით შვებულებაში ვართ… ხელოვანები განსაკუთრებით დავიჩაგრეთ” – ნინო სუხიშვილი გადაცემაში „ავტორის ხმა“

6
ninosuxishviliavtorisxma

გადაცემის ლაივი LIVE

30 ივნისს თათა სადრაძისა და გიგა კობალაძის ერთობლივ გადაცემას „ავტორის ხმა“ ქალბატონი ნინო სუხიშვილი სტუმრობდა, რომელმაც პანდემიით გამოწვეულ პრობლემებზე და მათი მოგვარების გზებზე ისაუბრა.

– ქალბატონო ნინო, რამდენად აზარალა პანდემიამ სუხიშვილების ანსამბლი და რაში ხედავთ გამოსავალს?

– რა თქმა უნდა, კორონავირუსმა მთელი მსოფლიო და პრაქტიკულად ყველა სფერო აზარალა, მაგრამ ხელოვანები განსაკუთრებით დავიჩაგრეთ, რადგან ერთის მხრივ, თვითონ გვყავს მრავალრიცხოვანი დასი, მეორეს მხრივ კი, ჩვენი საქმიანობაა წარმოუდგენელი პუბლიკის გარეშე. სამწუხაროდ, სამი თვეა იძულებით შვებულებაში ვართ, მეტიც მარტში საგასტროლო ტურიც კი შევაჩერეთ. მართალია, ორთვიანი ტურნეთი ვმოგზაურობდით აღმოსავლეთ ევროპაში, მაგრამ 54 კონცერტიდან მხოლოდ 37 ჩავატარეთ. სპორტსმენების მსგავსად მოცეკვავისთვისაც საზიანოა ხანგრძლივი პაუზა, რადგან ყოველდღიური ვარჯიში და ტონუსის შენარჩუნება სჭირდება. კონცერტები და ტურნეები ყოველთვის რამდენიმე წლით ადრე გვაქვს გაწერილი, ახლა კი, საერთოდ არ ვიცით როდის შევძლებთ ჩვეულ რეჟიმს დაბრუნებას. გარდა ამისა, საქმიანობა შეაჩერა ჩვენმა სტუდიებმაც, თითქმის 5 ათასი მოსწავლე გყვადა, რაც საკმაოდ სოლიდურ შემოსავალს უზრუნველყოფდა, ახლა კი, ისიც ხელიდან გამოგვეცალა. თუმცა, გამოსავლი მოვნახეთ და ონლაინ-სწავლების მეთოდს მივმართეთ. ახლა ნებისმიერს, ვისაც ქართული ცეკვის შესწავლა უნდა, შეუძლია დარეგისტრირდეს და გარკვეული თანხის სანაცვლოდ თვეში 8 გაკვეთილი მიიღოს ონლაინ-რეჟიმში.

– რამდენად გაიზიარეს თქვენი ინიციატივა სტუდიის მოსწავლეებმა?

– ნაწილმა მოიწონა, ნაწილისთვის კი, რთული მისაღები აღმოჩნდა. სიმართლე ვთქვა, ამგვარი მეთოდი ჩვენთვისაც ახალია, თუმცა ვფიქრობ, მაინც საინტერესო გაკვეთილები მოვამზადეთ, რადგან დეტალურად განვიხილეთ ყველა დეტალი და ილეთი. ძალიან გაგვიხარდა, როცა ჩვენს წამოწყებას ქართველი ემიგრანტები გამოეხმაურნენ, რომლებიც მანამდეც ხშირად გვთხოვდნენ მსგავსი პროექტის შემუშავებას.

– შეზღუდვების მიუხედავად ახლო მომავალში ხომ არ გეგმავთ კონცერტს?

– სავარაუდოდ ონლაინ-კონცერტს ივლისში მოვაწყობთ, რისთვისაც სპეციალურად გავაკეთეთ ღია სცენა. სირთულეების მიუუხედავად, პანდემია გარკვეული შთაგონების წყაროც გახდა, რადგან სრულიად განსხვავებულად ვიმუშავეთ ქორეოგრაფიაზე და ახალი პროექტიც მხოლოდ 10 მოცეკვავეს მივანდეთ.

– საინტერესოა, რა პროგრამით წარსდგებით პუბლიკის წინაშე?

– პროგრამაზე ჯერ მხოლოდ ვმუშაობთ, თუმცა თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ძველი წარმოდგენებისგან სრულიად განსხვავებული იქნება.

– თავად რამდენად მოგწონთ ონლაინ-კონცერტები?

– რა თქმა უნდა საინტერესოა, მაგრამ პუბლიკა მაინც ნებისმიერი ხელოვანისთვის აუცილებელი. მაქსიმალურად ვცდილობთ ახალ მოდელს მორგებას, მაგრამ მთავარი – მაყურებელსა და მოცეკვავეს შორის ურთიერთობა, მუხტის, ენერგიის გაცვლის შესაძლებლობა, მაინც დავკარგეთ.

– დასის ძირითად შემოსავალს გასტროლები და საცეკვავო სტუდიები უზრუნველყოფდნენ. ახლა როგორ ახერხებთ მატერიალური პრობლემების გადაწყვეტას?

– მართალია, ჩვენ სახელმწიფო ორგანიზაციას წარმოვადგენთ, მაგრამ ძალიან მცირე ბიუჯეტი გვაქვს, შტატიანი მოცეკვავეები დაბალი ხელფასს ღებულობენ, უშტატოები კი, მხოლოდ გასტროლების იმედად არიან, ამიტომ ყველას ძალიან გაუჭირდა. მით უფრო, რომ კულტურის სამინისტრომ ყველას შეუმცირა ბიუჯეტი. თუმცა, ჩვენ ნაკლებად შეგვეხო, რადგან მანამდეც თვითონ ვაფინანსებდით ყველა კონცერტს და ტურნეებსაც საკუთარი ხარჯით ვაწყობდით.

– სუხიშვილების ანსამბლს არასდროს აკლდა პოპულარობა, თუმცა პოპულარობა ყოველთვის სასიკეთო არ ყოფილა, რადგან ბევრი ფარულად სარგებლობს თქვენი სახელით..

– ვფიქრობ, ამგვარი პრობლემა ყველა ცნობად ადამიანს, ორგანიზაციას ერთნაირად აწუხებს, რადგან ჩვენი პოპულარობით ხშირად სარგებლობენ უცნობები, თუმცა პანდემიის დროს მათთვისაც მოვიცალეთ და სოციალური მედიის მენეჯმენტის მოწესრიგებას შევუდექით. ახლა ჩვენი მთავარი მიზანი ინტელექტუალური საკუთრების მატერიალიზაციაა, რისი მიღწევა სწორედ სოციალური მედიის გაკონტროლებით და არალეგალური პროდუქციის აღკვეთით შეიძლება. ჩვენი მუსიკის, ქორეოგრაფიის ან თუნდაც კოსტუმების პლაგიოტობა, სავაჭრო სიმბოლოს ან ლოგოს გამოყენება წლების მანძილზე გრძელდებოდა, ახლა კი, ყველაფრის საბოლოოდ მოგვარება გადავწყვიტეთ.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები