LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამეცნიერო ნაშრომი – „ნატო და არასახელმწიფოებრივი აგრესიული რელიგიური აქტორები“ გამოიცა

10
კკ

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა უმნიშვნელოვანესი სამეცნიერო ნაშრომი გამოსცა – ვახტანგ მაისაიასა და ალიკა გუჩუას მონოგრაფია – „ნატო და არასახელმწიფოებრივი აგრესიული რელიგიური აქტორები“. წიგნი საერთაშორისო უსაფრთხოების, საერთაშორისო ურთიერთობების, გეოსტრატეგიული კვლევებისა და სპეცსამსახურების ისტორიის საკითხებით დაინტერესებულ საზოგადოებას, ასევე, ძალოვანი და თავდაცვითი სტუქტურების წარმომადგენლებს ამ მიმართულებით ცოდნის გაღრმავებაში დაეხმარება.

ხსენებული მონოგრაფია საქართველოში ქართულ ენაზე გამოცემული პირველი ნაშრომია. მისი გამოყენება შეიძლება სასწავლო-მეთოდურ სახელმძღვანელოდაც.

ახალ გამოცემასთან დაკავშირებით, „ბიზნესნიუსის“ ეთერში, აღნიშნული წიგნის ავტორმა – ვახტანგ მაისაიამ ისაუბრა, რომელიც კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი, პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი და ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებშია.

ვახტანგ მაისაია:

-აღნიშნული მონოგრაფია წარმოადგენს სრულფასოვან კვლევას, რომლის მსგავსიც პირველად განხორციელდა საქართველოში, თანაც სისტემური ანალიზის ფორმატით. წიგნში განხილულია ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორებიცაა: ასიმეტრიული ომი, მეოთხე თაობის ომის თეორია, ჰიბრიდული ომი, ბიოლოგიური და ენტიმოლოგიური ომების არსი, ტერორისტულ ორგანიზაციებში მოქმედი სპეცსამსახურების მოქმედებების სტრატეგია და ტაქტიკა, ნატოს სტრატეგიული მიდგომები მეოთხე თაობის ომების წარმოებისას და ალიანსის ბირთვული დაგეგმარების სტრატეგიის რეალური არსი და ა.შ. ასევე, კვლევის უნიკალურობას განაპირობებს ის გარემოებაც, რომ მასში კარგად არის ასახული ახალი ტექნოლოგიების გავლენა საერთაშორისო წესრიგის პირობებზე და მასობრივი განადგურების იარაღის ფაქტორისა და ბირთვული უსაფრთხოების მნიშვნელობა და ამ მხრივ ნატოს ახალი გეოსტრატეგიული ამოცანების განხორციელება გლობალური სტაბილური პირობების მისაღწევად.

ნაშრომში სპეციალურად არის გამახვილებული ყურადღება იმ ფაქტზე, თუ ვინ დანერგა პირველად საქართველოში სამხედრო მეცნიერება და სამხედრო ხელოვნება, როგორც აკადემიური დარგი და საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალიზებული ქვედარგი. ამ საქმეში დიდი წვლილი მიუძღვის საქართველოში მოღვაწე ორ უდიდეს ინტელექტუალსა და ღირსეულ საზოგადო მოღვაწეს: ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორს, თადარიგის ვიცეპოლკოვნიკს, პროფესორ კახა კაციტაძეს, რომელიც გარდაიცვალა 2012 წელს და ყოფილი თავდაცვის მინისტრს, გადამდგარ გენერალ-ლეიტენანტს, ფილოსოფიის მეცნიერების დოქტორს, პროფესორ დავით თევზაძეს. სწორედ ამ ადამიანების დამსახურებაა ასეთი მნიშვნელოვანი სამეცნიერო დისციპლინების განვითარება.

აღნიშნული კვლევა ასევე პირველი გამოცემაა საქართველოში, რომელიც ცდილობს წარმოაჩინოს არასახელმწიფოებრივი სამხედრო აქტორების არსი, ისეთების, როგორებიცაა: „დაეში“ და „თალიბანი“ და აჩვენოს, რა კავშირშია მათ მიერ განხორციელებული მიზნები და ამოცანები მეოთხე თაობის ომის სტარტეგიასთან. მოცემულ სიღრმისეულ კვლევაში ძირითადად დესკრიფციული მეთოდის გამოყენებით, მიმოხილულია სამხედრო სტრატეგიისა და სამხედრო ხელოვნების გეოპოლიტიკის ძირითადი მიმართულებები და გაანალიზებულია მსოფლიო პოლიტიკურ დონეზე არსებული პროცესები, გლობალური და რეგიონული სამხედრო უსაფრთხოების ფარგლებში.

კვლევის მნიშვნელობა იმითაც გამოიხატება, რომ მასში კარგად არის გადმოცემული, თუ როგორ გარდაიქმნა უსაფრთხოების კვლევები ინტერდისციპლინურ სამეცნიერო მიმართულებად და ჩანს საქართველოში მისი შემდგომი აკადემიური განვითარების პერსპექტივები, რაც ხელს შეუწყობს საერთაშორისო და რეგიონული უსაფრთხოების პრობლემატიკის სწორად აღქმასა და ანალიტიკური უნარების გაუმჯობესებას, არა მარტო სამეცნიერო-სასწავლო, არასამთავრობო, ანალიტიკურ (think-tanks), არამედ სამთავრობო სტრუქტურების დონეზე.

პირველად საქართველოში აღნიშნულ მონოგრაფიაში წარმოჩენილია, თუ რას წარმოადგენს მეოთხე თაობის ომის კონცეფცია და სტრატეგია და მისი მნიშვნელობა სამხედრო სტრატეგიული კულტურის, ხელოვნებისა და სამხედრო პოლიტიკის განვითარების საქმეში, რომელმაც თავის მხრივ დიდი გავლენა მოახდინა თანამედროვე საერთაშორისო უსაფრთოების დინამიკაზე;

  • პირველად ქართული საზოგადოების წინაშე, ქართულ ენაზე, წარმოჩენილია, თუ რას ნიშნავს ახალი აქტორის რაობა- არასახელმწიფოებრივი რელიგიური აგრესიული აქტორი და, კონკრეტულად, დეტალურად არის გაანალიზებული ისეთი აქტორების საქმიანობა, მათი იდეოლოგია, სამხედრო დოქტრინები, სპეცსამსახურების სტრუქტურები, მათგან მომდინარე საფრთხეების მასშტაბები და ა.შ. როგორებიცაა: „ისლამური სახალიფო-დაეში“, „ალ-კაიდა“ და „თალიბანი“;
  • პირველად პოლიტიკური მეცნიერების მეთოდების _ „შემთხვევის გარჩევისა“ და „მოვლენათა ანალიზის“ ფარგლებში, განხილულია ასეთი საშიში აგრესიული ტერორისტული გაერთიანებების ჩამოყალიბებისა და მათი განვითარების პროცესები სპეციალური ახალი ქვემეთოდის გამოყენებით _ კონკრეტული მოვლენების ანალიზით რეალური დროის ფარგლებში, ანუ აწმყო დროის ფორმატით, რათა უკეთ წარმოჩენილიყო მათი მნიშვნელობა იმდროინდელი საერთაშორისო უსაფრთხოების პირობებში და როგორ უნდა ემოქმედათ მაშინდელ ლეგიტიმურ აქტორებს, მაგალითად, საქართველოს ხელისუფლებას, მათგან წამოსული საფრთხეების აღმოსაფხვრელად;
  • პირველად სრულად არის წარმოჩენილი, როგორია მასობრივი განადგურების იარაღის გაუვრცელებლობის საკითხი და განსაკუთრებით კი მისი კომპონენტის, ბიოლოგიური აგენტებისა და ბიოლოგიური ომის ფენომენი, რომელიც ამ ეტაპზე, COVID-19-ის ასიმეტრიული საფრთხის გლობალური დონის განვითარებით თუ ვიმსჯელებთ, წარმოადგენს უაღრესად საინტერესო მოვლენას და სუპერაქტუალურ თემას;
  • პირველად ფუნდამენტური კვლევის ფორმით არის გადმოცემული ნატოს თანამედროვე გეოსტრატეგიული ამოცანები და მიზნები და მისი მიდგომა მეოთხე თაობის ომის წარმოების მიმართ. აქვე აღნიშნულია ნატოს გეოპოლიტიკური განვითარების ტენდენციები პოსტბიპოლარულ ეპოქაში;
  • პირველად საქართველოში შესრულებულია სრულმასშტაბიანი კვლევა, რომელიც შეეხება ევროატლანტიკურ სივრცეში პროცესების ანალიზს სამხედრო უსაფრთხოების კუთხით და კარგად და სრულად არის წარმოჩენილი ნატოს ბირთვული სტრატეგიის დეტალები, ნატოს როლი და ადგილი მასობრივი განადგურების იარაღის გაუვრცელებლობის რეჟიმის განმტკიცებაში. მონოგრაფია თავისუფლად შეიძლება განიხილოს როგორც საქართველოში ევროატლანტიკური ღირებულებების გავრცელების ხელშემწყობი და ნატოს თემატიკის პოპულარიზაციის პროექტი, განხორციელებული სტრატეგიული კომუნიკაციის სტრატეგიის ფორმატში.

გადაცემის სრული ვერსია შეგიძლიათ, მოისმინოთ ბმულზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები