LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“სახლური ყოფა” – როგორ ვიზრუნოთ საკუთარ თავზე – 7 რჩევა ფსიქოლოგისგან

14
mziko-dalaqishvilinewsss

თვითიზოლაციამ ყველას ცხოვრება შეცვალა. როგორ შეიძლება გავიხალისოთ დრო, სახლში ყოფნის პერიოდში – ამ თემაზე მარტა ქარუმიძის გადაცემაში “7 რჩევა ფსიქოლოგისგან” ფსიქოლოგმა მზიკო დალაქიშვილმა ისაუბრა.

სახლური ყოფა – როგორ ვიზრუნოთ საკუთარ თავზე?

ახლა არის დრო იზრუნოთ საკუთარ თავზე ისე, როგორც არასდროს. საკუთარ თავზე ზრუნვა არ არის ფუფუნება, არც შეუძლებელი. ეს აუცილებელია! მთავარია ცოდნა, რაზე და როგორ გაამახვილოთ თქვენი ყურადღება. რომელ აზრს მისცეთ გასაქანი და რომელი შეაჩეროთ.

მიაქციეთ ყურადღება როგორ იწყებთ დღეს. ადრიანი დილა დაუთმეთ მხოლოდ საკუთარ თავს. გაიღვიძეთ პირველმა, დაიწყეთ დღე პოზიტიურად, შეიქმენით განწყობა. ფოკუსირდით მთავარ მიზანზე, რაც თქვენი ცხოვრების აზრი, ენერგიის წყაროა. რამდენიმე წუთი დაუთმეთ ფიქრს, რისთვის ცხოვრობთ, რა გამოძრავებთ. კარგი იქნება თუ დღეს პოზიტივით დაიწებთ, რაც თქვენი დღის გეგმას გაახალისებს. მაგალითად: დღეს მე მზად ვარ გავაკეთო ყველა ჩემი საქმე, დადებითი ენერგიით გავცე და მივიღო მხოლოდ პოზიტიური ენერგია, მივიღო მაქსიმალური სიამოვნება საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობით, საყვარელი საქმის კეთებით, მოვასწრო ყველაფერი და დღე დავასრულო მადლიერების განცდით.
დილა დაიწყეთ საყვარელი რიტუალით, იქნება ეს ყავის დალევა, ყვავილების მორწყვა თუ უბრალოდ ჰაერზე გასეირნება. შეარჩიეთ მუსიკა დილის ფონად, რაც შეესაბამისი იქნება თქვენი დღის გეგმების ფონზე. დაისახეთ პატარ-პატარა მიზნები, რომელთა შესრულებაც მიგიყვანთ დიდ მიზნამდე, დღის ბოლოსკი  იტყვით: მე ეს შევძელი! კარგი იქნება, თუ დილის რიტუალის დროს, თქვენი დღის მიზნებს და გეგმებს ჩამოწერთ.
დაგეგმეთ დღე, სადაც იქნება დრო გადანაწილებული, პრიორიტეტების მიხედვით, როგორც ვალდებულებებზე, ისე სურვილებზე. მთავარი მათ შორის ბალანსის პოვნაა!

როგორ განვთავისუფლეთ ნეგატიური აზრებისგან?

ეცადეთ, იყოთ მომენტში, იცხოვროთ აწმყოს მაქსიმალური შეგრძნებით, რას ნიშნავს ეს? გრძნობდე რას აკეთებ, რათა ყველა შენი შეგრძნების ორგანო იყოს ღია, მიიღოს ინფორმაცია და შეიგრძნოს მომენტი, მთელი თავისი შინაარსით და მოცემულობით.

არ იმოქმედოთ მექანიკურად, დასწავლილი ვალდებულების პირნათლად შესრულებისთვის, არამედ იგრძენით ის, რასაც აკეთებთ, გონებითა და შეგრძნებებით. ესაუბრეთ საკუთარ შინაგან მეს: „მე ვიცი რას ვაკეთებ, როგორ და რისთვის, ასევე, ვიცი რა მსიამოვნებს ამ პროცესში და რა არ მომწონს, ვაცნობიერებ და ვაკეთებ პასუხისმგებლობით, რაც კმაყოფილების განცდას მანიჭებს. ჩემი ვალდებულებაც ჩემი არჩევანია. ამაზე იფიქრეთ, ეს მართლაც ასეა! ამის აღიარება ძალას მოგცემთ.

უნდა თქვათ: მე ვარ პასუხისმგებელი ჩემ ცხოვრებაზე, ვზრუნავ, როგორც საკუთარ თავზე, ისე სხვაზე! ისიც ვიცი, როგორ გადავანაწილო ენერგია, რომ ის, რაც მსიამოვნებს და ის, რაც ჩემი ცხოვრების ვალდებულებაა(ჩემივე არჩეული), ერთმანეთთან ბალანსში იყოს.

თუ გყავთ ბავშვები, გაამახვილეთ ყურადღება დილის რიტუალზე. თქვენი დილის რიტუალის შემდეგ, მათ შეეგებეთ სიყვარულით, გამოხატეთ ემოცია! ისე, თითქოს პირველად დაინახეთ ისინი და დღესასწაულია თქვენთვის მათი დანახვა. თქვენი განწყობა გადამდებია, ამავე განწყობით ბავშვის დღეც დაიწყება ბედნიერად, კარგი ამბების მოლოდინით. ბავშვს გაუჩნდება განცდაში ყველაზე მნიშვნელოვანი აზრი, „მე მნიშვნელოვანი ვარ!“ დღე დაწყებული მადლიერებით, საყვარელი ადამიანების დანახვის ბედნიერებით, უკვე სიხარულია, დაიჭირეთ ეს მომენტი, დაიწყეთ დღე ამ ენერგიით!

დღის განმავლობაში, ხშირად შეცვალეთ სიტუაცია. როგორ? ჩვენ ხომ სულ სახლში ვართ?! მრავალფეროვანი გახადეთ გარემო, რის საშუალებასაც გაძლევთ, თქვენ ყველაზე უკეთ იცით, რა გიქმნით დადებით განწყობას: იქნება ეს, სახლის განათება, მუსიკა, თუ ჩასაცმელი, (ჩაიცვით ლამაზად შეგიძლიათ რამდენჯერმე შეცვალოთ კიდეც), ყურადღება მიაქციეთ ჭურჭელს, საიდანაც მიირთმევთ, იყოს ფერადი(მოგონებებით სავსე), ისეთი როგორიც თქვენ მოგწონთ და გეხალისებათ, ან გახსენებთ ვინმეს ან რამეს. ხშირად გადააადგილეთ ავეჯი. ყველაფერი ეს, შეგინარჩუნებთ განწყობასა და ცხოვრების ხალისს. გახსოვდეთ, რომ ცვალებადია ყველაფერი, მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელ სიტუაციაში ამის აღქმა გართულებულია, ყველაზე მეტად საკუთარი განწყობებით შეძლებთ სიტუაციის გამდიდრება!

ხშირად უთხარით თქვენ თავს: „მერე რა, რომ სახლში ვარ, მე ვარ ყველგან მე! ჩემი ლამაზი ცხოვრებით, მოთხოვნილებებით, მიზნებით…“ მე ყველგან და ყოველთვის ვზრუნავ ჩემ თავზე. არ ველოდები სხვას, იზრუნოს ჩემზე!
დაურეკეთ დღის განმავლობაში ერთ ადამიანს მაინც, ვინც იცით, რომ დადებით ენერგიას მოგცემთ, ასევე, მოიკითხეთ ახლობლები, ვისაც იცით რომ ჭირდებათ და გაახარებთ თქვენი ზარით.

საქმიანი დღის შუალედში, გამოითავისუფლეთ 15 წუთი, ეს დროც იქნება მხოლოდ თქვენთვის, განმარტოვდით, ან, გამოიყენეთ ეს დრო ისე როგორც თქვენ გინდათ, ნებისმიერი რამ, რაც ოდნავ მაინც მოგანიჭებთ თუნდაც სულ პატარა სიხარულს, სიამოვნებას, გამოიყენეთ, ეს დრო ამ მომენტებისთვის.

საღამო, ვახშმის პერიოდი, გაატარეთ ოჯახის წევრებთან ერთად, გააზიარეთ დღის შთაბეჭდილებები, გამოიყენეთ ეს მომენტი ენერგიის აღსადგენად, თქვენ ხომ უახლოესი ადამიანების გარემოცვაში ხართ!

თუ გყავთ ბავშვები, მნიშვნელოვანია, მათი დაძინების შემდეგაც დაიტოვოთ დროის მოკლე მონაკვეთი განმარტოებისთვის. დღის ბოლოს, ამბობთ ორ ძალიან მნიშვნელოვან წინადადებას. მადლობის და თანაგრძნობის გამომხატველს:

  1. მე დღეს ვიყავი საკმარისი, ვეცადე გამეკეთებინა ჩემი შესაძლებლობის მაქსიმუმი, თუ რამე არ მომეწონა ჩემ საქციელში ან ვთვლი, რომ შემეშალა, ვერ მოვასწარი, არ მეყო მოთმინება, არ ვიყავი საკმარისად ნაყოფიერი, გავიხსენოთ სიტყვა – არაუშავს! გათენდება ხვალინდელი დღე, ახალი შესაძლებლობებისთვის!
  2. მადლობა უთხარით საკუთარ თავს გამძლეობისთვის, მონდომებისთვის, იყავით მიმტევებელი.
    „მადლობელი ვარ დღევანდელი დღისთვის! მესმის და ვპატიობ საკუთარ თავს, შეცდომებს” – ეს დაგეხმარებათ.

გაიხსენეთ, რამდენ რამეზე გიწევთ ერთდროულად ზრუნვა და ფიქრი, აპატიეთ და გაამხნევეთ საკუთარ თავი, ეს მომენტი მნიშვნელოვანია, ასევე, მიუტევოთ სხვებსაც მათი შეცდომები – შვილებს, ქმარს, მშობლებს, მეგობრებს…

გაიხსენეთ ყველა ის ადამიანი, ვის გამოც გიხარიათ ცხოვრება, ვინც გენატრებათ, გამოხატეთ მადლიერება და სიყვარული, რომ თქვენ ისინი გყავთ. თქვენ ხართ ის, რასაც ფიქრობთ, თქვენს გარშემოც მოვლენები ვითარდება თქვენი აზრების გავლენით. დღის დასასრული ასეთი ფიქრებითა და ემოციით, სასიამოვნო დილას გაგითენებთ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები