LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საავტორო უფლებების დაცვის აუცილებლობა და კონკურენტ ორგანიზაციასთან შექმნილ კონფლიქტი – საავტორო უფლებათა ასოციაციის ხელმძღვანელი გიგა კობალაძე

16
giga-kobaladze-art-fm

გადაცემის ლაივი LIVE

21 იანვარს რადიო „ფორტუნას“ და თათა სადრაძის გადაცემას „არტ-FM“ საავტორო უფლებათა ასოციაციის ხელმძღვანელი,  გიგა კობალაძე სტუმრობდა, რომელმაც ავტორთა უფლებების დაცვის აუცილებლობასა და კონკურენტ ორგანიზაციასთან შექმნილ კონფლიქტზე ისაუბრა.

– ბატონო გიგა, როდის შეიქმნა საავტორო უფლებათა ასოციაცია?

– ასოციაცია, რომელსაც კანონით განესაზღვრა კოლექტიური მართვის ორგანიზაციის სტატუსი, 1999 წელს შეიქმნა და მას მერე, სწორედ კოლექტიური წესით არეგულირებს საავტორო და მომიჯნავე უფლებებს, გასცემს ლიცენზიას საავტორო უფლებით დაცული ნაწარმოების გამოყენებაზე (საჯარო გამოცემისა ან შესრულებაზე) და მის საფუძველზე აგროვებს ჰონორარს, რომელსაც არა მხოლოდ საქართველოში, მთელი მსოფლიოში უნაწილებს ავტორებს.

– რამდენად მნიშვნელოვანია თქვენი ასოციაციის არსებობა ქართველი და უცხოელი ავტორებისთვის?

– საავტორო უფლებათა ასოციაცია მსოფლიოს ყველა ქვეყანაში არსებობს, მისი მთავარი ფუნქცია კი, საკუთარ ტერიტორიაზე კონტროლის განხორციელება, ჰონორარის შეგროვება და განაწილებაა. ასოციაციები ურთიერთწარმომადგენლობითი ხელშეკრულების საფუძველზე თანამშრომლობენ და ასრულებენ ერთმანეთის წინაშე აღებულ ვალდებულებას.

– ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს საქართველოში თქვენი ასოციაციის მსგავსი ორგანიზაცია შეიქმნა. რამდენად შეესაბამება სიმართლეს ამგვარი ინფორმაცია?

– გეთანხმებით, მართლაც არის კიდევ ერთი კოლექტიური მართვის ორგანიზაციის შექმნის მცდელობა, თუმცა ვერ აკმაყოფილებს კანონით გაწერილ მოთხოვნებს, რომელიც ქვეყანაში ერთზე მეტი ასოციაციის არსებობას კრძალავს, არსებულს კი, სულ მცირე რამდენიმე უცხოურ ორგანიზაციასთან ავალდებულებს ურთიერთწარმომადგენლობითი ხელშეკრულების გაფორმებას, რადგან მხოლოდ ასე შეიძლება საკუთარი ავტორისთვის ჰონორარის მოთხოვნის ლეგიტიმური უფლების მოპოვება.

– რა პოზიცია აქვს ამ შემთხვევაში სახელმწიფოს?

– საქპატენტმა, რომელიც საავტორო უფლებების პოლიტიკის განმსაზღვრელი ერთადერთი სახელმწიფო ორგანოა საქართველოში, რამდენჯერმე დააფიქსირა საკუთარი პოზიცია და სწორედ კანონით გაწერილი მოთხოვნების დაცვა მოითხოვა. აღსანიაშნავია, რომ ჩვენ 242 ასოციაციასთან ვთანამშრომლობთ მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ჩვენს კონკურენტს კი, არცერთი ხელშეკრულება არ აქვს.

– რამდენად შესაძლებელია, რომ თქვენმა კონკურენტმაც გააფორმოს მსგავსი ხელშეკრულება უცხოელ კოლეგებთან?

– ჩვენს მიერ გაფორმებული ყველა ხელშეკრულება თავიდანვე ითვალისწინებს  საქართველოში მხოლოდ ერთ ორგანიზაციასთან თანამშრომლობის პირობას. უცხოურმა ორგანიზაციამ ჯერ ჩვენთან ურთიერთობაზე უნდა თქვას უარი და მხოლოდ შემდეგ გააფორმოს ხელშეკრულება ჩვენს კონკურენტთან, რომელსაც სულ მცირე 121 მსგავსი ხელშეკრულება სჭირდება ლეგიტიმაციის მისაღებად. რა თქმა უნდა, შეიძლება ერთი ტიპის რამდენიმე ორგანიზაციის არსებობა, მაგრამ კანონის თანახმად მათ არასდროს ექნებათ ერთნაირი უფლებები. კონკრეტულ სფეროში მხოლოდ ერთი სრულუფლებიანი ასოციაცია უნდა მოქმედებდეს, რათა არც მოსარგებლეს უფლება დაირღვეს, რომელსაც ორჯერ მოუწევს ფულის გადახდა, არც ავტორის, რომელიც საკუთარი ნაწარმოების რეალიზაციაზე, ფასის განსაზღვრასა და გამოყენების პირობებზე დაკარგავს კონტროლს.

– რამდენადაც ვიცი, კონკურენტ ორგანიზაციასთან სამართლებრივი დავაც წამოიწყეთ?

– გეთანხმებით, პროცესი რამდენიმე თვეა მიმდინარეობს. დარწმუნებული ვარ, სასამართლო მხოლოდ კანონზე დაყრდნობით მიიღებს გადაწყვეტილებას, რითაც კიდევ ერთხელ დადასტურდება მისი პირობების შესრულების აუცილებლობას.

– აქვთ თუ არა უცხოურ ორგანიზაციებს გაერთიანების და თქვენს კონკურენტნან  კოლექტიური ხელშეკრულების გაფორმების უფლება?

– მსგავსი რამ წარმოუდგენელია, რადგან როგორც უკვე ავღნიშნე, ხელშეკრულება მხოლოდ ერთ ორგანიზაციასთან თანამშრომლობას ითვალისწინებს.

– რამდენად შესაძლებელია კანონის ინტერპრეტირება და საქართველოში რამდენიმე ორგანიზაციის არსებობის დაშვება, რა ბედი ეწევათ ამ შემთხვევაში ქართველ ავტორებს და იმ უცხოურ ორგანიზაციებს, ვინც მანამდე მხოლოდ თქვენთან თანამშრომლობდა?

– თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მოსარგებლეს, ვინც ჩვენთან თანამშრომლობს, აქვს ლიცენზია და იხდის ჰონორარს, არანაირი საფრთხე არ ემუქრება, რადგან სწორედ ჩვენი ლიცენზია იძლევა გარანტიას, რომ მესამე პირის ნებისმიერი, მათ შორის ფინანსური პრეტენზიის შემთხვევაში, ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე. შეუძლებელია კანონის ინტერპრეტირება, შეიძლება მხოლოდ მისი შეცვლა, რისი პრეცენდენტი უკვე გვქონდა უკრაინაში, როცა 2013 წელს გაუქმდა ურთიერთწარმომადგენლობითი ხელშეკრულების გაფორმების აუცილებლობა, რამაც უამრავი უსიამოვნება გამოიწვია – 19 ახალი ორგონიზაცია შეიქმნა და 25-ჯერ შემცირდა ჰონორარი, საგრძნობლად იზარალეს ავტორებმა და სახელმწიფოც იძულებული გახდა ისევ აღედგინა ძველი შეზღუდვა. სიმართლე ვთქვა, ნაკლებად მჯერა, რომ ჩვენს ქვეყანაში კანონი შეიცვლება, რადგან საავატორო უფებების დაცვა არა მხოლოდ ავტორისა და მოსარგებლისთვის, არამედ სახელმწიფოსთვისაა პრიორიტეტული, რაც ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებითაც დაადასტურა. ევროკავშირის წინაშე აღებული ოთხი ძირითადი ვალდებულებიდან ერთ-ერთ სწორედ ინტელექტუალური საკუთრების, მათ შორის საავტორო უფლებების დაცვაა.

– მართალია, ასოციაცია 1999 წელს შეიქმნა, მაგრამ ლიცენზიის გაცემა მხოლოდ 2006 წლიდან დაიწყო. საინტერესოა, რატომ პასიურობდა მანამდე ?

– 1999 წელს სახელმწიფომ ჯერ საავტორო უფლების დაცვის კანონი მიიღო, მერე კი, ასოციაცია შეიქმნა მის საფუძველზე, რომელმაც მხოლოდ კანონის მოთხოვნის დაკმაყოფილების და უცხოურ ორგანიზაციებთან ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ მიიღო ლიცენზიის გაცემის და ჰონორარის შეგროვების ლეგიტიმაცია. აღსანიშნავია, რომ დღეს პრაქტიკულად ყველა უცხოურ ასოციაციასთან გვაქვს გაფორმებული მსგავსი ხელშეკრულება.

– როგორ შეაჯამებთ 2019 წელს, რას თვლით თქვენს მთავარ მიღწევად?

– ვფიქრობ, მთავარი მონაპოვარი საზოგადოების ცნობიერების გაზრდაა. დღეს აღარავინ დავობს საავტორო უფლებების დაცვის აუცილებლობაზე. ამასთანავე, პრობლემების მიუხედავად, გასულ წელს 10%-ით (5, 5 მლნ. ლარი) გაიზარდა ასოციაციის მიერ შეგროვილი და განაწილებული ჰონორარი, რაც 500 000 ლარით აღემატება წინა წელის მონაცემებს.

– რამდენი ავტორია თქვენს ასოციაში გაერთიანებული?

– ასოციასიასთან 2 000 ქართველი ავტორი თანამშრომლობს მუსიკის, ლიტერატურის, ფოტოგრაფიის და სხვა სფეროდან.

– საინტერესოა, ყველაზე ხშირად რა პრობლემით მოგმართავენ ავტორები?

– პროგრესის მიუხედავად, ქვეყანაში მაინც ვერ ჩამოყალიბდა ინტელექტუალური საკუთრების დაცვის კულტურა, ამიტომ ავტორებიც მეტწილად უფლებების დარღვევას უჩივიან, რაც ხშირად სასამრთლო გარჩევით სრულდება.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები