LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ უნდა რეალიზდნენ და განვითარდნენ ახალგაზრდები – FM ქოუჩი

14
nina-gogoladze-news

გადაცემის ლაივი LIVE

როგორ უნდა რეალიზდნენ და განვითარდნენ ახალგაზრდები – ამ თემაზე მარტა ქარუმიძის გადაცემაში “FM ქოუჩი” ტრენერმა ნინა გოგოლაძემ ისაუბრა.

რა სჭირდებათ ახალგაზრდებს რეალიზებისთვის?
დღესდღეობით ყველა აღიარებს, რომ ადამიანები სწავლობენ ან უნდა სწავლობდნენ მთელი ცხოვრების განმავლობაში, თუმცა, უფრო კონცენტრირებულად ეს ბავშვობისა და ახალგაზრდობის ასაკში ხდება. განათლების მიზანი ზოგადად არის, რომ ადამიანი მოამზადოს ზრდასრული ცხოვრებისთვის, დაეხმაროს გზის პოვნაში, თავის დამკვიდრებაში და იმაში, რომ ის იყოს რეალიზებული და, საბოლოო ჯამში, ბედნიერი იყოს. ჩვენი მსმენელისთვის, დარწმუნებული ვარ, ცნობილია, რომ სწავლა არ ხდება მხოლოდ სკოლასა თუ სხვა ფორმალურ საგანმანათლებლო დაწესებულებაში. ის ხდება ამ ფორმალურ დაწესებულებებს გარეთაც და ხდება სულ უფრო და უფრო ინტენსიურად. ამისი მიზეზი მარტივია – სამყარო სწრაფად იცვლება, ვითარდება, ხდება სულ უფრო ნაკლებად პროგნოზირებადი, შესაბამისად, ადამიანებსაც უწევთ, ფეხი აუწყონ ცვლილებებს და მუდმივად ისწავლონ, განვითარდნენ.

ბავშვებისა და ახალგაზრდების მიმართ მოლოდინები ძალიან მაღალია…

მოლოდინი მარლაც მაღალია. მათ ყველაფერი უნდა იცოდნენ, ყველაფერი უნდა შეეძლოთ, უნდა იყვნენ წარმატებულები, უნდა გაამართლონ მშობლებისა და ნათესავების იმედები. დამსაქმებლები ამბობენ, რომ იმისათვის, რომ ახალგაზრდებმა თავი დაიმკვიდრონ შრომის ბაზარზე, მათ თავიანთ უშუალო საქმიანობასთან ერთად უნდა შეეძლოთ: კომუნიკაცია, კონფლიქტურ სიტუაციაში სწორად მოქცევა, სტრესთან გამკლავება, ემოციების მართვა, სირთულეების გადალახვა, საკითხების შემოქმედებითად გადაჭრა, პრობლემების მოგვარება, ახალ ტექნოლოგიებს უნდა ფლობდნენ და ა.შ. რამდენად ჯანსაღია ასეთი მაღალი მოთხოვნების წაყენება ახალგაზრდებისთვის ერთი საკითხია, თუმცა ამ წუთას ამაზე არაა საუბარი.

საუბარი არის იმაზე, თუ რით ვეხმარებით მათ, რა ხელშემწყობ მექანიზმებს, მიდგომებსა თუ სივრცეებს ვთავაზობთ განვითარებისთვის, საკუთარი პოტენციალის აღმოჩენისა და რეალიზებისათვის. იმისათვის, რომ შეიძინონ ის საკვანძო კომპეტენციები, რომლებიც სჭირდებათ, იპოვონ საკუთარი თავი და იყვნენ ბედნიერები. ამ მიზანს ემსახურება „ახალგაზრდული საქმიანობა“ – იგივე არაფორმალური განათლება ახალგაზრდებთან. მისი დანიშნულებაა, უპასუხოს ახალგაზრდების მრავალფეროვან საჭიროებას, შეუქმნას სივრცე განვითარებისთვისა და თვითრეალიზებისთვის და დაეხმაროს მათთვის საჭირო ე.წ. გარდამავალი კომპეტენციების განვითარებაში. თუკი ფორმალურ განათლებაში გვყავს მასწავლებელი, არაფორმალურ განათლებაში გვყავს ე.წ. ახალგაზრდული მუშაკი, რომელიც შეიძლება ახალგაზრდებთან მუშაობდეს სკოლაშიც (გაკვეთილების შემდგომ), ახალგაზრდულ ცენტრებშიც, მუნიციპალიტეტებში და ქუჩაშიც კი.

ვინ არიან ახალგაზრდა მუშაკები?
ახალგაზრდული მუშაკი ევროპის რიგ ქვეყნებში დიდი ხანია აღიარებული პროფესიაა. მაგალითად, ირლანდიაში უკვე ათეული წელიწადია, რაც ბაკალავრიატი არსებობს ახალგაზრდული მუშაკის, აღარ ვლაპარაკობ სამაგისტრო და სასერტიფიკატო პროგრამებზე. ჩვენთანაც არიან პრაქტიკოსი ახალგაზრდული მუშაკები, რომლებიც მუშაობენ ახალგაზრდებთან და ხშირ შემთხვევაში, არც კი იციან, რომ რასაც ისინი აკეთებენ, ახალგაზრდული საქმიანობა ჰქვია.
რაც შეეხება იმას, თუ კონკრეტულად როგორ მუშაობს ახალგაზრდული მუშაკი, მეთოდები არის ძალიან მრავალფეროვანი, მიმზიდველი, საინტერესო. ეს შეიძლება მოიცავდეს ყველასთვის კარგად ცნობილ ტრენინგს და ქოუჩინგს. ახალგაზრდული საქმიანობის მეთოდებია ექსპერიმენტული სწავლება ღია ცის ქვეშ, ციფრული ახალგაზრდული საქმიანობა, იგივე ბანაკები, სხვადასხვა სათავგადასავლო და შემოქმედებითი სავარჯიშოები, აქტივობები, სადაც ახალგაზრდები, ფაქტობრივად, დიდი ცხოვრების რეპეტიციას გადიან და უფრო მეტად აღჭურვილები ხდებიან, ერთვებიან საზოგადოებრივ ცხოვრებაში და უკეთ შეაქვთ წვლილი ზოგადად ქვეყნის განვითარებაშიც.
დღესდღეობით, ამ საკითხებზე აქტიურად მუშაობს „ახალგაზრდობის სააგენტო“, ცდილობს, ხელი შეუწყოს ახალგაზრდული მუშაკის პროფესიად ჩამოყალიბებას და ამ კარგ საქმეში მას ეხმარება ევროპის საბჭო, ევროკავშირი, სადაც ეს სისტემა უკვე წლებია დამკვიდრებულია და წარმატებით მუშაობს.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები