LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ უნდა მოამზადოთ ბავშვი პირველი კლასისთვის – 7 რჩევა ფსიქოლოგისგან

5
teo-gubianurii

გადაცემის ლაივი LIVE

როგორ უნდა მოამზადოთ ბავშვი პირველი კლასისთვის – ამ თემაზე მარტა ქარუმიძის გადაცემაში “7 რჩევა ფსიქოლოგისგან” ფსიქოლოგმა თეო გუბიანურმა ისაუბრა.

ყველასთვის ცნობილია, რომ ბავშვის განვითარება ხანგრძლივი პროცესია. ხანგრძლივია მისი ფიზიოლოგიური ზრდის პროცესიც, ასევე, მისი ფსიქიკის განვითარება, რადგან ნებისმიერი ფუნქციის განვითარება ჯაჭვურად, იერარქიულად ხდება, ერთმანეთზე დაშენებით. რასაც ბავშვი ზრდის პროცესში ავლენს: ლაპარაკი, ხატვა, სიმღერა, ცეკვა, წერა, კითხვა – არის „უნარი“. ანუ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბავშვს განუვითარდა წერის უნარი, კითხვის უნარი და ა.შ. მოდით ჩავიხედოთ შიგნით და შევხედოთ მექანიზმს, როგორ მუშაობენ ეს უნარები; იოლი შესამჩნევია, რომ ზოგიერთი ამ უნარიდან შედარებით მარტივია (ბაზისური), ზოგი უფრო რთული. მარტივია ის, რომელსაც ბავშვი შედარებით მალე ითვისებს, ხანდახან სხვისი დახმარების გარეშე.

მეტყველება არის რთული ფსიქიკური უნარი, რომელიც ბევრი ნაწილისგან შედგება, ზოგიერი ნაწილის ათვისება იოლად ხდება, მაგალითად ფონემების დამახსოვრება, სიტყვების დამახსოვრება; რთულად ასათვისებელია – სინტაქსი. იმისთვის, რომ მეტყველება სრულყოფილად განვითარდეს, საჭიროა მარტივი უნარების კარგად განვითარება, რომ მასზე დაშენდეს უფრო რთული უნარები. ასე ხდება ყველა რთული (უმაღლესი) ფსიქიკური ფუნქციის განვითარება. რა თქმა უნდა ყველა უნარის განვითარების საწყისი ფიზიოლოგიური განვითარებაა.

იმისთვის, რომ ბავშვმა შეძლოს კარგად წერა, საჭიროა ნატიფი მოტორიკა განვითარებული ჰქონდეს. (ნატიფი მოტორიკა ამ შემთხვევაში არის ხელის კუნთების განვითარება და ფლობა იმ დონეზე, რომ შეძლოს მსგავსი დახვეწილი და რთული მოძრაობების შესრულება);

როგორ ხდება ბავშვის განვითარება?

აუცილებელია სულ გვახსოვდეს, რომ ყველა ბავშვს განვითარების თავისი დრო აქვს. განვითარება ინდივიდუალურად ხდება, ზოგიერთმა შესაძლოა უფრო მალე შეძლოს ზღაპრების მოყოლა, სიმღერების სწავლა, უკეთესად წერდეს ან ხატავდეს გარკვეულ ასაკში. დაძალება არ არის საჭირო. საინტერესოა, როდესაც სკოლამდელ ბავშვებს წინასწარ, სკოლაში მისვლამდე ასწავლიან ხოლმე წერას, კითხვას, მარტივ არითმეტიკულ მოქმედებებეს. თუ ბავშვს ეს თავისთავად, ბუნებრივად „შემოესწავლება“, ან თვითონ გამოხატავს ინტერესს, პრობლემა არ არის. თუმცა, პრობლემაა როდესაც 5 წლის ასაკში აძალებენ სწავლას. მთავარია სკოლამდელ ასაკის ბავშვს ჰქონდეს თავისი ინდივიდუალური განვითარების შესაბამისი, კარგად განვითარებული ის ბაზისური „უნარები“, რომლებზეც მოხდება სამომავლოდ ცოდნის დაშენება და არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს თუ მას სკოლაში მისვლამდე არ ეცოდინება წერა, ან ათის ფარგლებში მიმატება-გამოკლება. სკოლის ფუნქციაც ეს არის, რომ ეს ყველაფერი ნელ-ნელა ასწავლოს.

ხშირად ხდება, რომ უფროსები პატარებს სთხოვენ სხვების თანდასწრებით „გამოიჩინონ“ თავი და იმღერონ, იცეკვონ, ლექსი თქვან. ბავშვებს როგორც წესი ეს არ მოსწონთ. არც ჩვენ მოგვეწონებოდა ასეთი დავალება რომ მიგვეღო ვინმესგან. ზოგ შემთხვევაში ეს იწვევს ბავშვის განერვიულებას, შესაძლოა გარკვეული შიშებიც ჩამოუყალიბლეს და სამომავლოდ გაუჭირდეს თავისი ცოდნის სათანადოდ გადმოცემა. თუ დააკვირდებით 5-6 წლის ასაკში ისინი მღერიან კიდეც, ცეკვავენ კიდეც, ოღონდ მაშინ როდესაც თავისუფლად არიან, არ აძალებენ და ეს მათი სურვილით ხდება.

რა უნდა გაითვალისწონონ პედაგოგებმა?

რაც შეეხება სკოლას, კარგი იქნება, რომ პედაგოგების მხრიდანაც არ იყოს ისეთი განწყობა, რომ ბავშვი, რომელიც პირველ კლასში მივიდა და ფაქტობრივად მთელი წლის მასალა უკვე ნასწავლი აქვს „კარგი მოსწავლეა“, ხოლო რომელსაც ეს მასალა ჯერ არ აუთვისებია, ჩამორჩება მას. არ ღირს მშობლების მხრიდან ბავშვის წასახალისებლად იმის თქვა რომ, შენ თუ ბევრი ლექსი გეცოდინება სკოლაში მისვლისას მასწავლებელს მოეწონები.

და რამდენიმე სიტყვით გაჯეტებთან დაკავშირებით, ვფიქრობ კარგი იქნება თუ მსგავსი მოწყობილობები ნელ-ნელა შევა სკოლაში და მიიღებს სასწავლო რესურსის ფუნქციას. ბავშვებისთვის ამჟამად (პანდემიამდე) ისინი მხოლოდ გართობასთან იყო დაკავშირებული, თუ მათ მიენიჭებათ სასწავლო რესურსის ფუნქცია, მოხდება გაჯეტების არსებული ფუნქციის ჩანაცვლება სასწავლო ფუნქციით. თუმცა, რა თქმა უნდა გამოყენების ლიმიტების დაწესება საჭიროა.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები