LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ შეიძლება კბილების სითეთრის შენარჩუნება – სილამაზის აკადემია

27
ekaterine-zarqua

გადაცემის ლაივი LIVE

როგორ მოვუაროთ კბილებს და შევინარჩონოთ სითეთრე – მარტა ქარუმიძის გადაცემის “სილამაზის აკადემია” სტუმარია ექიმი-სტომატოლოგი ეკატერინე ზარქუა.

რა იწვევს კბილების ფერის ცვლილებას?

ფერის ცვლილება ანუ დუსკოლორიტი, ლამაზი ღიმილის ესთეტიურობის დარღვევის ერთ-ერთი მიზეზია. კბილების ფერის ცვლილება შეიძლება იყოს დროებითი ან მუდმივი. დროებითი ცვლილება შესაძლოა გამოწვეული იყოს მოწევით, პიგმენტური საკვებით, პირის ღრუს სავლებებში შემავალი ნივთიერებების ზემოქმედებით, კარიესული დაზიანებით. გარდა ამისა, ხდება ასაკობრივი ცვლილებები, კბილი კარგავს ბზინვარებას, იძენეს უფრო მოყვითალო ელფერს. რაც შეეხება მუდმივად ფერის ცვლილებებს, ეს შესაძლოა განპირობებული იყოს სხვადასხვა ენდოგენური და ეგზოგენური ფაქტორით, როგორიცაა ტრავმა, კბილების ენდოდონტიური მკურნალობა(„ნერვმკვდარი“ კბილები), ცალკეული ანტიბიოტიკების(ტეტრაციკლინის ჯგუფი) მოხმარება, განვითარების ესა თუ ის ანომალია.

გათეთრების რა მეთოდები არსებობს?

მეთოდის შერჩევისას ძალიან მნიშვნელოვანია დავადგინოთ მიზეზი, რადგან დროებითად ფერშეცვლილი კბილები ძალიან კარგად ექვემდებარებიან პროფესიონალურ ჰიგიენურ წმენდას, თუ მიზეზი კარიესული პროცესია, მისი დაბჟენა სარესტავრაციო ბჟენებით ხდება, თუ ფერშეცვლილი კბილი დეპულპირებულია(მასში არ არის ნერვი), მივმართავთ არხშიდა გათეთრებას, ხოლო თუ პაციენტს აქვს ჯანსაღი კბილები და სურს უფრო თეთრი და ქათქათა ღიმილი, მივმართავთ კბილების გათეთრებას ქიმიური ან სხივური ზემოქმედებით გააქტიურებადი ნივთიერებებით. არსებობს გათეთრების საოფისე და სახლის პროგრამები, რომლის შერჩევაც ხდება ინდივიდუალურად, პაციენტის პირის ღრუს მდგომარეობიდან გამომდინარე.

ზოგადად, გათეთრება არის რთული ბიოქიმიური პროცესი, რომლის დროსაც მათეთრებელი აგენტიდან გამოთავისუფლებული თავისუფალი ჟანგბადი აღწევს კბილის მილაკოვან სტრუქტურაში, ეს იწვევს პიგმენტის ცილოვანი ნაერთის დაშლას უფრო დაბალმოლეკულურ ნივთიერებად და ეს პროცესი ვიზუალურად კბილების გათეთრების ეფექტს იძლევა.

აქვს თუ არა რაიმე უკუჩვენება გათეთრებას და აზიანებს თუ არა მათეთრებელი აგენტი მინანქარს?

გათეთრებას ნამდვილად აქვს უკუჩვენებები, ესენია: კარიესული და არაკარიესული დაზიანება, მინანქრის განლევა ასაკობრივი ან რაიმე პათოლოგიური პროცესის შედეგად, მინანქარზე ღრმა ბზარების არსებობა, ორტოდონტიული მკურნალობა, პაროდონტის ქსოვილის ესა თუ ის დაავადება, მრავლობითი ბჟენები წინა კბილების მიდამოში, ორსულობა და ლაქტაცია, ასევე, 16 წლამდე ასაკი და ა.შ.

ის აზრი, თითქოს გათეთრება აზიანებს კბილებს, სიმართლეს არ შეესაბამება, სწორად შერჩეული გათეთრების მეთოდი არანაირი ზიანის მომტანი არ არის, ეს მრავალი სარწმუნო სამეცნიერო კვლევითაა დადასტურებული.

როგორ შეიძლება კბილების სითეთრის შენარჩუნება სახლის პირობებში?

ჩვენ ზემოთ ვისაუბრეთ კბილების გათეთრების საოფისე მეთოდებზე, თუმცა არსებოს სახლის გათეთრებაც, რომელიც გაცილებით დაბალპროცენტიანი მათეთრებელი აგენტის საშუალებით ხდება და არის სრულიად უსაფრთხო. ხდება მათეთრებელი ჟელეს დატანა წინასწარ დამზადებულ კაპებში და ექიმის ინსტრუქტაჟით დაყოვნების იმ დროის დაცვა, რაც კონკრეტულად მოცემული პროცენტულობის მქონე აგენტისთვისაა რეკომენდებული. ამ მეთოდს აქვს ძალიან კარგი შემანარჩუნებელი ეფექტი საოფისე გათეთრების შემდეგ. გარდა ამისა არსებობს მათეთრებელი კბილის პასტები.

რაც შეეხება გაწმენდას, რა სიხშირით უნდა მივმართოთ ამ პროცედურისთვის სტომატოლოგს?

კბილების გაწმენდა ანუ პროფესიონალური ჰიგიენური წმენდა, ეს არის რამდენიმე მეთოდის კომბინაცია, რის შედეგადაც ხდება ღრძილზედა და ღრძილქვედა, რბილი და მაგარი ნადების მოცილება. ჯანსაღი პირის ღრუსთვის საკმარისია 6 თვეში ერთხელ ამ პროცედურის ჩატარება, თუმცა ნადების წარმოქმნის სიხშირეც ინდივიდუალურია და რეკომენდაცია ამის შესახებ გაიცემა ინდივიდუალურად, პირის ღრუს მდგომარეობიდან გამომდინარე.

თუ გათეთრება უკუჩვენების გამო ვერ ხერხდება, როგორ შეიძლება მივიღოთ ე.წ. „ჰოლივუდის ღიმილი“?

ამ შემთხვევაში მივმართავთ თერაპიული ან ორთოპედიული ვინირების ან გვირგვინების დამზადებას, რაც უკვე კლინიკურის გარდა, ლაბორატორიულ ეტაპებსაც მოიცავს და არის საკმაოდ ეფექტური.

აუცილებელია კბილების გამოხეხვა დღეში ორჯერ. გარდა ამისა, დღეს არსებობს სხვადასხვა საშუალება, რომლის გამოყენებაც შეგიძლიათ კვების შემდგომ, რათა მოუაროთ კბილებს.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები