LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ მოქმედებს ტვინი ჩვენს გადაწყვეტილებებზე – 7 რჩევა ფსიქოლოგისგან

29
68245752-407123996578438-5390695603049070592-n

როგორ მოქმედებს ტვინი ჩვენს გადაწყვეტილებებზე – ამ თემაზე მარტა ქარუმიძის გადაცემაში “7 რჩევა ფსიქოლოგისგან” ფსიქოლოგმა ზაზა ქოიავამ ისაუბრა.

რა არის ტვინი ადამიანისთვის?

ადამიანის ტვინი ჯერ კიდევ ამოუცნობი ფენომენი და ურთულესი სტრუქტურაა. ცნობილია, რომ 2015 წელს მსოფლიოში, სიმძლავრის მიხედვით, მეოთხე კომპიუტერს ადამიანის თავის ტვინის აქტიობის 1 წამის იმიტირებისთვის  40 წუთი დასჭირდა. ტვინი თავისი უსასრულო შესაძლებლობებით გვაკვირვებს. ჩვენს ტვინს წამში მილიონზე მეტი შეტყობინების გადამუშავება-დაგეგმვა შეუძლია.

ადამიანის ტვინში დაახლოებით ასი მილიარდი ნეირონია. ნეირონები ერთმანეთთან არის დაკავშირებული და ერთ მთლიან ინფორმაციულ ქსელს ქმნიან. ადამიანის სხვადასხვანაირი აქტივობა: აზრები, მოქმედებები, შეგრძნებები, ემოციები… ნეირონულ კავშირებს წარმოქმნის. ნეირონების სტიმულაციის შედეგად ზოგიერთი კავშირი უფრო ძლერი ხდება, ხოლო სხვა კავშირი სუსტდება. ჩვენი ნებისმიერი ქმედება ნეირონული კავშირის შედეგია, ამას წინ უძღვის ტვინის მიერ ბრძანების გაცემა.

ტვინის ნახევარსფეროები:

ტვინი შედგება ორი ნახევარსფეროსაგან, მათ ერთმანეთისაგან აბსოლუტურად განსხვავებული ფუნქციები და თვისებები გააჩნიათ.

მარცხენა ნახევარსფერო ორიენტირებულია ლოგიკურ-ანალიტიკურ აზროვნებაზე. იმახსოვრებს ციფრებს, სახელებს, ქმნის სტრატეგიებს, ორიენტირებულია გამოცდილებაზე. მაგ.: თუ თქვენ გუშინ რაღაც საქმეს აკეთებდით და დღეს მსგავსი საქმე ანალოგიური მეთოდებით გააკეთეთ, თქვენ ტვინის მარცხენა ნახევარსფეროთი მოქმედებდით. მარცხენა ნახევარსფეროში ინოვაციების ადგილი არ არის.

მარჯვენა ნახევარსფერო უფრო “ფერადი” და შემოქმედებითია, ის ამუშავებს იმ ინფორმაციას, რომელიც სიტყვებით ვერ გადმოიცემა. მაგალითად სურათები, ინტუიცია, შეგრძნებები, ემოციები, სივრცეში ორიენტაცია, მუსიკა, პოეზია, მხატვრობა, მეტაფორები, წარმოსახვა, ფანტაზიის უნარი და ტყუილიც კი მარჯვენა ნახევარსფეროს უნარებია.

რაიმე მიზეზით რომ გავწყვიტოთ ნეირონული კავშირი მარჯვენა და მარცხენა ნახევარსფეროებს შორის, ადამიანი შეინარჩუნებს ფიქრის, ლაპარაკის და მოქმედების უნარს, მაგრამ სიახლის მიმღებლობის, შემოქმედების, ფერების აღქმის, ინოვაციის უნარი ძლიერ შეიზღუდება, თუმცა, ადამიანი ვერ იგრძნობს დისკომფორტს ამის გამო.

ინფორმაციის დამუშავება, რეალობის აღქმა და შემოქმედება სრულფასოვნად და ეფექტიანად შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როდესაც ტვინის ორივე ნახევარსფერო თანაბარი ინტენსივობით აქტიურობს და აქვს ინფორმაციის ინტენსიური გაზიარება ერთმანეთთან. ამ დროს, გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართულია ფაქტები, ლოგიკა, გამოცდილება, ინოვაცია, მოვლენების ახლებურად აღქმა, რომლებსაც დამატებული აქვთ შემოქმედებითი უნარი და ინტუიცია.

რა არის ტვინის ლიმბური სისტემა?

ლიმბური სისტემა ტვინის ყველაზე ძველი ნაწილია, ის ყველაზე ადრე ვითარდება და ხშირ შემთხვევაში ადამიანის მოქმედებაზე ყველაზე დიდ გავლენას ახდენს. თუ ტვინის მარჯვენა და მარცხენა ნახევარსფეროების უმეტესი წილი რაციონალურია, ლიმბური სისტემა მთლიანად ირაციონალური ხდება და ქვეცნობიერ სურვილებზე დაყოლით გამოირჩევა. ლიმბური სისტემის ძირითადი ნაწილი ირაციონალურია და მთლიანად ორიენტირებულია ადამიანის სურვილებზე. ლიმბური სისტემა ასევე პასუხისმგებელია საფრთხეებსა და შიშებზე, მისი დევიზია: “მიიღე სიამოვნება, იმიტომ რომ მე ასე მინდა, ხოლო თუ საფრთხეა გაიქეცი”.

ლიმბური სისტემა ვერ ამჩნევს დროსა და სივრცეში განსხვავებას, მაგალითად: კონკრეტულ ადგილზე მიღებული კონკრეტული ფსიქოლოგიური ტრავმა აუცილებლად ისევ გაგვახსენებს თავს, თუ რამდენიმე წლის შემდეგ იმავე ადგილზე შემთხვევით აღმოვჩნდებით, რადგან ლიმბურ სისტემას დამახსოვრებული აქვს უბრალოდ კონკრეტული ადგილი და კონკრეტული ტკივილი ადგილთან მიმართებაში.

ლიმბური სისტემა ფლობს ისეთ ენერგიათა ფორმებს, რომლებიც კრიტიკულ ვითარებაში არ ემორჩილებიან ”მე”-ს (შფოთვა, შიში, აგზნება და ა.შ). იგი არის ინსტინქტთა საბადო, მთლიანად არაცნობიერია, მისთვის არ არსებობს არანაირი ლოგიკა ან შეზღუდვა, ის მოქმედებს სიამოვნება-უსიამოვნების გარჩევის პრინციპით და შესაბამისად, მისთვის მოქმედების ერთადერთი საშუალება არსებობს – ესაა განტვირთვა ან განგაშის განცდების გაგზავნა.

ბავშვი დასაწყისში მთლიანად ლიმბური სისტემით იმართება, ამიტომაცაა რომ თუ მას საქანელაზე დაჯდომაზე უარს ვეტყვით, შეიძლება  ჯოხი ჩაგვარტყას დასჯის მიზნით. ასეთივე სურვილები გააჩნიათ ზრდასრულ ადამიანებსაც, მაგრამ მათზე უკვე მოქმედებს რაციონალურ გონებაში არსებული შემაკავებელი ფაქტორი.

რამდენად მნიშვნელოვანია ნეირომედიატორები?

ტვინის მუშაობაზე გავლენას მხოლოდ ნეირონები და მათი კავშირები არ ახდენს. დიდი მნიშვნელობა აქვს ასევე სხვადასხვა ქიმიურ ნივთიერებებს, ნეირომედიატორებს. აგრეთვე ჰორმონებს, რომელთა დიდ ნაწილს თვითონ ტვინი გამოიმუშავებს, ხოლო სხვა ნაწილს სხვადასხვა ორგანოები და ჯირკვლები. ამ ნივთიერებებს ძალიან განსხვავებული და რთული ურთიერთქმედებები აქვთ ტვინსა და სხვა ორგანოებზე და აგრეთვე ერთმანეთთან.

ნეირომედიატორი ნორეპირეფრინი გამოიყოფა მაშინ, როდესაც ჩვენი აზრი განსხვავდება სხვისი აზრისაგან, მომენტალურად აქტიურდება ლიმბური სისტემა და რთავს განგაშის სიგნალებს და ტვინი გადადის საბრძოლო, თავდაცვით მდგომარეობაში. ლიმბურ სისტემას ტვინის პრიმიტულ ნაწილსაც უწოდებენ და ამ პრიმიტიული ნაწილის გააქტიურებისას ადამიანში იმ მომენტისათვის რაციონალური აზროვნება ითრგუნება, რაც ფიზიკურად აზროვნების შეზღუდვაა. ეს მოვლენა ძირითადად თავს იჩენს მაშინ, როდესაც რაღაც ან ვიღაც გვაშინებს. მაგალითად: კონფლიქტი,ნეგატიური საინფორმაციო სიახლე, ვალუტის კურსის მერყეობა, ფასების ზრდა ან და როდესაც ვფიქრობთ რომ ჩვენს მოტყუებას ცდილობენ და რაღაც აზრს თავს გვახვევენ. ასეთ მდგომარეობაში რაც არ უნდა სასარგებლო, ნაყოფიერი და გონივრული იყოს ახალი მდგომარეობა, ტვინს არ აქვს მისი გადამუშავების უნარი და მას ტვინი აღიქვამს როგორც საფრთხეს. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ იგივე აზრი ჯანსაღ მდგომარეობაში შესაძლებელია ტვინს ადვილად აღექვა, დაემუშავებინა და დასთანხმებოდა კიდეც.

ნეიომედიატორი სერატონინი გამოიყოფა მაშინ, როდესაც ადამიანს აძლევენ თვითგამოხატვის საშუალებას, როდესაც აქებენ, მის აზრს ეთანხმებიან, ნდობას უცხადებენ და ა.შ. თავდაჯერებულობა და მაღალი თვითშეფასება დამოკიდებულია სერატონინზე.

დოპამინიც მსგავსი ნეირომედიატორია, რომელიც ძირითად შემთხვევებში გამარჯვების შედეგად წარმოიქმნება. დოპამინი ამცირებს ტვინში დეპრესიის, თვითგანადგურების სურვილს, დაბალი თვითშეფასების განცდას და ადამიანი თავისუფლდება აკვიატებული დესტრუქციული განწყობისაგან, იმაღლებს თვითშეგნებას და ხდება გახსნილი, თავდაჯერებული ახლისა და მეტის მისაღებად.

ოქსიტოცინი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და სასარგებლო ჰორმონია ადამიანის სხეულში. ოქსიტოცინი ძალიან იშვიათი შემთხვევების დროს გამოიყოფა, მაგალითად: მაღალი ნდობისას ან უანგარო სიყვარულის დროს. ოქსიტოცინი გამოიყოფა საყვარელ ადამიანთან ჩახუტებისას, გულწრფელი ურთიერთობების, მშობლის შვილთან ურთიერთობის დროს. სამწუხაროდ, ადამიანის ცხოვრებაში თითზე ჩამოსათვლელი ფაქტებია, როდესაც ოქსიტოცინი გამოიყოფა. ოქსიტოცინის გამოყოფისას ადამიანი გრძნობს სიმსუბუქეს, ეწევა სასიცოცხლო ტონუსი, უბრწყინას თვალები, “ყველა უყვარს” და “ყველას მოფერება უნდა”.

კოგნიტური დისონანსი:

ნეირონებს შორის ინფორმაციის გადაცემა ოპტიმალურად ხდება მაშინ, როდესაც მათი მოქმედება სინქრონიზირებულია, ანუ რეზონანსშია. სწორედ ამიტომ ჩვენ განვიცდით კოგნიტიურ დისონანსს და ვგრძნობთ დისკომფორტს მაშინ, როდესაც გვიწევს ერთმანეთის საწინააღმდეგო იდეებთან შეჯახება. ამ დროს საქმეში ერთვება ნებისყოფა, ნებელობა, რომელიც ცდილობს აირჩიოს ამ დისონანსური იდეებიდან ერთ-ერთი. ადამიანის ცნობიერება განვითარდა იმ დონემდე, რომ ის ჩაუფიქრდა საკუთარ არსებობას, ცხოვრების საზრისს. როდესაც ძიების დროს ის აწყდება აზრს, რომ ცხოვრება უაზროა, მის შიგნით წარმოიქმნება ზემოთხსენებული კოგნიტიური დისონანსი.

სარკისებრი ნეირონები:

მიუხედავად იმისა, რომ თავისუფალი აზროვნება და სხვებისგან დამოუკიდებელი აზრის ქონა კარგ ტონად ითვლება, ადამიანი ძალიან ძლიერად არის დამოკიდებული გარშემომყოფების აზრსა და ზოგადად გარემოზე. თუ რატომ ხდება ასე, ამას კარგად ხსნის ახალი აღმოჩენები ნევროლოგიაში. კერძოდ, სარკისებრი ნეირონების არსებობა და ფუნქციონირება. როდესაც ჩვენ რაღაც მოქმედებას ვასრულებთ ან რაიმე ემოციებს განვიცდით, აქტიურდებიან გარკვეული ნეირონები. როდესაც ჩვენ ვხედავთ, თუ როგორ ემართება  სხვა ადამიანს რაღაც ან უბრალოდ წარმოვიდგენთ, აქტიურდებიან ნეირონები, თითქოს ეს რაღაცა სინამდვილეში ხდებოდეს ჩვენს თავს, ან ჩვენ ვაკეთებდეთ ამას. სარკისებრი ნეირონები ვერ ამჩნევენ განსხვავებას ჩვენსა და სხვებს შორის. ამ ფენომენს ოდითგანვე თანაგრძნობას უწოდებენ. ის ფაქტი, რომ წარმოსახვის შედეგად ადამიანის ტვინი იგივეს განიცდის, რასაც რეალური აღქმის დროს, ეს სრულიად ახალ ჰორიზონტებს და შესაძლებლობებს აჩენს ადამიანის ფიზიოლოგიისა და ფსიქოლოგიის დარგში. თანამედროვე, პროგრესულ მიმართულებაში, სახელწოდებით ნეირო-ლინგვისტური პროგრამირება, შეიქმნა ფსიქოტექნოლოგიები, რომლებიც სწორედ სარკისებრი ნეირონების ამ თვისებას ეყრდნობა. სარკისებრი ნეირონები ვერ ხედავენ განსხვავებას ჩვენსა და სხვა ადამიანებს შორის. სწორედ ამიტომ ვართ ჩვენ ასე დამოკიდებულები სხვა ადამიანების აზრზე და ამიტომ გვაქვს სურვილი შევესაბამებოდეთ საზოგადოებრივ აზრს და საყოველთაოდ მიღებულ სტანდარტებს.

თავის ტვინის ქერქის ვიდეოგადაღებამ აჩვენა, რომ ნეირონები უფრო ადრე რეაგირებენ უარყოფით ემოციებზე, ვიდრე ჩვენ მათ ვაცნობიერებთ. ჩვენ შეგვიძლია ვაკონტროლოთ აზრები და ემოციები. თვითშეგნება და აზრების კონტროლი საშუალებას გვაძლევს ვაკონტროლოთ ის ემოციები, რომლებსაც ეს აზრები ბადებს. თვითანალიზი ძლიერად მოქმედებს ტვინის მუშაობაზე. ეს საშუალებას გვაძლევს ეფექტურად ვარეგულიროთ საკუთარი გრძნობები. შედეგად ძლიერდება ჩვენი რაციონალურობა და ემოციური სტაბილურობა.

თვითშეგნების და თვითკონტროლის გარეშე ჩვენი მოქმედებების და ემოციების უმეტესობა იმპულსურია. იმის გამო, რომ ჩვენ რეაგირებას ვახდენთ მოვლენებზე გაუცნობიერებლად ანუ უბრალო ენით რომ ვთქვათ სულელურად, არ ვაკეთებთ შეგნებულ არჩევანს, ეს ქვეცნობიერად ძლიერ გვაღიზიანებს, წარმოქმნის უძლიერეს უარყოფით ემოციურ მუხტს ჩვენს ფსიქიკაში. ადამიანებზე დაკვირვების დროს ხშირად აღმომიჩენია ეს მოვლენა: ჩხუბის შემდეგ ყველა თავისებურად ყვება ხოლმე ჩხუბის გამომწვევ მიზეზებსა და მსვლელობას ისე, რომ თავისი თავი გამოყავს მართალი და როგორც წესი ორივე მხარეს გულწრფელად სჯერა თავისი სიმართლე.

7 რჩევა ზაზა ქოივასგან:

  1. იძინეთ დღე-ღამეში 8 საათი(სასურველია ღამე);
  2. თავი დააღწიეთ შიშებს, მოვლენებისას იგრძენით როდისაა გააქტიურებული ლიმბური სისტება, “გამორთეთ” იგი და ჩართეთ რაციონალური აზროვნება;
  3. თავი დააღწიეთ მარცხენა ნახევარსფეროში ჩაბუდებულ სტერეოტიპებს და ხშირად ჩართეთ ტვინის მარჯვენა ნახევარსფერო მოვლენების განხილვისას და გადაწყვეტილების მიღებისას;
  4. ამაღლდით შინაგან კოგნიტურ დისონანსზე;
  5. თავი დააღწიეთ დანაშაულის შეგრძნებას (გათავისუფლდით მსხვერპლის ვირუსისაგან);
  6. იკონტაქტეთ პოზიტიურ ადამიანებთან;
  7. არ მისცეთ გარემოფაქტორებს უფლება გონება მოგიწამლონ და გჯეროდეთ თუ მოინდომებთ, თქვენს ტვინს ამოუწურავი შესაძლებლობები აქვს.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები