LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ გავუმარტივოთ პირველკლასელებს ახალ გარემოსთან შეგუება – 7 რჩევა ფსიქოლოგისგან

24
leli-ytifiani-news

სკოლის პირველი წელი მნიშვნელოვანია, როგორც ბავშვებისთვის, ასევე, მშობლების და მასწავლებლებისთვის. ეს პერიოდი გარკვეულ მღელვარებასთან არის დაკავშირებული. როგორ გავუმარტივოთ პირველკლასელებს ახალ გარემოსთან შეგუება – მარტა ქარუმიძის გადაცემის „7 რჩევა ფსიქოლოგისგან“ სტუმარია ფსიქოლოგი ლელი ყიფიანი.

როგორია ბავშვის განცდები, როცა ის პირველ კლასში შედის?

აუცილებელია გავითვალისწინოთ  რომ ეს არის პერიოდი, როდესაც ხდება ბავშვის ცხოვრებაში ცვლილებები ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ და სოციალურ დონეზე.   სწორედ ამ  პერიოდში ჩამოყალიბებული დამოკიდებულებები  განსაზღვრავს ბავშვის  შემდგომ განვითარებას.

ბავშვისთვის პირველი სასწავლო წელი საკმაოდ რთულია, მას უწევს მისთვის ჩვეული რეჟიმის შეცვლა. ბავშვების უმრავლესობას აქვს საბავშვო ბაღში სიარულის  გამოცდილება, თუმცა სკოლა განსხვავებული გარემოა, განსხვავებული წესებით, მოთხოვნებით და უფრო მეტად დატვირთული რეჟიმით, რაც  ბავშვისგან მოითხოვს უფრო მეტ ენერგიას და დროს. მას აქვს ახალი – მოსწავლის სტატუსი,  ის იღებს  ახალი ურთიერთობების  გამოცდილებას. უწევს მისთვის უცხო გარემოში გარკვეული დროის განმავლობაში მშვიდათ ჯდომა, მასწავლებლის კითხვებზე პასუხის გაცემა, ამ დროს კი შეიძლება უნდოდეს ძილი, სირბილი, გართობა…

ადაპტაციას დიდი დრო სჭირდება?

სკოლასთან ადაპტაციის  პერიოდი შესაძლებელია გაგრძელდეს დაახლოებით 1 თვიდან 6 თვემდე. ზოგიერთ შემთვევაში 1 წლამდეც.

ადაპტაცია ინდივიდუალური პროცესია და დამოკიდებულია ბავშვზე – რამდენად მზადაა ის (ინტელექტუალურად, ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად) სასკოლო ცხოვრებაში ჩართვისთვის, რამდენად განვითარებულია სოციალურად, ფლობს თუ არა ჯანსაღი კომუნიკაციისა და ურთიერთთანამშრომლობის უნარებს და ა.შ

ხშირად  მშობლები აღნიშნავენ, რომ მათმა შვილებმა იციან რიცხვების და ასოების ცნობა, შეკრება და გამოკლება, იციან ბევრი ლექსი და მოთხრობა, ეს არ ნიშნავს რომ ბავშვი მზად არის სასკოლო ცხოვრებისთვის. მზაობაში ფსიქოლოგები შემეცნებით  სფეროსთან ერთად, გულისხმობენ  ბავშვის სხვადასხვა უნარების განვითარებას, როგორიცაა ყურადღება, ნატიფი და მსხვილი მოტორიკის განვითარება, ენა და მეტყველაბა, ქცევის თვითრეგულაციის უნარი და ემოციების რეგულაციის უნარი.  სწორედ ამ საბაზისო უნარების განვითარება ხდება 3 და 6 წლამდე ასაკში, რაც შემდგომში ხელს უწყობს სკოლასთან ადაპტაციას.

რას მოიცავს 6-7 წლისათვის დამახასიათებელი კრიზისი?

სკოლასთან შეგუების პერიოდს თან ერთვის 6-7 წლის კრიზისი, ამ დროს მნიშვნელოვანი ფსიქიკური ცვლილებები ხდება. ძალიან მნიშვნელოვანია  პიროვნული  და ემოციური განვითარება. მის განვითარებაზე გავლენას ახდენს ოჯახის აღზრდის სტილი და თანატოლებთან ურთიერთობების გამოცდილება, რასაც ბავშვები სწავლობენ საბავშვო ბაღში სიარულისას.

ასევე საურადღებოა სწავლის მოტივაცია, რაც დამოკიდებულია მშობლებსა და მასწავლებლებზე, თუ როგორ რეაგირებენ ბავშვის ყოველ მცდელობაზე  გაიგოს და შეიმეცნოს რაღაც ახალი.

გამოყოფენ სკოლასთან შეგუების რამდენიმე ფორმას:

1. მსუბუქი ადაპტაცია – გრძელდება დაახლოებით 1-2 თვე. ასეთი ბავშვი სწრაფად ეჩვევა ახალ კოლექტივს, იძენს მეგობრებს, ხალისით მიდის სკოლაში აქტიურად ერთვება სასწავლო პროცესში და ყოველგავრი დაძაბულობის გარეშე ასრულებს მასწავლებლის მითითებებს და აქვს კარგი გუნება-განწყობა.

2. საშუალო ხარისხის ადაპტაცია – ეს პერიოდი შედარებით უფრო ხანგრძლივია  ბავშვს უფრო  მეტი დრო ესაჭიროება შეგუებისთვის, დაახლოებით  პირველი ნახევარი წლის განმავლობაში ისინი უპირატესობას ანიჭებენ თამაშს, მაშინვე არ ასრულებენ მასწავლებლის მოთხოვნებს, ხშირად  მოსდით ჩხუბი თანატოლებთან და  ურთიერთობების გარკვევის დროს ახასიათებთ შემდეგი  ქცევები: ტირილი, სიჯიუტე, ჩივილი, ფიზიკური  აგრესია და ა.შ). ასეთ ბავშვებს  აღენიშნებათ სასწავლო პროგრამის ათვისებაში სირთულეები. თუმცა სასწავლო წლის მეორე სემესტრიდან არსებული სირთულეები დაძლეულია.

3. რთული ფორმის ადაპტაცია – შესაძლებელია გაგრძელდეს მთელი სასწავლო წლის განმავლობაში, ბავშვებს აღენიშნებათ ნეგატიური ემოციები და ქცევები, სწავლის სირთულეები. ამ შემთხვევაში აუცილებელია მასწავლებლისა და მშობლის ჩართულობა პრობლემის მოგვარებაში.

მასწავლებლება  უნდა გაითვალისწინონ, რომ სკოლის დაწყების პირველ თვეებში ყალიბდება მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის მომავალი ურთიერთობის  ფუნდამენტი. ამ პერიოდში ჩამოყალიბებული  ღირებულებები და  დამოკიდებულებები განაპირობებს ბავშვის მომავალ სასკოლო ცხოვრებას და სწავლის მოტივაციას.

მშობლები მზად უნდა იყვენენ იმისთვის, რომ პირველი სასწავლო წლის დაწყება არის სტრესული და შესაძლებელია ადგილი ჰქონდეს ისეთ ფსიქოსომატურ გამოვლინებებს, როგორიცაა:  თავის ან მუცლის ტკივილი, დაღლილობა, ხასიათისა და ქცევის ცვლილებები, კვების ან/ და ძილის დარღვევეები. ეს ხდება იმიტომ, რომ  ორგანიზმი განიცდის დატვირთვას, იწყებს ახალ რეჟიმთან შეგუებას, მაგრამ ეს დიდხანს არ გრძელდება. ორგანიზმი მალე უბრუნდება ნორმალურ ფუნქციონირებას.

7 რჩევა ლელი ყიფიანისგან:

1. სკოლასთან ადაპტაციისთვის მნიშვნელოვანი დღის რეჟიმის შედგენა – საშინაო დავალების  შესრულების, ჭამის, ძილის და თამაშის განრიგის შედგენა.

2. ბავშვთან ერთად განიხილეთ სკოლაში არსებული წესები და ნორმები, აუხსენით  რა მიზანს ემსახურება ისინი.

3. ნუ გააკრიტიკებთ, თუ ბავშვი რამეს კარგად ვერ გაიგებს ან დაავიწყდა,  რადგანაც გამუდმებული შენიშვნები  გავლენას ახდენას ბავშვის თვითშეფასებაზე, რაც შემდგომ აისახება მის სწავლის მოტივაციაზე.

4. შეაქეთ მისი ნებისმიერი მცდელობა (თუნდაც უმნიშვნელო) მიაღწიოს წარმატებას, რადგანაც წახალისება და ემოციური მხარდაჭერა ხელს უწყობს საკუთარ თავში დარწმუნებულობას და მნიშვნელოვანად იზრდება მისი ინტელექტუალური  მიწღევები.

5. ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი ჩართულობა ბავშვის სასკოლო ცხოვრებაში: დაეხმარეთ მას რთული დავალებების შესრულებაში, დაინტერესდით მისი საგაკვეთილო პროცესით, რა მოხდა საინტერესო, რა გაიგო ახალი, რა დახატა, რა ითამაშა თავის მეგობრებთან ერთად.

6. გახსოვდეთ, რომ 6-7 წლის ბავშვს ყურადღებას კონცენტრირება შეუძლია დაახლოებით 10-15 წუთი, ამიტომ  მეცადინეობის დროს ყოველი 10-15 წუთის შემდეგ რამდენიმე წუთი შეასვენეთ.

7. ხელი შეუწყვეთ თქვენი შვილის დამოუკიდებლობისკენ სწრაფვას, რომ თავად ისწავლოს სირთულეებთან გამკლავება.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები