როგორ განვიხილოთ კონფლიქტი პოზიტიურ ჭრილში - 7 რჩევა ფსიქოლოგისგან

როგორ განვიხილოთ კონფლიქტის პოზიტიურ ჭრილში – ამ თემაზე გადაცემაში „7 რჩევა ფსიქოლოგისგან“ ფსიქოკონსულტანტმა პაპუნა ბარათაშვილმა ისაუბრა.

რა არის კონფლიქტი?

დავიწყოთ იმით, რომ პოზიტიურ ფსიქოთერაპიის განმარტებისას კონფლიქტს ერთ-ერთი ძირითადი ადგილი უჭირავს. პოზიტიური ფსიქოთერაპია არის ფსიქოდინამიური, სიღრმეზე ორიენტირებული, კონფლიქტზე ცენტრირებული, ფსიქოთერაპის მეთოდი და ა.შ. (ჰუმანისტური ტრანსკულტურალური ხედვით და მეთოდებით, რომლებიც რესურსზე და კლიენტზეა ორიენტირებული). კონფლიქტის ანალიზი ძირითადი გზაა, რომელსაც ეს ფსიქოთერაპია ეყრდნობა და მისი თვალთახედვით სიმპტომიც, რომელითაც კლიენტი მოდის ფსიქოთერაპევტთან ან ფსიქოკონსულტანტთან კონფლიქტზე პასუხია. მოცემულია კონფლიქტების იერერქია, აქტუალური კონფლიქტი, საკვანძო კონფლიქტი, ბაზისური კონფლიქტი, შინაგანი კომფლიქტი. მოკლედ შევთანხმდით რომ პოზიტიურ ფსიქოთერაპიაში კონფლიქტი მნიშვნელოვანი თემაა.

ავიღოთ მაგალით: მეგობრებთან ერთად სადმე წასვლას ვაპირებ და უცებ აღმოჩნდა, რომ ერთ-ერთის მიზეზით ვერ მივდივართ. რა მოხდა ამ დროს? არ გამართლდა ჩვენი მოლოდინი. მე მაგალითად ვიტყოდი: „რა სამწუხაროა, არაუშავს სხვა დროს წავალთ“ და გულში რაღაცნაირად გავბრაზდებოდი. მეორეს უფრო მწვავე რეაქცია ექნება: „შენ სულ ასე იცი“ და ა.შ. ორივე შემთხვევაში კონფლიქტთან და მასზე რეაგირების ტიპთან გვაქვს საქმე.

მიჩნეულია, რომ პირდაპირობა სწორი სტრატეგიაა – გამოვუშვით ჩვენი ემოცია და მორჩა, ჩვენს ფსიქიკას და სხეულს არაფერი ემუქრება, თუმცა, თუ დავაკვირდებით, არც ასეა საქმე. საკვანძო კონფლიქტს მეორე მონაწილეც ჰყავს და მის პასუხსაც აქვს მნიშვნელობა. შეიძლება ამ ადამიანმა ჩვენთან ურთიერთობა გაწყვიტოს, ან ისეთი რამ გვითხრას, რომ ძალიან გვაწყენინოს.

კიდევ რა ტიპის კონფლიქტები არსებობს?

ახლა შემდეგ საკითხზე უნდა გადავიდეთ ანუ შემდეგ კონფლიქტზე, უფრო სწორად უფრო ზედაპირზე მდგარ კონფლიქტზე – ესაა აქტუალური კონფლიქტი, რომელიც საკვანძოსაგან განსხვავებით დროში გახანგრძლივებულია, დაუსრულებელია. გავაგრძელოთ მაგალითი, როდესაც მეგობრები დავიშალეთ, მე ვთქვათ წამოვედი  და დავიწყე ოცნება, „რა კარგი იქნებოდა რომ წავსულიყავით სადაც მივდიოდით“, მეორემ – თავი იგრძნო ცუდად მოზღვავებული ემოციების გამო და წნევა აეწია, მესამემ გადაწყვიტა ურთიერთობები შეცვალოს, მეოთხე – სამსახურში გაიქცა და მთელი კვირის საქმე დაასრულა. ეს კონფლიქტის გადამუშავებაა. მოკლედ, ერთ სფეროში დაუსრულებელი კონფლიქტი სხვა სფეროში გადამუშავდება და რადგან მას დასრულების შანსი არ აქვს, უკვე მუდმივობაში გადადის. ჩვენს მაგალითს რომ დავუბრუნდეთ, მე ოცნებებში გავრბივარ, როცა მოქმედებაა საჭირო, მეორეს წნევები აწუხებს შიგადაშიგ, მესამეს არ შეუძლია ღრმა ურთიერთობები, ინტიმი და მეოთხე – გადაიწვა მუშაობით.

როგორ დავინახოთ კონფლიქტი პოზიტიურ ჭრილში?

მარტივად რომ ვთქვათ პოზიტიურობა ფსიქოკონსულტანტის მიდგომაშია. ფაქტის აღიარება და შემდგომში რესურსად გამოყენება. ის რომ კონფლიქტის გადამუშავება ხდება ფსიქიკური პროცესების მიმდინარეობაზე მიუთითებს, ხოლო თავად გადამუშავების სტილი, ანუ ვინ სად, როგორ და რა გადაამუშავა ის გზაა რომელსაც შინაგან კონფლიქტამდე მივყავართ. ახლა ეს სიტუაცია რომ არა შინაგანი კონფლიქტი სხვაგან იჩენდა თავს.

მაშ ასე, მივედით იქამდე, რომ გარემოსთან დაუსრულებელი კონფლიქტი, ჩვენი შინაგანი კონფლიქტის გამოძახილია. ეს თავიდანვე ჩანდა, როდესაც სიტყვა „მოლოდინი“ ვახსენეთ. ჩვენი მოლოდინები, ჩვენს წარსულ გამოცდილებას ეყრდნობა, გვაქვს რაღაც პერსპექტივების, მიზეზ-შედეგობრიობის, წარმოდგენების, ღირებულებებისა, უნარების და რა ვიცი კიდევ რაც გინდათ ის დაარქვით ნუსხა. ალბათ ეს რომ პოზიტიური ფსიქოთერაპიის კურსი იყოს აუცილებელია ვისაუბროთ პირველად და მეორე უნარებზე, მაგრამ თავს არ შეგაწყენთ.

ჩვენს შიგნით არსებული პატერნები ზოგჯერ ერთმანეთს, ზოგჯერ კი ჩვენს ძირითად ღირებულებებს, უნარებს ეწინააღმდეგება, ან უცნაურ ახალ კონცეპტებს ქმნიან. მაგალითად „თუ გინდა დაგაფასონ არავის არაფერი უნდა აპატიო“ და „სიკეთე ყოველთვის იმარჯვებს“. თუ ეს ორი კონცეპტი ადამიანისთვის მნიშვნელოვანია ფსიქიკა ორივეს შესრულებას, დაკმაყოფილებას შეეცდება.

პატერნები თუ რწმუნებულებები, როგორც წესი, კონკრეტულ სიტუაციაში იყო წარმატებული და ამით განმტკიცდა. ახლა ისინი არჩევნის თავისუფლებას გვიზღუდავს და ჩვენს დამოკდებულებებსა და ქცევას უალტერნატივო მიმართულებას აძლევს. სხვა საქმეა ისეთი ღირებულებები რომლებიც წესების სახით არ გვეძლევა. მაგალითად „სიყვარული“, თუმცა ასეთი ღირებულებებიც არჩევნის მრავალფეროვნებას მაშინ გვაძლევს, როდესაც ისინი უნარებად იქცევა, თუ არა სადღაც განყენებულად მდგომია. მარტივად რომ შევხედოთ სიყვარული რომ ქცევაში წარმატებულად გამოვლინდეს, ჩვენ მისი გაცემის და მიღების, როგორც საკუთარ თავზე ასევე სხვაზე მიმართვის უნარი უნდა გამოვიმუშაოთ. ადამიანებს ყველას აქვს სიყვარულის უნარი, მაგრამ ყველა არ ფლობს ასეთი მრავალფეროვანი გამოვლენის უნარს. იგივე შეიძლება ითქვას ნდობაზე, რწმენაზე, მოთმინებაზე, დრო და სხვა აქტუალურ უნარებზე.

ეს ყველაფერი ჩვენში ბავშვობიდან დაწყებული ყალიბდება და მუდმივად აგრძელებს განვითარება-შევსებას, ახალ კონცეპტებად ჩამოყალიბებასა თუ უნარებად განვითარებას.