LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ დავგეგმოთ ბავშვებისთვის არდადეგები – 7 რჩევა ფსიქოლოგისგან

3
IMG-0005

სხვადასხვა ქვეყანაში საზაფხულო არდადეგებს განსხვავებული ხანგრძლივობა აქვს. საქართველოში ზაფხულის არდადეგები სამი თვე გრძელდება, რაც საკმაოდ დიდი დროა. როგორ დაუგეგმოთ ბავშვებს არდადეგები – ამ თემაზე მარტა ქარუმიძის გადაცემაში “7 რჩევა ფსიქოლოგისგან” ფსიქოლოგი ანა მიქიაშვილი სტიმრობდა.

როგორ დავგეგმოთ ბავშვებისთვის არდადეგები?

ზოგ ოჯახში ეს დრო თავისით, ინერციით გადის, ბევრ მშობელს კი სერიოზულ თავსატეხს უჩენს, თუ რა და როგორ დაგეგმონ. როგორ მოახერხონ ის, რომ ბავშვმა გართობა და დასვენებაც შეძლოს და სწავლის პროცესიდანაც ძალიან არ ამოვარდეს, კითხვა არ დაავიწყდეს, სექტემბერში სკოლასთან დაბრუნება არ გაუჭირდეს და აშ.

პირველ რიგში უნდა გვახსოვდეს, რომ ბავშვები თავისთავად განსხვავდებიან ერთმანეთისგან, განსხვავდება მათი ინტერესები და სურვილები. ზოგი თავად იპოვის მყუდრო კუთხეს წიგნის წასაკითხად და შემდეგი რა უნდა წაიკითხოს, ისიც წინასწარ იცის, ზოგს კი ეზოში ბურთით თამაში ურჩევნია. მშობლებს უნდა ახსოვდეთ, რომ ზაფხულის დაგეგმვისას, აუცლებლად გაითვალისწინონ საკუთარი შვილის სურვილები, ინტერესები და ხასიათი. ძალიან კარგი იქნება, თუ ზაფხულის დასაწყისშივე ერთმანეთს გაუზიარებთ საკუთარ სურვილებს და მოლოდინებს. ასეთ შემთხვევაში შეთანხმებაც ადვილი იქნება, დაგეგვაც და ყველასთვის კომპრომისული ვარიანტის შერჩევაც.

ბავშვის განვითარების თავისებურებებიდა აღსანიშნავია ის, რომ ბავშვები თავისუფალი თამაშის დროს ძალიან ბევრ უნარს ივითარებენ. ერთი შეხედვით უაზრო და უშინაარსო თამაშიც კი ემსახურება გარკვეულ მიზნეს, მითუმეტეს, თუ ამ თამაშის იდეა თავად ბავშვებს შორის განვითარდა. შესაბამისად, ნუ ჩათვლით, რომ თანატოლებთან ერთად გატარებული დრო მხოლოდ გართობისთვისაა და სხვა მხრივ დაკარგულია. თუნდაც ის, რომ თამაშის წესებზე შეთანხმებისას უწევთ ერთმანეთთან კომუნიკაცია, დათმობა, შეთავაზება, საკუთარი აზრის სიტყვებით ფორმულირება, ახლის მოფიქრება და შექმნა… ეს ყველა პატარა საფეხური სხვადასხვა სოციალური და კოგნიტური უნარის განვითარებას ემსახურება, რომ აღარაფერი ვთქვათ თამაშის დროს მოტორული უნარების განვითარებაზე – კუნთების მოძრაობაზე და ზომიერ ფიზიკურ დატვირთვაზე.

რამდენად მნიშვნელოვანია აქტივობების ერთად განხორციელება?

ძალიან მნიშვნელოვანია წინასწარ დაგეგმილი აქტივობების ერთად განხორციელებაც, მაგ. ერთობლივი გასეირნება, საოჯახო-სამეგობრო პიკნიკი, მუზეუმების და სხვადასხვა ფესტივალების მონახულება და უამრავი შემეცნებითი ღონისძიება.

ბავშვის და მოზარდის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ბუნებასთან, ცხოველთა და მცენარეთა სამყაროსთან შეხებაც, განსაკუთრებით ურბანულ დასახლებებში მცხოვრები ბავშვებისთვის. ზაფხული ამისთვის საკმაოდ ხელსაყრელი დროა, რადგან თავისუფალი დროც მეტია და დასველება, წვიმაში მოხვედრა თუ ტალახით დასვრა დიდ პრობლემას არ წარმოადგენს.

რა თქმა უნდა, ბავშვებზე და მოზარდებზე საუბრისას, აუცილებლად აღსანიშნი ფაქტია ის, რომ ამ ასაკში მცირე ასაკობრივ სხვაობასაც დიდი მნიშნელობა აქვს. 9 და 11 წლის მოზარდებს ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული ინტერესები შეიძლება ჰქონდეთ. მაგ. თუ მეხუთე კლასელი შვილისთვის ძალიან სასიამოვნოა მშობლებთან ერთად დროის გატარება და პირიქით, მუდმივად ითხოვს, რომ თქვენს მეგობრებთანაც წაიყვანოთ, მეშვიდე კლასელისთვის ეს პროცესი შეიძლება სრულიად შემაწუხებელი აღმოჩნდეს და მხოლოდ თავის თანატოლებთან უნდოდეს დროის გატარება. ამ ყველაფრის გათალისწინებას დიდი მნიშვნელობა აქვს. ყოველთვის, მაგრამ განსაკუთრებით დასვენებისას, ზაფხულის არდადეგების დაგეგმვისას უნდა გრძნობდეს მოზარდი, რომ მშობლები მის ინტერესებს და სურვილებს ითვალისწინებენ, მინიმუმ ყურადღებით ეკიდებიან და ცდილობენ ამის მიხედვით დაგეგმონ დასვენების დღეები.

7 რჩევა ანა მიქიაშვილისგან:

1. კითხვის შესაყვარებლად თავად მიეცით წიგნის კითხვის მაგალითი, აარჩევინეთ სასურველი წიგნი და შეუქმენით კითხვისთვის სასიამოვნო გარემო. თუ გსურთ, რომ თქვენმა შვილმა ზაფხულში იკითხოს, აუცილებლად ერთად შეარჩიეთ წიგნები ან სულაც დამოუკიდებლად აარჩიოს. შესაძლოა მოგეჩვენოთ, რომ ასაკთან შედარებით ოდნავ უფრო ინფანტილური ან უფრო სერიოზული წიგნებით ინტერესდება, მაგრამ თქვენს რჩევასმხოლოდ შეთავაზების სახე უნდა ჰქონდეს და არა კრიტიკის ან დაძალების. თუ თქვენ გადაუწყვეტთ, თუ რა უნდა წაიკითხოს ზაფხულში, ეს დიდი ალბათობით პროტესტს და საპირისპირო რეაქციას გამოიწვევს. თქვენ შეიძლება მხოლოდ ბიბლიოთეკაში, ან წიგნის მაღაზიაში გაყვეთ. ბავშვებს უყვართ, როცა მეგობრებთან ერთად ერთ წიგნს კითხულობენ ან მონაცვლეობით კითხულობენ და შემდეგ მოსაზრებებს უზიარებენ ერთმანეთს. ეცადეთ ამისთვის შესაბამისი პირობები შეუქმნათ, შესთავაზეთ, რომ ბიბლიოთეკაში მეგობართან ერთად წავიდეს, ხელი შეუწყვეთ შეხვედრაში და აშ. თავისთავად კითხვის სიყვარულს რაც შეეხება, ძირითად შემთხვევებში ის ბავშვები კითხულობენ, ვინც მშობლების ხელშიც ხშირად ხედავს წიგნს. ყოველგვარი დაძალება ფუჭი იქნება, თუ მშობელი მაგალითსაც თავად არ აძლევს. დაძალებას, რა თქმა უნდა, არც მაგალითის მიცემის შემდეგ არ უნდა ჰქონდეს ადგილი, მაგრამ იგულისხმება ის, რომ თუ მშობელს აქვს კითხვის ჩვევა, ბავშვი უფრო დიდი ალბათობით თავადაც დაინტერესდება კითხვით. წაკითხვის შემდეგ, შეიძლება პერსონაჟების და სიუჟეტების დახატვა, გამოძერწვა, თოჯინების ან თითების თეატრის მოწყობა… ბავშვის ასაკის და ინტერესების გათვალისწინებით. ასევე ეკრანიზაციის ან თეატრალური დადგმის ნახვა.

2. ერთად შეარჩიეთ საზაფხულო ბანაკი. ბავშვის განვითარებისთვის ერთერთი გარდამტეხია ხოლმე საზაფხულო ბანაკებში გატარებული დრო. ბანაკში ბევრი რამ განსხვავდება ჩვეული რითმისგან. რეჟიმი, ბავშვები, ლიდერები, პროგრამა, კვებაც კი. როგორც წესი, ბანაკი დამოუკიდებლობის განვითარებას, კომუნიკაციის უნარების გავარჯიშებას, ახალი აღმოჩენების გაკეთებას და სხვა უამრავ ცვლილებას უწყობს ხელს. ისევ და ისევ, ბანაკის შერჩევის დროსაც მნიშვნელოვანია ბავშვის და მოზარდის ინეტრესების გათვალისწინება. ზოგიერთ ბანაკში აქცენტი უცხო ენის შესწავლაზე კეთხება, ზოგი დატვირთულია ფიზიკური აქტივობებით, ზოგი ფოკუსირებულია გუნდური მუშაობის და კომუნიკაციის უნარების განვითარებაზე, ზოგში კი მაგ. ლიტერატურული ინტერესების მქონე მონაწილები იკრიბებიან. წინასწარ მოიძიეთ ინფორმაცია, გააცანით შვილსაც და შესაძლო მაქსიმალური ინფორმირების შემდეგ მშვიდად გაუშვით ერთი ან ორი კვირა საზაფხულო ბანაკში. როდესაც მოზარდი გარკვეულ გამოცდილებას დააგროვებს, შეგიძლიათ საერთაშორისო ბანაკებზეც იფიქროთ, რაც ზოგჯერ თანხებთანაა დაკავშირებული, მაგრამ ზოგჯერ სრულიად დაფინანსებულია სხვადასხვა დონორის მიერ და შეიძლება საკმაოდ დიდი ხნით სხვა ქვეყანაში წასვლა ფინანსური დანახარჯების გარეშე მოხერხდეს.

3. დაგეგმეთ ერთობლივი გასვლები, პიკნიკები, ლაშქრობები. ზაფხულის განმავლობაში რამდენჯერმე მოაწყვეთ პიკნიკი ან ლაშქრობა ბუნებაში. ეს ოჯახის წევრების დაახლოებასაც შეუწყობს ხელს, დასენებასაც და აღმოჩენებით განვითარებასაც. წაიღეთ საველე სათამაშოები, რაც გაგახსენდებათ, ჩოგნები, ბურთები, ფრიზბი… ზოგჯერ ბავშვები ასეთ დროსპირველად აღმოაჩენენ ხოლმე, რომ დედასაც უყარს წრეში ბურთის თამაში, მამაც მის ასაკში ქალაქობანას თამაშობდა და თუნდაც თვითონ არაჩვეულებრივად გამოსდის მაღლა ახტომა. ასეთი გასვლის შემდეგ, სასიამოვნოა საერთო ფოტების დათვალიერება, ჰერბარიუმის გაკეთება, ისევ დახატვა ან გამოძერწვა, ვიდეოების დამონტაჟება, რუკაზე ნანახი ადგილების მონიშვნა და სხვა. ეს ყველაფერი კი სასიამოვნო დასვენებასთან ერთად, დამატებით უნარების განვითარებას შეუწყობს ხელს.

4. ერთად ჩაერთეთ საოჯახო საქმეებში და ერთად გახადეთ ყოფითი აქტივობები სასიამოვნო. ზაფხულის არდადეგები ასევე კარგი დროა საოჯახო საქმეების ერთად კეთებისთვისაც. არ დაგავიწყდეთ, რასაც არ უნდა აკეთებდეთ, თან ისიამოვნოთ პროცესით. მაგ. ერთად დაალაგოთ სახლი, გამოაცხოთ ტკბილეული ან გააკეთოთ სადილი, დაკავდეთ მსუბუქი ხელსაქმით ან სერიოზული სამუშაოებით სახელოსნოში. თუ თავად ისე შეხედავთ ამ პროცესს, როგორც სასიამოვნოს, დიდი შანსია, რომ ბავშვებისთვისაც სახალისო იყოს. თუ მოზარდს ცოტა ეზარება მაგ. სახლის დალაგებაში ჩართვა, შესთავაზეთ ამ დროს თავად ჩართოს მისი საყვარელი მუსიკა მაღალ ხმაზე, შემდეგ კი ერთად უყურეთ მის მიერ შერჩეულ ფილმს, ან გააკეთეთ რამე, რაც მას ესიამოვნება.

5. ხელი შეუწყვეთ მეგობრების ნახვას და მათთან კომუნიკაციას. ზაფხულის არდადეგები ასევე შესანიშნავი დროა ისეთი მეგობრების სანახავად, რომლებიც უფრო შორს ცხოვრობენ ან სხვადასხვა მიზეზის გამო სწავლის პერიოდში ვერ ხერხდება მათთან ხშირი შეხვედრა. ბევრ ბავშვს სრულიად განსაკუთრებული მეგობრობა აკავშირებს მასთან, ვისაც მხოლოდ ზაფხულში ნახულობს, მაგრამ ამისმიუხედავად ყოველთვის გამოარჩევს მათ, როგორც საუკეთესო მეგობრებს. შესაძლოა მთელი წელი არც ახსენებდეს მათ სახლში, მაგრამ ზაფხულში აუცლებლად კითხეთ, ხომ არ არის ვინმე, ვისთან ერთადაც დროის გატარებას ისურვებდა, სახლში დაპატიჟებას ან ერთად სადმე წასვლას.

6. მოიძიეთ შემეცნებითი აქტივობები და ერთად ჩაერთეთ ან ურჩიეთ და ხელი შეუწყვეთ მათში მონაწილეობას. ზაფხულის თავისუფალი დრო ასევე იძლევა შესაძლებლობას, ერთად მოინახულოთ (ან სულაც მეგობრებთან ერთად გაუშვათ) მუზეუმები. ბევრ მუზეუმს აქვს ინტერაქციული პროგრამები, სხვადასხვა ასაკის და სხვადასხვა ინტერესების დამთვალიერებელზე მორგებული. შეგიძლიათ მასწავლებლებსაც კითხოთ, თუ რა იქნება კონკრეტულ ასაკში საინტერესო, თქვენ შესაძლოა არ გახსოვდეთ მთელი წლის სასწავლო პროგრამა და მითუმეტეს მუზეუმების ექსპონატების ისტორიები. ეცადეთ ისეთი მუზეუმი და ისეთი გამოფენა შეარჩიოთ, რაც რაღაც კავშირში იქნება წლის განმავლობაში მიღებულ ინფორმაციასთან, წაკითხულ წიგნთან ან ნანახ ფილმთან. მუზეუმებს და გამოფენებთან ერთად, მოიძიეთ ინფორმაცია დაგეგმილი ფესტივალების შესახებაც. ხშირად ღია ცის ქვეშ მოწყობილი ფესტივალები საკმაოდ საინტერესოა და ბევრ შემეცნებით აქტივობას ითვალისწინებს.

7. გახსვდეთ, ზაფხულის დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს პატარა დეტალები ქმნის. ზოგჯერ მშობლები ღელავენ იმაზე, რომ ვერ ახერხებენ რომელიმე კურორტზე წასვლას ან განსაკუთრებული ღირებულების სასტუმროში დასვენებას. ფიქრობენ, ეს მათი შვილების ზაფხულით კმაყოფილებაზე აისახება. რეალურად კი შესაძლოა მოზარდისთვის ის იყოს ყველაზე დასამახსოვრებელი, თუ როგორ ირბინა წვიმაში თქვენთან ერთად; როგორ დაგეწვათ ღვეზელები, რომელსაც ერთად აცხობდით; ან როგორ შეკერეთ ერთად დეკორატიული ბალიშის პირები თქვენი მისაღები ოთახისთვის; ან როგორ მიიტანეთ გადარჩეული ნივთები საქველმოქმედ ორგანიზაციაში; როგორ მოუყევით თქვენი პირველი სიყვარულის შესახებ; შესაძლოა დიდხანს გაყვეს საოჯახო ფოტოების დათვალიერებისას მიღებული ემოცია ან სულაც თქვენი მადლიერი იყოს, რომ გაუშვით დაბადების დღეზე მაშინ, როცა ძალიან გთხოვათ. ასე რომ, ეცადეთ, დაუთმოთ დრო და ერთად გატარებული დროით თქვენც ისიამოვნოთ.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები