LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ ავირჩიოთ საყვარელი საქმე და რა როლი აქვთ მშობლებს – 7 რჩევა ფსიქოლოგისგან

10
natia-qoiava-nwsmy

გადაცემის ლაივი LIVE

როგორ ავირჩიოთ საყვარელი საქმე და რა როლი აქვთ მშობლებს – ამ თემაზე მარტა ქარუმიძის გადაცემაში “7 რჩევა ფსიქოლოგისგან” ფსიქოლოგმა ნათია ქოიავამ ისაუბრა.

რატომ აკეთებენ ადამიანები არასწორ პროფესიულ არჩევანს?

რატომ ხდება ისე, რომ დღევანდელ დღეს, მიზნების დასახვას და მიღწევას იქამდე მივყავართ, რომ როცა 40 წელს გადავცილდებით, ერთ მშვენიერ დღეს, დილით გავიღვიძებთ და აღმოვაჩენთ, რომ საერთოდ აღარ გვაინტერესებს, რასაც აქამდე მივაღწიეთ, რასაც ვსაქმიანობთ და საერთოდ, რაც ხდება ჩვენს ცხოვრებაში?… როგორ სახავენ მიზნებს ადამიანები? ან რატომ შეიძლება, დადგეს ასეთი შედეგი, უშვებენ თუ არა ისინი შეცდომას მიზნების დასახვისას?

ეს იმიტომ ხდება, რომ ხშირად, მიზნებს ვსახავთ არა იქედან გამომდინარე, რაც ჩვენს სულს უნდა, არამედ იქედან გამომდინარე, რაც საზოგადოებას სურს, რომ ვაკეთოთ: ოჯახს, მშობლებს, ნათესავებს, მეზობლებს… ეს არის ყველაზე მთავარი შეცდომა მიზნების დასახვისას. ამიტომ, ხშირად, შეიძლება ისეც მოხდეს, რომ რაც უფრო მეტს მიაღწევ, რაც უფრო მეტს მიიღებ, მით უფრო ნაკლებად რეალიზებულად გრძნობ თავს, თითქოს მაინც ცარიელი ხარ, არ გაქვს კმაყოფილების, ბედნიერების შეგრძნება, რაც მიზნის მიღწევამ უნდა მოგიტანოს.

მიზნების სწორად დასახვისას, საქმიანობის სწორად შერჩევისას, უნდა გავიგოთ, ზუსტად რა სურს ჩვენს სულს და ეს არ აგვერიოს იმაში, რასაც მოითხოვს ჩვენგან საზოგადოება (ე.წ. „მოწებებული“ სურვილები). ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანის შინაგანი მდგომარეობა. ამას „სულიერ ფიტნესს“ ვეძახით. როცა სიტყვა „ფიტნესს“ ვახსენებთ, ის ყოველთვის ასოცირდება სხეულთან. ცხადია, ფიზიკური სხეულის ფიტნესი საჭიროა, მაგრამ კიდევ უფრო მნიშვნელოვანია სულის ფიტნესი და სიჯანსაღე.

 

რაში გვეხმარება სულიერი ფიტნესი?

სულიერი ფიტნესი ხსნის იმას, თუ რატომ აღწევენ ადამიანები სულიერი ზრდის უფრო მაღალ დონეს უფრო ადვილად, ვიდრე სხვები. ფიზიკური ფიტნესის მსგავსად, როცა სულიერად ფორმაში არ ხარ, ამან შეიძლება სულიერი ზრდის შეფერხება გამოიწვიოს. რაც უფრო ჯანსაღი ხართ სულიერად, მით უფრო ადვილია თქვენთვის საკუთარ თავში ჩაღრმავებაც, შინაგანი ხმის პოვნაც, მედიტირებაც, საზრისის პოვნაც, იმის გაგებაც, თუ რა გვსურს სინამდვილეში, რა არის ჩვენი მისია, რისთვის მოვევლინეთ ამ სამყაროს.

ცხადია, სულიერად ჯანსაღში ან არაჯანსაღში კლინიკური მდგომარეობა არ იგულისხმება. როცა სულიერად ჯანსაღი ხარ, ამჩნევ, როგორ ადვილად მიდის წინ შენი ცხოვრება. ეს შეიძლება შევადაროთ დაღმართზე სირბილს, ყველაფერი ის, რისი შექმნაც ცხოვრებაში გსურთ, ძალისხმევის გარეშე ქმნით, თითქოს წარმატება, ბედნიერება, თავად გხვდება გზაზე, თავად გეძებს და არა – პირიქით. გრძნობ, რომ თითქოს მთელი სამყარო შენს ზურგს უკან დგას და მხარს გიჭერს.

მაგრამ თუ სულიერი ფიტნესის უფრო ქვედა საფეხურზე ხართ, ეს ყველაფერი პირიქით არის. ანუ, ამ შემთხევაში, თითქოს აღმართზე არბიხარ, დიდ ძალისხმევას ხარჯავ, მეტ მოქმედებას ასრულებ, იმისთვის, რომ იქ მიხვიდე, სადაც გინდა მისვლა. მაგრამ იქამდე თითქოს მაინც ვერ მიდიხარ, ან თუ მიდიხარ, არ გაქვს კმაყოფილების და ბედნიერების განცდა. იცი, რომ შეიძლება, უფრო მეტად ბედნიერიც იყო, მეტიც გააკეთო სხვებისთვის, მეტად დაეხმარო, მეტი სიამოვნება მიღო, მაგრამ ამას თითქოს ვერ აღწევ. აქ გადასახედია თქვენი სულიერი ფიტნესის საკითხი. თუ სულიერი ფიტნესის კიდევ უფრო დაბალ საფეხურზეა ადამიანი, მაშინ მან არც კი იცის, სინამდვილეში რა სურს.

სულიერი ფიტნესი გავლენას ახდენს ცხოვრების ყველა ასპექტზე. ფაქტობრივად, ადამიანი არის სული და არა – სხეული. სული სხეულში ვერც მოთავსდება, რადგან ის გაცილებით დიდია, ვიდრე ერთი ადამიანის სხეული. სინამდვილეში, სხეულია მოქცეული სულში და არა – სული სხეულში. ცხადია, სხეული ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ არსებობს გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი ასპექტებიც. და როცა აქცენტს ამ ასპექტებზე აკეთებ და მათ განითარებაზე ზრუნავ, ცხოვრება გაცილებით უფრო მშვენიერი ხდება. შეგიძლია, მეტი გასცე, მეტი მისცე სამყაროს, მეტი ადამიანისთვის იყო სასარგებლო. გარდა ამისა, როცა შენი სულის საქმეს, მისიას და ფუნქციას პოულობ, უკვე დეტალებზე ფიქრი აღარ გიწევს, ყველაფერი თავისით მოგდის თავში. კეთების პროცესიც ძალიან სასიამოვნოა და სტრესშიც აღარ ვარდები. ასეთ შემთვევაში, აღარ ექცევი სტერეოტიპების გავლენის ქვეშ, აღარ მისდევ საზოგადოებაში გაბატონებულ წესებს, ხდები ორიგინალური, გაქვს ხედვა, ქმნი ცხოვრებას, რომელშიც შენ შენ ხარ და არ აკეთებ სხვების იმიტაციას. ასეთი ადამიანები პოულობენ იმ მისიას, რისთვისაც ამ პლანეტას მოევლინენ.

რა გვჭირდება იმისთვის, რომ ცხოვრებაში მივიღოთ ის, რაც გვსურს?

იმისთვის, რომ მივიღოთ ის, რაც გვსურს, ამისთვის, პირველ რიგში, უნდა გავიგოთ, სინამდვილეში რა გვსურს, რა სურს ჩვენს სულს. დაივიწყეთ, რა სურს საზოგადობას, რა სურთ თქვენი ოჯახის წევრებს და ისწავლეთ, მოუსმინოთ თქვენს სულს და მოახდინოთ თქვენი სულის ყველაზე ღრმა და ძლიერი სურვილების და ლტოლვების მანიფესტაცია. მე მესმის, რომ მიზნების დასახვა პრაგმატული მოსაზრებების გათვალისწინებით ხდება. მაგ., „ეს უფრო გამომადგება“, „ახლა ამაში იხდიან ფულს.“ „ეს საქმე უფრო მომგებიანი და სარფიანი და ა.შ.“ მაგრამ სწორედ პრაგმატული მოსაზრებიდან გამომდინარე მინდა გითხრათ, რომ ზუსტად ის საქმე, რაც თქვენს სულს სურს, არის ყველაზე ადვილად გასაკეთებელიც, ადვილად მიღწევადიც, ნაკლებად დამღლელიც და თქვენ წარმოიდგინეთ, ყველაზე შემოსავლიანიც კი.

როგორ ვიპოვოთ ეს მიზანი?

ეს არის ძალიან კარგი და ძალიან სწორი შეკითხვა! არა – „როგორ დავსახოთ მიზანი“, „როგორ მივაღწიოთ მიზანს“, არამედ, როგორ ვიპოვოთ ის მიზანი, მისია, რისთვისაც სამყარომ ამ ქვეყანას მოგვავლინა. შეიძლება, ადამიანს ჰყავდეს ოჯახი, ჰქონდეს პროფესია, სამსახური, მაგრამ მისი ცხოვრება იყოს ჩვეულებრვი რუტინა, უინტერესო, ვალდებულებების შესრულება, სამსახური, სახლი, შეიძელება დასვენებაც, გასეირნებაც, დადებითი ემოციებიც, თითქოს, ერთი შეხედვით, არც თუ ისე ურიგო ცხოვრება, მაგრამ ეს არ იყოს ის, რაც უნდა ყოფილიყო. არადა, სინამდვილეში, ამ პლანეტაზე, „ზედმეტი ადამიანები“ არ არიან, თითოეული ჩვენგანი დაიბადა კონკრეტული მიზეზით, იმ უნიკალური მიზნით, რომლის შესრულებაც მხოლოდ ჩვენ შეგვიძლია. ამიტომ, უფრო სწორი ფორმულირებაც და მიდგომაც იქნება, არა – დავსახოთ მიზანი, არამედ – მივიღოთ ის მიზანი, ის მისია, ფუნქცია, საკეთებელი, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი გასაკეთებელია.

თუ არსებობს მარტივი ფორმულა ამისთვის?

ყველაზე მარტივად რომ გითხრათ, ყველაზე მეტად მოტივირებული მაშინ ხარ, როცა იმყოფები ე.წ. 4 რგოლის გადაკვეთის წერტილში. ეს არის 1. საქმე, რომლის კეთებაც ყველაზე კარგად გამოგდის;  2. რომელიც განიჭებს ყველაზე დიდ სიამოვნებას, 3. ადგილი, სადაც არის მასზე მოთხოვნა/მისი საჭიროება; 4. რომელიც შენს სინდისთან, შინაგან ხმასთან ჰარმონიაშია, ე.ი. სინდისი გკარნახობს, რომ რასაც აკეთებ სწორია და საზოგადოებისთვის სასარგებლო. უფრო მარტივადაც შეიძლება ითქვას – თუ ნაპოვნი გაქვს ის საქმე, რომელსაც უსასყიდლოდაც დიდი სიამოვნებით აკეთებ, შემდეგ ისწავლე ამ საქმის ისეთ მაღალ დონეზე კეთება, რომ ამაში კარგად გადაგიხადონ.

მაგრამ სინამდვილეში, თავად ეს პროცესი ასეთი მარტივი არ არის. ეს საკუთარ თავში ჩაღრმავებას, სტერეოტიპებისგან გათავისუფლებას და ნამდვილი საკუთარი სურვილებისა და ინტერესების აღმოჩენას მოითხოვს. ეს არის ხედვა – „vision”, რომელიც ადამიანის პიროვნული/სულიერი განვითარების გარკვეულ საფეხურზე ჩნდება. როცა სულიერი განვითარების/ფიტნესის დონე მაღალია, თქვენი ოცნებები და მიზნები/გეგმები ბოლომდე გაქვთ გაცნობიერებული.

როგორ გავიგოთ, გაცნობიერებული გვაქვს თუ არა ეს ყველაფერი?

იმის გასაგებად, თუ რამდენად გაქვთ ეს ყველაფერი გაცნობიერებული, განმარტოვდით მშვიდ ადგილას, დახუჭეთ თვალები, იმისთვის, რომ ღრმად ჩაიხედოთ საკუთარ თავში ჰკითხეთ თქვენს თავს, ვახდენ თუ არა მე სულიერ განვითარებას? ვარ თუ არა მე კონტაქტში საკუთარ სულთან ანუ ცხოვრების საზრისთან? ვიცი თუ არა, რა უნდა ჩემს სულს? თუ საერთოდ არც კი მესმის ეს რა არის? ან არ მოვდივარ თანხვედრაში ამ ყველაფერთან, საერთოდ არც მაინტერესებს, არც მესმის. თუკი ხართ თქვენს სულთან, თქვენს საზრისთან კავშირში, თუ თქვენი პასუხი ამაზე არის – დიახ, ე.ი. თქვენ სრულიად ჯანსაღი ხართ შინაგანად და გაქვთ ე.წ იმუნიტეტი რთული და კრიტიკული სიტუაციებისადმი. თუ თქვენი პასუხი არის – არ ვიცი ე.ი. უნდა ეძებოთ კავშირი საკუთარ მესთან, საზრისთან. თუ თქვენი პასუხი არის – არა, ეს ნიშნავს, რომ თქვენ ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცეები გაქვთ შესაცვლელი თქვენს თავშიც, თქვენს მიდგომებშიც, თქვენს საქმიანობაშიც.

ის ადამიანები, რომლებიც სულიერი განვითარების მაღალ საფეხურზე არიან, ისინი თავად არიან სულიერი ლიდერები და მაგალითი სხვებისთვის, ისინი თქვენგან არაფრით განსხვავდებიან, უბრალოდ, ერთ მშვენიერ დღეს, ამ ადამიანებმა მოინდომეს, გაეგოთ, რას ნიშნავს, გრძნობდე შენს სულს.

როცა სულიერი განვითარების მაღალ საფეხურზე ხარ და აკეთებ შენი სულის საქმეს გაქვს  შეგრძნება, რომ ცხოვრება მშვენიერია, ბედნიერი ხარ იმით რასაც აკეთებ და ტკბები ცხოვრებით. ახდენ დადებით გავლენას სხვა ადამიანებზე, რაღაც სასარგებლოს აძლევ საზოგადოებას, ცდილობ, უკეთესი გახადო სამყარო. სხვათა შორის, ეს არამარტო ემოციურ დონეზე მოქმედებს, არამედ – ფიზიკურზეც. ასეთ შემთხვევაში, გაცილებით მაღალია თქვენი იმუნიტეტიც, როგორც დაავადებების ასევე – ცხოვრებისეული სირთულეების მიმართ. ვიქტორ ფრანკლი, ებრაული წარმოშობის ავსტრიელი ექიმი, ნევროლოგი და ფსიქიატრი, რომელიც საკონცენტრაციო ბანაკში სიკვდილს გადაურჩა, ამბობდა, ადამიანები იმიტომ კვდებიან, რომ მათ ცხოვრების საზრისი ვერ იპოვეს. მისმა შინაგანმა მდგომარეობამ ის ფიზიკურადაც გადაარჩინა, თუმცა, მას მანამდეც შესთავაზეს, რომ ქვეყნიდან უსაფრთხოდ  გასვლაში დაეხმარებოდნენ, მაგრამ მან უარი განაცხადა. იგივე იყო იანუშ კორჩაკის შემთხვევაშიც, მან სამჯერ თქვა უარი საკუთარი სიცოცხლის გადარჩენაზე. ამით იმის თქმა მინდა, რომ ადამიანები, რომლებსაც ნაპოვნი აქვთ ცხოვრების საზრისი, თავიანთი შინაგანი ენერგიით, სულის სინათლით, ისე ბრწყინავენ, რომ საკონცენტრაციო ბანაკის ესესის ოფიცერიც კი ამ ზეგავლენის ქვეშ იმდენად ექცევა, რომ მათ სიცოცხლის გადარჩენას სთავაზობს. შორს რომ არ წავიდე, თავად მეც, მქონია საკმაოდ მძიმე ცხოვრებისეული მომენტები, როცა სწორედ ჩემმა საქმიანობამ გადამარჩინა და გამომიყვანა ამ მდგომარეობიდან.

რაც შეეხება მშობლების როლს, როგორ უნდა მოიქცნენ, რომ ხელი შეუწყონ შვილებს თავიანთი ნამდვილი სურვილების აღმოჩენაში?

უპირველეს ყოვლისა, ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ ბავშვებთან ურთიერთობაში. ადამიანი ცარიელი კონტეინერივით არის. ძალიან მნიშვნელოვანია, მას რით შევავსებთ. ჩვენც გავიარეთ სხვადასხვა ეტაპი ჩვენს ცხოვრებაში, და მათ შორის ის ეტაპებიც, როცა ჩვენი ცნობიერება შეავსეს ისეთი აზროვნებით, სამყაროს ხედვებით, ისეთი მიდგომებით, სტერეოტიპებით რომლებიც გაბატონებული და მიღებულია იმ საზოგადოებაში, რომელშიც ვცხოვრობთ. ამას აკეთებს ოჯახი, გარემო, მედია, ლიტერატურა, რომელსაც ვეცნობით და ა.შ. უნდა ვეცადოთ, მივცეთ ბავშვს დამოუკიდებლად აზროვნების, დასკვნების გამოტანის საშუალება, არ მოვახვიოთ თავს საკუთარი მოსაზრებები, მით უმეტეს, თუ ეს გამომდინარეობს გაბატონებული სტერეოტიპებიდან ან საკუთარი ეგოისტური მოსაზრებიდან. არ უნდა ვეცადოთ საკუთარი თავის რეალიზაციას ჩვენი შვილების მეშვეობით. ის რაც ჩვენ გვინდოდა და არ გამოგვივიდა ან ვერ მივაღწიეთ თავის დროზე, გვინდა, რომ ეს ჩვენმა შვილებმა გააკეთონ.

ლაბორატორიაში ჩატარებული მიკრობიოლოგიური კვლევების შედეგად, ბავშვების სისხლზე, აღმოჩნდა, რომ იმ ბავშვებს, რომლებიც სახლში ჰარმონიულ გარემოში იმყოფებიან, ანუ ჰყავთ ადექვატური მზრუნველი, რომლებიც არ აკეთებენ არაფერს ბავშვისთვის საზიანოს, აქვთ ძალიან ძლიერი იმუნური უჯრედები, რომელიც განსხვავდება ზრდასრული ადამიანის იმუნური უჯრედისგან და ასევე, სხვა ბავშვის იმუნური უჯრედებისგან, თავიანთი სტრუქტურით, ანუ, ამ იმუნურ უჯრედს შეუძლია, ძალიან ადვილად და საკმაოდ კარგად იმუშაოს სხვადასხვა ინფექციის შემთხვევაში.

მიიღეთ და გიყვარდეთ თქვენი შვილები ისეთები, როგორებიც ისინი არიან. ცხადია, ყველა მშობელი იტყვის, რომ ასეც არის, რომ მათ ისედაც უყვართ თავიანთი შვილები! სინამდვილეში, შვილების სიყვარულიც კი გვიჭირს უპირობოდ! როგორც მშობელი, იმდენად მოცული ხარ შენი საკუთარი საჭიროებებით, რომ ის გაიზარდოს წარმატებული, აირჩიოს ის პროფესია, რომელიც შენ გინდა, ისეთი მეგობრები ჰყავდეს, როგორიც შენ გინდა, ისეთ ადამიანზე დაქორწინდეს, როგორსაც შენ მიიჩნევ მის შესაფერისად და ა.შ. ხშირად, ეს „კარგის გაკეთების“ ზედმეტი მცდელობა უკუშედეგებს იწვევს…

გადაცემის ჩანაწერი:

 

 

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები