LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ ამოვიცნოთ ნევროზი –  7 რჩევა ფსიქოლოგისგან

54
elenebaramidze2029

რა არის ნევროზი და როგორ უნდა ამოვიცნოთ ის – ამ თემაზე მარტა ქარუმიძის გადაცემაში „7 რჩევა ფსიქოლოგისგან“ ფსიქოლოგმა ელენე ბარამიძემ ისაუბრა.

რა არის ნევროზი?

ნევროზი ფსიქიკური აშლილობაა, რომელიც ხასიათდება სხვადასხვა ემოციური თუ ქცევითი სიმპტომებით და მნიშვნელოვნად ამცირებს მე-ს ყოველდღიურ ფუნქციონირებას. ამ დროს ადამიანი აცნობიერებს თავის მდგომარეობას, ტანჯვას და მიუხედავად ამისა, ვერ ახერხებს მათ კონტროლირებას, მათგან გათავისუფლებას. ძირითად შემთხვევაში, პაციენტს შენარჩუნებული აქვს რეალობის პრინციპი, ის ადეკვატურად აღიქვამს გარე რეალობას. არ ხდება რეალობის ისეთი დამახინჯება, როგორსაც ვხვდებით ფსიქოზში.

ნევროზის მიზეზი:

ნევროზის მიზეზი ყოველთვის ფსიქიკური ხასიათისაა და არა ორგანული. ნევროზის მთავარი მექანიზმი ქვეცნობიერი შინაგანი კონფლიქტის არსებობაა. ესე იგი კონფლიქტი საკუთარ თავთან, რომლის სიმბოლური გამოხატულებაა ნევროტული სიმპტომი და რომლის უკანაც ყოველთვის დგას დაფარული, არაცნობიერი შინაარსები. კონფლიქტს წარმოქმნის ისეთი ძლიერი სურვილის განდევნა, რომელიც აბსოლუტურ წინააღმდეგობაშია ადამიანის ყველა სხვა სურვილთან, მორალურ ღირებულებასთან თუ ესთეტიკურ მისწრაფებებთან. შედეგად ადამიანი  ახდენს თავისი ძალების მობილიზებას და განდევნის არასასურველ შინაარს. თუმცა, ეს არასასურველი შინაარსები ხშირად სხვა შენიღბული ფორმებით გვევლინებიან და სიმპტომის სახეს იღებენ.

ნევროზის ტიპები:

შეგვიძლია გამოვყოთ ნევროზების ორი დიდი ჯგუფი. ფსიქონევროზები, სადაც ერთიანდება: ობსესიური ნევროზი, ისტერია და ფობიური ნევროზი; და აქტუალური ნევროზების ჯგუფი: შფოთვითი ნევროზი, ნევრასთენია და იპოქონდრია. პირველი ჯგუფის ნევროზების მიზეზი ღრმა ფსიქოლოგიური კონფლიქტებია, რომლის საფუძვლებიც ბავშვობიდანვე იყრება. ხოლო მეორე ტიპის ნევროზების მიზეზი ახლადჩამოყალიბებული კონფლიქტის შედეგია და მისი სიმპტომატიკა უფრო სხეულებრივ სომატურ დონეზე გამოიხატება. თუმცა ის შეიძლება ფსიქონევროზის შესავალი მდგომარეობა იყოს.

ისეტირიული ნევროზი ხასიათდება ეპილეფსიის მსგავსი გულყრებით, კონვერსიული სიმპტომებით: რომელიმე სხეულის ნაწილის პარალიზი, ტკივილები მუცლის ღრუში, ამნეზია და სხვ. მნიშვნელოვანია, რომ სიმპტომატიკა გავს ორგანული მიზეზით წარმოქმნილს, მაგრამ სინამდვილეში არანაირი ორგანული მიზეზი არ აქვს. სიმპტომები მთლიანად ფსიქიკურია, თუმცა მოგლეჯილი აქვს აფექტური ნაწილი.

ობსესიური ნევროზი ხასიათდება აკვიატებული აზრებით ანუ ობსესიებით, რომლებსაც მოყვება აკვიატებული ქმედებები, რათა გაანეტრალოს ობსესიური იდეები.

ფობიური ნევროზები – პანიკური რეაქცია, ირაციონალური შიში ობიექტზე. მოიცავს სპეციფიკურ ფობიებს, ხშირია სისხლის ფობია, ცხოველების ფობია, სიბნელის, სიცარიელის, სიმაღლის და სხვ.

შფოთვითი ნევროზი გამოიხატება პანიკურ შეტევების, აგორაფობიის სახით. ადამიანს აქვს ცუდის მუდმივ მოლოდინი, ხშირია იპოქონდრიული გამოვლინებები, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული აკვიატებული იდეები.

ნევრასთენიას ახასიათებს მუდმივი დაღლილობის, უენერგიობის მდგომარეობა, ძილიანობა, თავის ტკივილები. ხშირია მოტივაციის ვარდნა, სურვილებისა და ინტერესების გასადავება.

ფსიქოთერაპია:

ნევროზების დროს მკურნალობის მთავარი მეთოდი ფსიქოთერაპიაა. მნიშვნელოვანია ნევროზის მიზეზის პოვნა, იმ შინაგანი კონფლიქტის გაცნობიერება და გადაჭრა, რომლელიც სიმპტომების უკანაა დაფარული. რაც უფრო მეტად ვაცნობიერებთ არაცნობიერ შინაარსებს, მით მეტად ვაკონტროლებთ საკუთარ ემოციებსა თუ ქცევებს, ვიღებთ პასუხისმგებლობას საკუთარ  სურვილებსა თუ ქმედებებზე, შესაბამისად აქტიური როლის შესრულებას ვიწყებთ საკუთარ ცხოვრებაში.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები