როდის უნდა ვიყოთ ფრთხილად და როდის არის აუცილებელი სახიდან ხალის მოცილება - სილამაზის აკადემია

გადაცემის ლაივი LIVE

როგორ უნდა მოვუაროთ სახეზე ხალებს და როდის უნდა მოვიცილოთ ხალები – ამ თემებზე დერმატოლოგმა ხათუნა კუდავამ გადაცემაში “სილამაზის აკადემია” ისაუბრა.

რა ტიპის ხალები არსებობს?

ხალებთან დაკავშირებით ბევრი მითი არსებობს, განსხვავებულია ადამიანების დამოკიდებულებაც მათ მიმართ. ზოგი თვლის, რომ ხალები მისი სხეულის ნაწილია და ამიტომაც ხელშეუხებელია, ზოგს კი იმდენად აწუხებს მათი არსებობა, როგორც კოსმეტიკური დეფექტის, რომ აუცილებლად თვლის მათ მოცილებას. რა უნდა ვიცოდეთ ხალების შესახებ იმისათვის, რომ  საკუთარ გარეგნობაზეც  ვიფიქროთ და არც ჩვენს ჯანმრთელობას მივაყენოთ ზიანი?
ხალი (ნევუსი) ნევუსური უჯრედებისგან განვითარებული  წარმონაქმნია, რომელიც ყველა ასაკის ადამიანში გვხვდება. ხალების უმრავლესობა კეთილთვისებიანია და მათგან მხოლოდ 20-30% აქვს მელანომად გადაგვარების რისკი. ხალები შესაძლოა იყოს თანდაყოლილი ან შეძენილი. სხვადასხვაგვარი  თანდაყოლილი  ხალები  ვლინდება დაბადებისთანავე ან ადრეულ ნეონატალურ პერიოდში. შეძენილი ხალების წარმოქმნა იწყება ბავშვთა ასაკში, გავრცელებისა და განვითარების პიკს კი პუბერტატულ ასაკში აღწევს. ხალების განვითარებაზე გარკვეულ გავლენას ახდენს ორსულობა და კლიმაქტერული პერიოდიც.

რასთან არის კავშირში ხალების რაოდენობა?

ხალების რაოდენობა გარკვეულ კავშირშია გენეტიკურ წინასწარგანწყობასთან, თუმცა მათ წარმოქმნასა და ზომაში ზრდაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მზის სხივები. სწორედ ამიტომაც ხალების დიდი ნაწილი წარმოიქმნება კანის მზესთან უშუალო კონტაქტის უბნებში. განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს მოგვიანებით ( 30 წლის შემდეგ) წარმოქმნილი ხალები, რომლებიც გაჩნდა მზისგან დაფარულ კანის უბნებზე და დიდი ზომის თანდაყოლილი ნევუსები.

ხალები შესაძლოა იყოს კანის დონესთან გათანაბრებული ან კანიდან ამოწეული, გლუვი ან მეჭეჭოვანი ზედაპირით,  სხვადასხვა ზომისა და  შეფერილობის (ვარდისფერი, ყავისფერი, ლურჯი, შავი). არსებობს უპიგმენტო ხალებიც. ხალი შესაძლოა განვითარდეს სხეულის ნებისმიერ ადგილზე, თავის თმიან მიდამოსა და ფრჩხილქვეშა არეებშიც.

როდის უნდა ვიყოთ ფრთხილად და როდის არის აუცილებელი ხალის მოცილება?

აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, მელანომის ოჯახური ანამნეზი, განსაკუთრებით დიდი ზომის ხალების არსებობა,  ხალების დიდი რაოდენობა და მათი არაერთგვაროვნება. მნიშვნელოვანია ხალების გარეგან ცვლილებებზე დაკვირვება.სწორედ გარეგანი ცვლილებების გამოვლენის  (ზომაში მკვეთრი ზრდა, არასწორი კიდეები, სხვადასხვაფერის პიგმენტების არათანაბარი განაწილება  წარმონაქმნში) და სუბიექტური ჩივილების  (წვა, ტკივილი, ქავილი) გაჩენის შემთხვევაში აუცილებლად უნდა მივმართოთ ექიმს. აუცილებლად გასათვალისწინებელია ხალების ხშირი დაზიანება, დამწვრობა და დაწყლულებაც. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ნებისმიერი ადამიანისთვის ნევუსის გარეგნული ცვლილებების შემჩნევა საწყის ეტაპზე მარტივი არ არის, განსაკუთრებით თუ ის მდებარეობს ზურგზე ან თავის თმიან არეში. ადამიანებს, კი რომელთაც სურთ რომ მოიცილონ ხალები როგორც კოსმეტიკური დეფექტი ან როგორც ავთვისებიან წარმონაქმნად გადაგვარების რისკის მქონე წარმონაქმნები, ვურჩევ ყურადღებით დააკვირდნენ თავიანთ წარმონაქმნებს და   პირველ ეტაპზე ჩაიტარონ  ციფრული დერმატოსკოპული გამოკვლევა.  ეს გახლავთ თანამედროვე, სრულიად არაინვაზიური მეთოდი, რომელიც საშუალებას იძლევა ადრეულ ეტაპზე გამოვავლინოთ ხალში მიმდინარე ნებისმიერი ცვლილება. წარმონაქმნის ავთვისებიანობის გამოსავლენად შექმნილი სისტემები (ABCD, 7-POINT CHECK-LIST, MOLE EXPERT MICRO) მახასიათებლების ციფრობრივი დამუშავების მეშვეობით საშუალებას იძლევა განისაზღვროს კონკრეტული ხალი უსაფრთხოა თუ აუცილებელია მისი მოცილება. გამოკვლევის შემდეგ პაციენტს ეძლება რეკომენდაციები და სასარგებლო რჩევები.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

რეკლამა: 0:05