LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როდის უნდა გაიკეთოთ პილინგი და როგორ უმკურნალოდ აკნეს – სილამაზის აკადემია

45
mari-milorava-silamazi-akademia

გადაცემის ლაივი LIVE

როდის უნდა გაიკეთოთ პილინგი და როგორ უმკურნალოდ აკნეს –  ამ თემებზე გადაცემაში “სილამაზის აკადემია” ექიმ-კოსმეტოლოგმა მარი მილორავამ ისაუბრა.

როგორ მოქმედებს სახის კანზე პილინგის პროცედურა?

პილინგი – ესაა კანის ზედა მკვდარი უჯრედების ფენის აშრევება – აქერცვლა. ამაზე კანი რეაგირებს, როგორც სტრესზე და მკვდარი უჯრედების რიგების მოცილების გარდა პარალელურად იწყება ახალი უჯრედების წარმოქმნის სტიმულაცია. ხდება კანის რეგენერაცია. შედეგად: სწორდება კანის ტექსტურა, ფორები იწმინდება და უფრო შეუმჩნეველი ხდება, ქრება პიგმენტაცია და სწორდება წვრილი ნაოჭები.

არის პილინგის 3 სახეობა: მექანიკური (სქრაბი, ბრაშინგი და დერმობრაზია), აპარატული (ლაზერული და ულტრაბგერითი), ქიმიური.

რა სეზონზეა რეკომენდებული?

პილინგები განსაკუთრებით რეკომენდებულია გვიანი შემოდგომა–ზამთრის სეზონზე, რადგან რეაბილიტაციის პერიოდში მზის სხივებს უნდა მოვერიდოთ, ვინაიდან აჩენს პიგმენტაციას. ყველაზე რბილი, უსაფრთხო და ზედაპირული ქიმიური პილინგი კეთდება ხილის მჟავეებით –  გლიკოლის, ლიმონის, ვაშლის, ღვინის, ნუშის… ძალიან კარგია აგრეთვე რძის მჟავაც. ისინი რეკომენდებულია ყველა ტიპის კანისთვის. საშუალო და ღრმა პილინგები რეკომენდებულია უფრო პრობლემური კანისთვის  – ნაწიბურები, სტრიები, დიდი ფორები, სქელი კანი. ყველაზე ხშირად გამოყენებადი საშუალო პილინგი არის რეტინოიდი (ე.წ. ყვითელი პილინგი), რომელიც რეკომენდებულია თხელი, მგრძნობიარე კანისთვის. ის არ აზიანებს ქვედა შრეს, უბრალოდ მოქმედებს უჯრედის ბირთვზე და მკვეთრად ასტიმულირებს კოლაგენის გამოყოფას, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას. არსებობს აგრეთვე ღრმა პილინგები, რომლებიც კეთდება სტაციონარის პირობებში უფრო დიდი პრობლემების დროს. რაც შეეხება პილინგის ცატარების სიხშირეს, ეს დამოკიდებულია მეთოდსა და დამუშავების სიღრმეზე. ამას წყვეტს კოსმეტოლოგი.

მარი, აკნეს პრობლემა ბევრ ადამიანს აწუხებს…

აკნე – ესაა გავრცელებული კანის დაავადება, რომელიც გამოიხატება ანთებით პროცესებში ცხიმოვან ჯირყვლებში და თმის ფოლიკულებში. ყველაზე ხშირად ვითარდება გარდატეხის ასაკში. მაგრამ ასევე შეიძლება დაიწყოს ნებისმიერ ასაკში. იწვევს კანის ზედმეტ გაცხიმიანებას, ფერიჭამელების (კომედონების) გაჩენას, ჩირქოვან გამონაყარს, ნაწიბურებს, ლაქებს.

რა იწვევს აკნეს?

ამ დაავადების წარმოშობაში ბევრ ფაქტორსა აქვს მნიშვნელობა: ჰიგიენის წესების დარღვევა, იმუნიტეტის დაქვეითება, ჰორმონალური დისბალანსი, სტრესები, ავიტამინოზი, არასწორი კვება, შინაგანი ორგანოების დაავადებები და ინფექციები. ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს გენეტიკასაც. აკნეს მკურნალობა ხდება როგორც ადგილობრივად, ასევე ორგანიზმის საერთო მდგომარეობის გათვალისწინებით . აქ შეიძლება ჩართული იყოს ვიტამინები, ანტიბიოტიკები, ფაგები, დასხივება ულტრაიისფერი სხივებით, კრიოთერაპი, ფოტოლაზერი. .ასევე მძიმე ფორმებში მიღებულია ჰორმონოთერაპია. ასევე მნიშვნელოვანია ადგილობრივი მკურნალობა. ბოლო დროს ძალიან აქტუალურია პლაზმოთერაპიის ინექციები და აკნეს მეზოთერაპია. სტანდარტული მეთოდებია სახის ღრმა წმენდა, სპეციალური ნიღბები და საცხები. ბევრ კოსმეტიკურ ფირმას აქვს აკნეს ხაზი, რომლის პრეპარატებიც თანმიმდევრულად უნდა გამოვიყენოთ. მათ შემადგენლობაში უმთავრესად შედის გოგირდი და თუთია, რომლებიც თრგუნავენ ცხიმის გამოყოფას. ასევე გამოიყენება ადგილობრივი ბაქტერიოციდული საშუალებები. მშვიდ პერიოდში გამოიყენება პილინგებიც. ძალიან მნიშვნელოვანია ცხოვრების ჯანმრთელი წესი და კვების მოწესრიგება.

როგორ უნდა მოვიაროთ სახის კანს?

სახის კანის მოვლა უნდა დაიწყოთ ჯერ  ,,შორიდან“– კვებისა და წყლის რეჟიმის მოწესრიგებით, ასევე ვიტამინების მიღებით, სეზონური საკვებით ან მედიკამენტურად. ავიტამინოზი ყოველთვის აისახება სახეზე. დაიბანეთ სწორად, თქვენი კანის ტიპისთვის შესაფერისი საშუალებით. იხმარეთ სეზონის შესაბამისი საცხი. ზამთრის სეზონის ,,ოქროს წესია“– ვიხმაროთ დამატენიანებელი ღამით და მკვებავი დღისით. სახის გაწმენდის შემდეგ გავიკეთოთ ტონიზირება, რომ გამწმენდი საშუალებებისგან გაათავისუფლოთ კანი და ამის შემდეგ საცხი უკეთ შეიწოვება. შემდეგ კი წაისვით დამატენიანებელი ან მკვებავი საცხი. ცხიმიან კანს განსაკუთრებული მოვლა სჭირდება. სახლის პირობებში გირჩეთ შემდეგს:

ნიღაბი ცხიმიანი კანისთვის: 2 ს.კ. ნახევრად მოხარშული გოგრა 1 ს.კ. კოსმეტიკური თიხა (შეიძლება ნებისმიერი, ჯობია შავი) 10-12 წვეთი ჩაის ხის ეთერზეთი წყალი შუშის ჭურჭელში ავურიოთ გახეხილი გოგრა და თიხა (კოვზი არ უნდა იყოს მეტალის), დავაწვეთოთ ჩაის ხის ეთერზეთი და შევურიოთ წყალი ისეთი რაოდენობით, რომ მივიღოთ სასურველი მასა. დავიდოთ სახეზე 20 წთ, ჩამოვიბანოთ თბილი წყლით და წავისვათ დამატენიანებელი კრემი.

ტუჩის სქრაბი ზამთარში: 1 ს.კ. ყავისფერი შაქარი+ 1/2 ც.კ. ნუშის ზეთი. უნივერსალური დამატენიენებელი ნიღაბი: ხაჭო, არაჟანი და ბანანი თანაბარი რაოდენობით.
გადაცემის აუდიოჩანაწერი
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები