LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“როცა გაღიზიანებული ხართ, ჯერ დაწყნარდით, მერე აუხსენით ბავშვს, რა შეეშალა” – 7 რჩევა ფსიქოლოგისგან

9
ninoamonashvili-7rcheva

გადაცემის ლაივი LIVE

რატომ არის მნიშვნელოვანი დაფიქრება, როცა ბავშვს საჩუქრებს უკეთებთ და როგორ ავუხსნათ ბავშვს, რომ ის არასწორად მოიქცა – ამ თემაზე მარტა ქარუმიძის გადაცემაში „7 რჩევა ფსიქოლოგისგან“ ამონაშვილის აკადემიის დამფუძნებელმა ნინო ამონაშვილმა ისაუბრა.

რატომ არის მნიშვნელოვანი დაფიქრება, როცა ბავშვს საჩუქრებს უკეთებთ?

დაუტოვეთ ბავშვს საოცნებო სივრცე, წინასწარ ნუ აავსებთ საჩუქრებით. მშობლები ცდილობენ მატერიალური ფორმებით აუსრულონ შვილს ყველაფერი, თუმცა არ ფიქრობენ მის განვითარებაზე, მისთვის თვისებების ჩამოყალიბებაზე. მაგალითად, წავიყვანეთ ბავშვი პარიზში, დასასვენებლად წაყვანა არ ნიშნავს, რომ სამი ფოტო გადავიღოთ და ფეისბუკზე ავტვირთოთ. დასვენების დროს უნდა მივცეთ ბავშვს ღირებული ინფორმაცია, რომელიც მას ასწავლის, განუვითარებს კარგ ჩვევებს, ჩამოაყალიბებს მას კარგ პიროვნებად.

ხშირად ამბობენ მშობლები, რომ ბავშვს ყველაფერს უკეთებენ. და რას ნიშნავს ყველაფრის კეთება? ბავშვს ყველაზე ძალიან სჭირდება ჩვენი სიყვარული, სწორედ ესაა მისთვის ყველაფერი.

ვფიქრობ, უფრო ფრთხილები უნდა ვიყოთ საჩუქრებთან. მე იმას არ ვამბობ, რომ ბავშვს არ უნდა აჩუქოთ საჩუქრები, მაგრამ საჩუქარმა არ უნდა ჩააანაცვლოს ჩვენი მისვლის სიხარული სახლში. დავფიქრდეთ, რას ვანვითარებთ ბავშვში საჩუქრებით. ხშირად საჩუქრების არასწორი ფორმით ჩუქებით ბავშვებს ვასწავლით მატერიალურის მიმართ სიყვარულსა და მოქრთამვას.

მერე ხდება ისე, რომ ბავშვი იზრდება და მშობლისგან უნდა მარტო ტელეფონი, კომპიუტერი, ჩანთა და მეტი არაფერი. სიყვარული მატერიალური არ არის, ამის უამრავი მაგალითია, როცა მშობლებს არ აქვთ ბევრი ფული და კარგი ფინანსური მდგომარეობა, მაგრამ გიჟდებიან ბავშვები მშობლებზე და არა მათ მიერ გაკეთებულ საჩუქრებზე.

როგორ ავუხსნათ ბავშვს, რომ ის არასწორად მოიქცა?

დღევანდელ დღეს ბავშვებს 10-11 წლიდან ეწყებათ ჰორმონალური ცვლილებები, ფაქტობრივად, გარდატეხის ასაკი უფრო ადრე იწყება. თუ გარდატეხის ასაკში ჩვენს არ ვიქნებით შვილების მეგობრები, ჩვენ გაგვიჭირდება მათთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია, მაშინ წამოვა პრობლემები უხეშობისა და კონფლიქტის სახით.

მთავარია ეს კომუნიკაცია არ დავკარგოთ ბავშვებთან. ჩვენ უნდა ვესაუბროთ მათ ჩვენს პრობლემებზეც, მაგალითად, მე ჩემს შვილს ვესაუბრები, როგორი დღე მქონდა. ბავშვმა უნდა გაითვალისწონოს მშობლის მდგომარეობა. თუმცა არ უნდა დაგვავიწყეს, რომ პირველ რიგში გამგები ობიექტი უნდა იყოს მშობელი.

მშობელმა ცუდი საქციელი არ უნდა მოუწონოს შვილს. ხშირად მშობლებს ეშლებათ, როცა ჰუმანურ პედაგოგიკაზე ვსაუბრობთ, ჰგონიათ რომ ბავშვს ყველაფერზე თავზე ხელი უნდა გადავუსვათ. არ შეიძლება იმის მოწონება, როცა ბავშვმა დაამტვრია ლარნაკი, ან ბებიას წიგნი ჩაარტყა. როდის ვიწყებთ ბაშვებთან საუბარს? როცა რაღაც დააშავა და მშობელიც გაბრაზებულია, დგას და ეჩხუბება. რაც არ უნდა კარგი სიტყვები ვუთხრათ ბავშვს გაბრაზებული ტონით, ის ვერ გაიგებს. მშობლებს ვურჩევ, ჩაიაროს იმ პერიოდმა, როცა გაღიზიანებული ხართ. დაწყნარდით, მერე აუცილებლად აუხსენით რა შეეშალა მას. ბავშვში გამოიწვიეთ თვითსინანული, ეს არის დასჯის ეფექტური მეთოდი, ის მეორედ შეეცდება ასეთი საქციელი აღარ გამოიწვიოს.

7 რჩევა ნინო ამონაშვილისგან:

1. გვიყვარდეს ჩვენი შვილები უპირობოდ. გვიყვარდეს არა იმიტომ, რომ კარგად იქცევიან, არა იმიტომ რომ კარგი ნიშნები აქვთ, არა იმიტომ, რომ გვახარებენ, არამედ უბრალოდ იმიტომ, რომ ისინი არსებობენ ჩვენს ცხოვრებაში.

2.  ჩაეხუტეთ ბავშვებს. ეს მათთვის აუცილებელია.

3. ბავშვებს ესმით ჩვენი ტონი და არა ის სიტყვები, ამიტომ ხშირად, როდესაც ვბრაზდებით და გაბრაზებულები ვცდილობთ ჭკუა ვასწავლოთ მათ, შედეგად ვერაფერს ვიღებთ. თუ ბავშვმა რაიმე დააშავა, რა თქმა უნდა ეს არ უნდა მოვიწონოთ, მაგრამ შევეცადოთ გავიდეს ცოტა დრო და შემდეგ, სიყვარულის ტონით, ავუხსნათ მას, რა არ მოგვეწონა მის საქციელში.

4. არსებობს ბავშვის აღზრდის ერთი ყველაზე უნიკალური წესი, რომელიც თითქმის ყველამ იცის, მაგრამ ხშირად გვავიწყდება ხოლმე. ჩვენ, როგორც მშობლები, ვართ ჩვენი შვილების საუკეთესო მაგალითები, რომლებზეც ბავშვები სწავლობენ. შესაბამისად, თუ კი რაიმე არ მოგვწონს ჩვენს შვილში, პირველ რიგში, ვეცადოთ ეს თვისება გამოვასწოროთ ჩვენში. უშინაარსო იქნება, თუ ჩვენ სიგარეტს ვეწევით და შემდეგ ბავშვს ვასწავლით როგორი მავნებელია მოწევა. არ გამოგვივა ბავშვი გადავაჩვიოთ სხვადასხვა გაჯეტებს, თუ ჩვენ თვითონ მთელი დღე ტელეფონი გვიჭირავს ხელში. ასე რომ გავხდეთ ისეთები, როგორიც გვინდა რომ ჩვენი შვილები იყვნენ და ნელ-ნელა ისინიც დაგვემსგავსებიან ჩვენ.

5. პატარა ბავშვი ყველა ჩვენთაგანში არსებობს, უბრალოდ კარგად აღარ გვახსოვს. გავიხსენოთ ჩვენი ბავშვობა. გავიხსენოთ როგორია, როდესაც პატარა ხარ. გავიხსენოთ როგორ ვუყურებდით სამყაროს და შევეცადოთ, იმ თვალით შევხედოთ ჩვენს დღევანდელობას. ეს ძალიან დაგვეხმარება ჩვენი შვილების უკეთ გაგებაში.

6. ემოცია ძალიან სუბიექტური განცდაა და ხშირად, შეიძლება არ გვესმოდეს რა სწყინთ, ან რაზე ბრაზდებიან ჩვენი შვილები. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მიუხედავად იმისა, გვესმის თუ არა მათი ემოციების, არ დავტოვოთ ისინი მრთულ განცდებთან მარტო. ხანდახან უბრალოდ მათ გვერდით ჩამოჯდომა და ჩახუტება, შეიძლება გადამწყვეტი აღმოჩნდეს და ბავშვი ისე მალე დამშვიდდეს, რომ გაგვიკვირდეს კიდეც.

7. აღვივსოთ უპირობო სიყვარულით ჩვენი შვილების და სამყაროს მიმართ, მივიღოთ ისინი ისეთები როგორიც არიან, დავინტერესედეთ მთელი გულით მათით, ვიყოთ მათი საუკეთესო მაგალითები, გავხდეთ ბედნიერები და ისინიც აუცილებლად გაჰყვებიან ჩვენს გზას.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები