რისგან შედგება ჩვენი ცხოვრება და რაში გვეხმარება ცეკვა-თერაპია - 7 რჩევა ფსიქოლოგისგან

გადაცემის ლაივი LIVE

რისგან შედგება ჩვენი ცხოვრება და რაში გვეხმარება ცეკვა-თერაპია – ამ თემაზე მარტა ქარუმიძის გადაცემაში „7 რჩევა ფსიქოლოგისგან“ ფსიქოკონსულტანტმა ცისია ჩოლოყაშვილმა ისაუბრა.

რისგან შედგება ცხოვრება?

ჩვენ უნდა ვიცოდეთ რითია შევსებული ცხოვრება. რამდენად ვაფასებთ, როგორ განვკარგავთ ჩვენ დროს, ენერგიას და საერთოდ ცხოვრებას, როგორ ვახერხებთ წონასწორობის შენარჩუნებას, ცხოვრების სხვადასხვა სფეროებს შორის განსაკუთრებით ახლა, ამ ცვალებად და არასტაბილურ გარემოში.

ერთი შეხედვით ძალიან მარტივი და პოპულარული თემაა, მაგრამ მნიშვნელოვანია იმით, რომ  დაკვირვების საშუალებას გვაძლევს რაზე და როგორ ვანაწილებთ ჩვენს ცხოვრებას, როგორ ვახერხებთ წონასწორობის დაცვას და შენარჩუნებას ცხოვრების სხვადასხვა სფეროებს შორის.

პოზიტიური ფსიქოთერაპიის კონცეფციის თანახმად, რომელიც არის ძალიან გასაგები და უბრალო, მთელი ჩვენი ცხოვრება შედგება 4 ძირითადი სფეროსგან.

– სხეულის და ჯანმრთელობის სფერო

-საქმიანობის, მუშაობის, მიღწევების სფერო

-ურთიერთობების, კონტაქტების სფერო

-ცხოვრების არსის, მომავლის სფერო

ჯანმრთელი, დაბალანსებული ცხოვრების წესი გულისხმობს, რომ ოთხივე სფეროს შინაარსი საკმარისად შევსებულია, საინტერესოა, სიხარულის მომნიჭებელია და რაც მთავარია ყველა ამ სფეროს განვითარების საშუალებას იძლევა.

როგორ მივაღწიოთ ან შევინარჩუნოთ ცხოვრების ბალანსი?

სხეულის სფერო გვაქვს ყველას, ყველა ვიკვებებით, გვძინავს, ვზრუნავთ ჩვენს ჯანმრთელობაზე, გარეგნობაზე, ვსეირნობთ, ვვარჯიშობთ, სხვადასხვა ფიზიკური აქტივობით ვართ დაკავებული. მნიშვნელოვანია რომ ადამიანებმა ვისწავლოთ სხეულის მოთხოვნილებების შეგრძნება და გაგება, გვესმოდეს ჩვენი განწყობის, როდის მოგვშივდა, როდის ვშფოთავთ, როდის გადავიღალეთ და გამოძინება გვჭირდება. ზოგჯერ როცა ჩვენი სხეული ავად ხდება, გვიწევს გადავისროლოთ მეტი ენერგია, ყურადღება და დრო მისკენ, შესაბამისად ცხოვრების ინტენსივობა იკლებს.

საქმიანობის სფერო – ეს არის მუშაობის, კარიერის, სწავლის, მატერიალური კეთილდღეობის, მიღწევების, სახლში საქმიანობის სფერო, ძალიან ბევრი ადამიანი კონცენტრირებულია ამ სფეროზე, დებს ბევრ ენერგიას და შესაბამისად მიღწევებიც აქვს, მაგრამ აღარ ყოფნის ენერგია სხვა სფეროებისთვის. მაგალითად, რაც მეტს ვმუშაობთ მით ნაკლები გვძინავს, ნაკლებს ვჭამთ, სხეულს გარკვეული პერიოდი შეუძლია აიტანოს ასეთი მდგომარეობა მაგრამ თუ დიდხანს გაგრძელდა , სხეული გვანიშნებს რომ  მას მეტი ყურადღება ჭირდება. საქმიანობის სფერო ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ არ შეიძლება დანარჩენი სფეროების უგულებელყოფა.

ურთიერთობების სფერო – ეს არის ჩვენი სოციალური ურთიერთობები, როგორ ვგრძნობთ თავს, როგორც საზოგადოების ნაწილი, როგორ ვურთიერთობთ ადამიანებთან. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, როგორი დამოკიდებულება აქვთ ადამიანებს ჩვენთან, რას ფიქრობენ ჩვენზე, ჩვენ რას ვფიქრობთ მათზე, პრობლემების 90% -ი  მოდის ამ სფეროდან. ჩვენ თავს ვგრძნობთ ადამიანებად ადამიანების გარემოცვაში, ვსწავლობთ ერთმანეთისგან და ვვითარდებით  ერთმანეთთან ურთიერთობით, ვამდიდრებთ ერთმანეთს.

ცხოვრების არსის სფერო – ცხოვრების ფილოსოფია, რელიგია, ის რისიც გვწამს. ის პასუხობს კითხვებზე, რა არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი ცხოვრებაში? რისთვის ვცხოვრობთ? რა ღირებულებები გვაქვს, რისკენ მივისწრაფით? რა აძლევს ჩვენს ცხოვრებას აზრს? შეიძლება ითქვას, რომ ეს არის ჩვენი ფასეულობები როგორც საყრდენი, მაშინაც კი თუ ყველაფერი გამოგვეცლება. კრიტიკულ მომენტში, როდესაც ამ ცხოვრებას დავტოვებთ, გვქონდეს შეგრძნება რომ ვიცხოვრეთ. არის ასეთი გამოთქმა: „ყველა კვდება, მაგრამ ყველა არ ცხოვრობს“

რა არის ცეკვა-თერაპია?

ცეკვა-მოძრაობითი თერაპია არის მოძრაობებისა და ცეკვის ფსიქოთერაპიული გამოყენება სხეულის მოტორული, ინტელექტუალური და ემოციური ფუნქციების მხარდაჭერისთვის. იმისთვის, რომ უკეთ გვესმოდეს არავერბალური იმპულსები, ჩვენი სხეულის, ემოციების, გონების და სულის მდგომარეობა.

არავერბალური და მოძრაობითი კომუნიკაცია მუცლად ყოფნის დროს იწყება და მთელი ცხოვრების განმავლობაში გრძელდება. მოძრაობა ჩვენი პირველი ენაა, გარესამყაროსთან კონტაქტის პირველი საშუალება, რომელსაც ზრდასთან ერთად ნაკლებ ყურადღებას ვაქცევთ და შესაძლოა საერთოდაც უგულებელვყოფთ.

სხეული ფლობს სრულ ინფორმაციას ჩვენ შესახებ და ცეკვა მოძრაობის საშუალებით, შეუძლია გვამოგზაუროს ჩვენს ცხოვრებაში.

ცეკვისა და მოძრაობის თერაპევტი ეყრდნობა მოსაზრებას, რომ გონება, გული, სხეული და სული ურთიერთკავშირშია, არავერბალური ენა, ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ვერბალური და ორივე კომუნიკაციის ფორმას იყენებს თერაპიის პროცესში.

მოდით ვისაუბროთ იმაზე თუ რა შეუძლია ჩვენს სხეულს. მაგალითად, თუნდაც ახლა ამ მომენტში, როგორ ვსხედვართ? ვგრძნობთ თუ არა დაძაბულობას სხეულის რომელიმე ნაწილში, ხელებში, ზურგში, კისერში, პირის აპარატში?

ადვილად შესაძლებელია რომ მე ახლა გარკვეული ღელვა/ნერვიულობა მქონდეს, რადგან პირველად ვარ თქვენთან გადაცემაში, რაც აისახება ჩემს სხეულზე, მაგალითად ხელებზე, პირის აპარატზე ან ხმის იოგებზე. თუ მაქვს საშუალება დავაკვირდე ჩემს სხეულს, შეიძლება აღმოვაჩინო დაძაბულობა და შევძლო მისი გათავისუფლება, ეს მყისიერად აისახება ჩემს ფსიქიკაზე როგორც დამამშვიდებელი სიგნალი და შესაბამისად, ჩემი ნერვიულობის ხარისხი შემცირდება.

სულ სტრესზე საუბარი რომ არ გამომივიდეს, აუცილებლად მინდა აღვნიშნო, რომ სხეულს ასევე აქვს ინფორმაცია ჩვენს რესურსებზე, კრეატიულობაზე, სურვილებზე, შესაძლებლობებზე, მისწრაფებებზე და თუ მოსმენას ვისწავლით ამ ინფორმაციასაც სიამოვნებით და უშურველად გაგვიზიარებს.