LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ ითვლება ლაპარასკოპიული ქირურგია უფრო ეფექტურად და რა უპირატესობა აქვს მას – ქირურგ-ონკოლოგი ემზარ ნადირაძ

30
emzar-nadiradze

გადაცემის ლაივი LIVE

5 აპრილს რადიო „ფორტუნას“ და თიკო დაბრუნდაშვილის გადაცემას „პულსი“ მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრის მუცლის ღრუს ქირურგ-ონკოლოგი, ბატონი ემზარ ნადირაძე სტუმრობდა, რომელმაც სიმსივნური პათოლოგიების მკურნალობისას მცირე ინვაზიური ქირურგიის ეფექტურობაზე ისაუბრა.

– ბატონო ემზარ, მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრი მეტწილად თავ-კისრის ქირურგიასთან ასოცირდებოდა, თუმცა გაფართოვების შემდეგ, აქტიურად განვითარდა მუცლის ღრუს განყოფილებაც, სადაც მუცელკვეთებთან ერთად, მცირე ინვაზიური ოპერაციებიც ინტენსიურად ტარდება. მართალია, არსებობდა მოსაზრება, თითქოს ონკოლოგიური დაავადების მკურნალობისას სპეციალური აპარატურის გამოყენებას ყოველთვის მუცელკვეთა ჯობდა, რათა ქირურგს საკუთარი თვალით ენახა წარმონაქმნი, მაგრამ ლაპარასკოპიული ქირურგიის განვითარებამ ბევრს შეაცვლევინა  აზრი. საინტერესოა, რატომ ითვლება მცირე ინვაზიური ჩარევა უფრო ეფექტურად და რა უპირატესობა აქვს მას?

– ლაპარასკოპიული ქირურგია, რომელიც ბოლო 20 წელიწადში განსაკუთრებით განვითარდა, არა მხოლოდ ქირურგიული, არამედ ონკოლოგიური დაავადებების შემთხვევაშიც აქტიურად გამოიყენება. წლების წინ მართლაც არსებობდა მოსაზრება, თითქოს ონკოლოგიური პათოლოგიების მკურნალობისას აუცილებელი იყო  მუცელის კვეთა, რათა ხელის შეხებით ლიკვიდირებულიყო სიმსივნე. ამგვარი მეთოდი დიდი ხანია წარსულს ჩაბარდა, თუ რა თქმა უნდა, წარმონაქმნი ზედმეტად დიდი ზომის არაა და არ ექვემდებარება ლაპაროსკოპიული ინსტრუმენტებით ამოკვეთას. აღსანიშნავია, რომ ტუბუსი გამოსახულებას 5-6-ჯერ ადიდებს, რაც მნიშვნელოვნად ამარტივებს ოპერაციას, პაციენტი კი, მაქსიმალურად დაცულია გართულებებისგან და ბევრად სწრაფად გადის პოსტოპერაციულ რეაბილიტაციას. კვლევები, რომელთაც მსოფლიო მედიკოსები სიმსივნით დაავადებული პაციენტების მონაწილეობით ატარებენ, სულ უფრო ხშირად ადასტურებენ ლაპარასკოპიული ქირურგიის ეფექტურობას. რა თქმა უნდა, ღია ქირურგიას თავისი დანიშნულება აქვს და არავის გააუქმებია, თუმცა ლაპარასკოპია მაინც ბევრად აქტიურად გამოიყენება.

https://www.facebook.com/fortuna106.9/videos/818533565178499/

– სამწუხაროდ, არის შემთხვევები, როცა ქირურგი ოპერირების მხოლოდ ერთ მეთოდს ფლობს. რამდენად ხშირად გიწევთ ოპერაციის დროს წინასწარ შერჩეული ტაქტიკის შეცვლა და გყოფნით თუ არა ტექნიკურთან ერთად ადამიანური რესურსი ამგვარი შემთხვევებისას?

– ვფიქრობ, თუ ქირურგი ღია წესით ოპერირების ხელოვნებას არ ფლობს, ძალიან გაუჭირდება ლაპარასკოპიული მეთოდის გამოყენება, რადგან ყოველთვის არსებობს მუცელკვეთის რისკი. თუმცა, ახალგაზრდებისთვის, რომლებიც ახლა იწყებენ ქირურგიის შესწავლას, საკმაოდ რთულია ღიად ოპერირების პრაქტიკული ცოდნის შეძენა, რადგან ქირურგთა დიდი ნაწილი სწორედ ლაპარასკოპიულ მეთოდს მიმართავს.

– თქვენი პროფესიული ბიოგრაფიის და მდიდარი გამოცდილების გათვალისწინებით, რომელიც ევროპისა და აზიის წამყვან ქვეყნებში შეიძინეთ, საინტერესოა როგორ მოხვდით მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრში და რამდენად კომფორტულია მულტიპროფილურ კლინიკაში მუშაობა, რომელიც სხვადასხვა მიმართულებით გაძლევთ კვლევებისა და დაკვირვების საშუალებას?

– მოღვაწეობა რუსეთში დავიწყე, გერმანიაში, სამხრეთ კორეასა და იაპონიაში შეძენილი გამოცდილების შემდეგ კი, საქართველოში დავბრუნდი და მარდალეიშვილის ცენტრში გავაგრძელე მუშაობა, სადაც ძალიან კომფორტულად ვგრძნობ თავს, რადგან პაციენტის ოპერირების გადაწყვეტილებას არა არაერთპიროვნულად, არამედ მულტიპროფილურ კომისიასთან კონსულტაციის გავლის შემდეგ ვიღებ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია მკურნალობის ყველაზე ოპტიმალური მეთოდის შესარჩევად.

– როგორ გრძნობენ თავს უკვე ოპერირებული პაციენტები და თავად რამდენად კმაყოფილი ხართ შედეგებით?

– შედეგებით კმაყოფილი ვარ, რადგან პაციენტები საკმაოდ მხნედ გრძნობენ თავს. სხვათაშორის, მცირე ინვაზიურმა მეთოდმა მნიშვნელოვნად შეამცირა გართულებები, რაც ვფიქრობ, ძალიან დიდი წინ გადადგმული ნაბიჯია.

–  თქვენს კლინიკას ხშირად სტუმრობენ უცხოელი პაციენტები. საკმაოდ რთული ოპერაცია გქონდათ ერთი თვის წინაც. საინტერესოა, როგორ და რა დიაგნოზით მოგმართათ ამერიკელმა პაციენტმა?

– პაციენტმა პირველად ყაზახეთში მომმართა, მერე კი, საქართველოშიც ჩამოვიდა. მართალია, საყლაპავის ქვედა მესამედზე სიმსივნის წარმონაქმნის ოპერირება მანამდეც წარმატებით ხორციელდებოდა, მაგრამ მცირე ინვაზიური მეთოდით ანუ მუცლიდან ლაპარასკოპიულად, გულ-მკერდის მიდამოში კი, თეროსკოპიულად, პირველად ჩვენ შევასრულეთ. ღია წესით ამგვარი ოპერაცია განსაკუთრებით ტრავმულია, რადგან მუცელკვეთასთან ერთად გულ-მკერდზეც კეთდება განაკვეთი, რაც მწვავე ტკივილებს და ხშირად სერიოზულ გართულებებსაც იწვევს ოპერაციის შემდეგ, ჩვენმა პაციენტმა კი, საკმაოდ სწრაფად გაიარა რეაბილიტაცია და დღეს ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს ცხოვრებას.

– რა არის ფლურესცენცია და რა შესაძლებლობები აქვს მას?

– ფლურესცენცია ანუ სპეციალური ხსნარი ოპერაციის დროს კეთდება ვენაში. სწორედ მისი წყალობით იღებება სიმსივნით დაზიანებულ უჯრედები სხვა ფერად, რომელთაც მოგვიანებით ლაპარასკოპის სპეციალური აპარატი ხედავს. მეტად საჭირო მეთოდი, საქრთველოს რამდენიმე კლინიკაშია დანერგილი და არა მხოლოდ სიმსივნურ უჯრედებს, ლიმფურ კვანძებს ხედავს, არამედ სისხლმომარაგებასაც აფასებას ნაწლავებს შორის გარკვეული უბნის ამოკვეთისას და შეერთებისას, რაც მაქსიმალურად გვიცავს გართულებისგან.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები