რაში გვეხმარება თვითდისციპლინა - 7 რჩევა ფსიქოლოგისგან

გადაცემის ლაივი LIVE

რაში გვეხმარება თვითდისციპლინა – ამ თემაზე მარტა ქარუმიძის გადაცემაში „7 რჩევა ფსიქოლოგისგან“ NLP ოსტატმა ანა არველაძემ ისაუბრა.

არისტოტელე ამბობდა: „თვითდისციპლინის საშუალებით იბადება თავისუფლება“. საინტერესოა რას გულისხმობდა ის?

იქნებ თავად არისტოტელემ თვითდისციპლინით მიაღწია თავისუფლებას, რომელზეც ის საუბრობს. იქნებ თავისუფლებაში იგულისხმება იმ ურთულესი ქიმიური პროცესებიდან განთავისუფლება, რომელსაც განვიცდით სხვადასხვა დაგეგმილი და განუხორციელებელი საქმეების გამო მოგვრილი შფოთვის დროს, იქნებ თვითდისციპლინაა მთავარი ფუნდამენტი წარმატების, სიმშვიდის და პროდუქტიულობის მოსაპოვებლად და ალბათ ამაში არაფერი იქნება გასაკვირი, რადგან თვითდისციპლინის დახმარებით თითქმის ყველაფერია შესაძლებელი. რა არის თვითდისციპლინა? რატომ თვლიან მოაზროვნეები, სწავლულები, ხელოვნებისა თუ სპორტის უდიდესი მოღვაწეები თვითდისციპლინას წარმატების მთავარ გარანტად, რა ფენომენი იმალება ამ ერთი შეხედვით ხისტი სიტყვის მიღმა?

სინამდვილეში თავად თვითდისციპლინა არის თავისუფლება-თავისუფლება სამყაროს უმნიშვნელოვანესი რესურსის, დროის კარგვისაგან და სწორედ იგი არის საკუთარი ქცევის კონტროლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მექანიზმი. როგორც პლატონი ბრძანებს – გამარჯვებათა შორის უდიდესი არის საკუთარ თავზე გამარჯვება! სწორედ თვითდისციპლინის დახმარებით შეგვიძლია გამოვიმუშავოთ ეგრეთ წოდებული ნებისყოფა, რომელიც შესაძლებელს გახდის მოკლევადიანი სიამოვნებების ნაცვლად ნაბიჯ-ნაბიჯ გავყვეთ საკუთარ მიზნებს და ოცნებებს, განვთავისუფლდეთ საკმაოდ მძიმე დანაშაულის განცდისაგან, რომელსაც ყოველთვის ვგრძნობთ მაშინ, როდესაც უმნიშვნელოვანეს მიზნებს ვცვლით რამდენიმე წუთიან გართობაში, არაჯანსაღი ცხოვრების წესში, მავნე ჩვევებში. ძალიან საინტერესოა, რომ თვითისციპლინა გვახსენებს ხშირად იმ დიად მიზნებს, რომლებსაც ვისახავთ ცხოვრების განმავლობაში.

რატომ არის ამდენად რთული საკუთარი ქცევების კონრტოლი?

სწორედ აქ იმალება უამრავი ფსიქოლოგიური თუ ბიოლოგიური ფაქტორი, რომლითაც ყველა ადამიანი გარკვეულწილად გავს ერთმანეთს, მაგრამ მთავარი ის არის, რომ თუ ერთმა მაინც შეძლო ნებისყოფის გამომჟღავნება და საკუთარი მიზნის ერთგულება, ამას შეძლებს ყველა დანარჩენი, თუ არ შეწყვეტს დაჟინებით მიზნისაკენ სვლას და ისწავლის როგორ გახდეს დისციპლინირებული. ცხადია, უკეთესია რაც უფრო ადრეულ ასაკში დავიწყებთ თვითდისციპლილის განვითარებაში წვრთნას, თუმცა სასიხარულოა ის ფაქტორი, რომ არასოდეს არის გვიან და ნებისმიერ ასაკში შეიძლება დავოსტატდეთ თვითდისციპლინაში.

ძალიან საინტერესოა ის ფაქტორი, რომ თვითდისციპლინა პირდაპირ კავშირშია თვითრეგულაციასთან. როგორც არაერთი საინტერესო კვლევა გვიჩვენებს, ზრდასრულ ადამიანს უფრო უმარტივდება საკუთარი ქცევების კონტროლი, ვიდრე მოზარდს და ყოველთვის,  როდესაც ნებისყოფაში სხვადასხვა გამოცდას ვუწყობთ საკუთარ თავს, გვახსოვდეს, რომ ყოველი მარცხის დროს ჩვენ არ ვიქცევით ისე, როგორც ზრდასრულები, არამედ ვიღებთ ბავშვურ გადაწყვეტილებებს, ვგრძნობთ ნაკლებ პასუხისმგებლობას, ვპოულობთ უამრავ მიზეზს და შედეგად განვიცდით დანაშაულის განცდას, რომელიც საკმაოდ ძლიერი მტერია ყოველი ახალი მიზნის დასახვის პროცესში, რადგან გვიყალიბდება შემზღუდავი რწმუნებულება „არ მაქვს საკმარისი ნებისყოფა“, ან „ვერასოდეს მიმყავს დაწყებული საკითხი ბოლომდე“, რაც დღითი-დღე გვიკარგავს საკუთარი იდეების რეალიზების სურვილს და გვხვდის არაპროდუქტიულს.

 

თვითდისციპლინისა და ნებისყოფის გასაუმჯობესებლად, არსებობს მრავალი უნივერსალური რჩევა, თუმცა ყველაზე მნიშნელოვანი:

1.გახსოვდეთ, რომ თვითდისციპლინის ჩვევად ქცევად სჭირდება დრო და შესაბამისად, არ მოითხოვოთ მომენტალური შედეგი.

2.როგორც მოზარდზე, ასევე ზრდასრულზე ბრწყინვალედ მოქმედებს წასახილების ფაქტორი – დაუწესეთ საკუთარ თავს მცირედი ჯილდო, მაგალითად სასურველი ფილმის ყურება იმ შემთხვევაში, თუ დღის გეგმას წარმატებით დაიცავთ და შეასრულებთ.

3.გააანალიზეთ ის ცდუნებები, რაც გიშლით ხელს მიზნის მიღწევაში – მაგალითად, თუ თქვენ მუშაობთ სამაგისტრო ნაშრომზე და ამ პროცესში სოციალური ქსელი გართმევთ მნიშვნელოვან და ძვირფას დროს, დააწესეთ მისი გამოყენების ლიმიტები. მაგალითად მხოლოდ ნახევარი საათით მიეცით თავს უფლება, სოციალური ქსელით სარგებლობის, მხოლოდ შესვენებების დროს.

4.დაითვალეთ დრო – ყველაზე დიდი სირთულე, რაც შეიძლება თვითდისციპლინის გამომუშავების პროცესში შეგხვდეთ, ეს არის არასწორი, არარეალური გეგმები დღის განმავლობაში. მომდევნო დღის დაგეგმვის პროცესში უნდა გაითვალისწინოთ კვებისათვის, ტრანსპორტირებისათვის, პრიორიტეტული გეგმების შესრულებისათვის განკუთვნილი დრო და მხოლოდ ამ ფაქტორების გათვალისწინებით დაამატოთ დღის განრიგს გარკვეული აქტივობები.

5.დაასრულეთ ნებისმიერი დაწყებული საკითხი ბოლომდე, დაიწყეთ მცირედით – მაგალითად, ყოველი აქტივობის შემდეგ, შეიქმენით რიტუალი ამ აქტივობის დასრულების. მაგალითად, თუ დაიწყებთ ფილმის ყურებას, აუცილებლად დაასრულეთ, თუ დაიწყებთ მცირე პროექტზე მუშაობას, გამოჰყავით მისთვის ყოველდღიურად განსაზღვრული დრო, მაგალითად არანაკლებ 1 საათი და არაუმეტეს 2 საათი და მკაცრად განსაზღვრეთ ამ პროექტის დასრულების ვადა.

6.მაქსიმალურად ერიდეთ საქმის გადადების ჩვევას – როგორც ცნობილი ამერიკელი ისტორიკოსი, ნორსქოუთ პარკინსონი აღნიშნავდა – საქმის გადადება მასზე უარის თქმის უმძიმესი გადაწყვეტილებაა და ეს სიმართლეა. პროკრასტინაცია საკმაოდ ძლიერი ინსტრუმენტია თვითდისციპლინის წინააღმდეგ.

7.გამოიყენეთ 10 წუთის დახმარება – ძალიან საინტერესო მეთოდი, რომელიც დაგეხმარებათ ემოციური გადაწყვეტილებების სისრულეში მოყვანამდე გონების რაციონალურ ნაწილს მისცეთ პროცესში ჩართვის უფლება, რაც აგაცილებთ არასწორ გადაწყვეტილებებს. მაგალითად, თუ თქვენ პრიორიტეტულ საკითხზე მუშაობის პროცესში გაგიჩნდათ მეგობრების მონახულების მწვავე სურვილი,  მანამ სანამ დაიწყებთ სურვილის აღსრულებისათვის ქმედებებს, აჩუქეთ საკუთარ თავს 10 წუთი და დიდი ალბათობით შესაძლებელს გახდის მარტივად გადალახოთ ცდუნება და განსაზღვრულ დროში დაასრულოთ პრიორიტეტულ საკითხზე მუშაობა.

თვითდისციპლინა შესაძლოა მარტივად იქცეს ჩვევად, რისი დახმარებითაც დამატებითი ძალისხმევის გარეშე შეძლებთ სასურველი მიზნების მიღწევას. მთავარია გახსოვდეთ, რომ როგორც კი თქვენ შეძლებთ საკუთარი ქმედებების მართვას, თქვენ შეძლებთ მართოთ თქვენი ცხოვრება!

გადაცემის აუდიოჩანაწერი